ხორავას ქუჩის საქმე

დავით სარალიძის განზრახ მკვლელობა ჯგუფურად მოხდა - სააპელაციომ გ.ჯ.-ს ბრალი დაუმძიმა

თბილისის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებით, დადგინდა, რომ არასრულწლოვანი დავით სარალიძე ჯგუფურად მოკლეს. მოსამართლეთა კოლეგიამ გ.ჯ.-ს ბრალი დაუმძიმა და სარალიძის მკვლელობის მცდელობის ნაცვლად, ჯგუფურად ჩადენილი განზრახ მკვლელობა დაუდგინა.

მეორე ინსტანციის სასამართლო ამბობს, რომ გ.ჯ.-მ 2017 წლის 1 დეკემბერს, ხორავას ქუჩაზე, დავით სარალიძე ჯგუფურად, დაუდგენელ სხვა პირთან ერთად მოკლა. მსჯავრდებულს 11 წლით და 3 თვით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა. აქამდე, გ.ჯ სასჯელს სარალიძის მკვლელობის მცდელობისთვის იხდიდა - მოზარდს  9 წლით და 9 თვით თავისუფლების აღკვეთა ჰქონდა მისჯილი.

საქმის კიდევ ერთი მონაწილე, გ.ბ. დავით სარალიძის მკვლელობაში უდანაშაულოდ მიიჩნია სააპელაციო სასამართლომაც, თუმცა დამნაშავედ ცნო ლევან დადუნაშვილის მკვლელობაში. ასეთივე გადაწყვეტილება ჰქონდა მიღებული საქალაქო სასამართლოსაც და მისი შინააარსი სააპელაციოს არ შეუცვლია, შეცვალა მხოლოდ სასჯელი (10 წელი და 6 თვე) და მასაც 11 წლითა და 3 თვით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა. სასამართლომ სანდოდ არ მიიჩნია მიხეილ კალანდიას ჩვენება, რომლის მიხედვითაც პროკურატურა ამტკიცებდა, რომ გ.ბ დავით სარალიძის მკვლელობაშიც არის დამნაშავე.

სააპელაციო სასამართლოში საქალაქო სასამართლოს განაჩენი გასაჩივრებული ჰქონდა როგორც ბრალდების, ასევე დაცვის მხარეს. სასამართლომ გამოიკვლია ორივე მხარის მტკიცებულებები და არ დააკმაყოფილა დაცვის მხარის, ხოლო ნაწილობრივ დააკმაყოფილა ბრალდების მხარის შუამდგომლობა.

გადაწყვეტილება მოსამართლეებმა მურმან ისაევმა, ვეფხია ლომიძემ და გოჩა ჯეირანაშვილმა მიიღეს.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან 1 თვის ვადაში, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში.

კომენტარები