მალხაზ მაჩალიკაშვილის საქმე

გოგაშვილი: გასაჯაროვდება სხვა მტკიცებულებებიც, მათ შორის სხვა ფარული ჩანაწერები

რუსთავი 2

სუს-ის უფროსის ყოფილმა მოადგილემ, სოსო გოგაშვილმა რუსთავი 2-ს ვრცელი ინტერვიუ მისცა.

მან მალხაზ მაჩალიკაშვილის საქმეზე, პანკისის სპეცოპერაციასა სუს-ის განცხადებებზე ისაუბრა, რომლის მიხედვითაც, მაჩალიკაშვილი გოგაშვილის აფეთქებას გეგმავდა სასაფლაოზე.

სოსო გოგაშვილმა თქვა, რომ ის აუცილებლად მისცემს ჩვენებას გამოძიებას, რის შემდეგაც ხმამაღლა ისაუბრებს საქმეში არსებულ იმ მტკიცებულებებზე, რომლებიც ჯერ არ გასაჯაროვებულა. ის ასევე დარწმუნებულია, რომ მაჩალიკაშვილებს კონკრეტული ადამიანები "ამუშავებენ".

"აქ საუბარი იყო ბავშვების, შვილების და შვილიშვილების ამოწყვეტაზე. აქ საუბარი იყო მთელი ოჯახის ამოწყვეტაზე.

მტკიცებულებები, რომლებიც გასაჯაროვდა...[შეიძლება საკმარისი არ არის], მაგრამ ხომ არსებობს სხვა მტკიცებულებებიც, დაკითხვები. გამოძიება გრძელდება.

ჩემთვის მნიშვნელოვანი არ არის, რომ მოხდეს ახლა ამ ადამიანის დაჭერა, ამ გამწარებული, როგორც თვითონ ამბობს შურისმაძიებელი ადამიანის დაჭერა. მე მინდა, რომ რამენაირად ის და თავისი ოჯახი რამენაირად დავაბრუნო იმ წერტილამდე, როდესაც მას დაუწყეს ჩაწვეთება, რომ გოგაშვილმა გააკეთა ეს. ის ადამიანი მიხვდეს, რომ მე დამნაშავე არ ვყოფილვარ, იქ არ ვყოფილვარ და არც ბრძანება არ გამიცია. ანუ ის დეზინფორმაცია, რაც მას თავში ჩაუდეს და დაიჯერა მან.

ქალბატონი მედიკო ამბობდა, რომ დამინახა იქ, მაგრამ აღწერილობას რას ამბობდა ჩემზე, როგორ მახასიათებდა. ამ ადამიანმა გარკვეული პერიოდის შემდეგ თქვა ის [რომ მე დამინახა მის სახლთან]. ეს ის პერიოდი იყო, როცა მასზე უკვე მუშაობდნენ კონკრეტული ადამიანები. მოვა დრო და მე ამ ყველაფერს ვიტყვი მას შემდეგ, რაც მივცემ ჩვენებას", - თქვა სუს-ის უოფილმა მაღალჩინოსანმა.

სოსო გოგაშვილის თქმით, მას სჯერა, რომ მაჩალიკაშვილი მართლაც გეგმავდა მის მოკვლას. სუს-ის უფროსის ყოფილი მოადგილე ამბობს, რომ ეს ინფორმაცია მან სუს-ის ბრიფინგიდან გაიგო, თუმცა, მისი ოჯახის წევრების მიმართ უსაფრთხოების ზომები ადრევე გააძლიერეს.

"რატომ არ უნდა მჯეროდეს, რომ მაჩალიკაშვილი ჩემს მოკვლას გეგმავდა. გასაჯაროვდა ეს ჩანაწერი, სადაც კონკრეტულად იძლევა დავალებას ეს ადამიანი, იძლევა კონკრეტულ დავალებას და ეუბნება თავის ძმისშვილს, რომ ეს არის ერთადერთი ადგილი - სასაფლაო, სადაც ჩვენ ესენი უნდა გავანადგუროთ. იქამდე მას ჰქონდა ღიად ნათქვამი, რომ შვილები და შვილიშვილები უნდა გავუნადგუროო. მიზანმიმართული დეზინფორმაცია, რაც მიდიოდა ვახა ტერლოევთან, ამან გამოიღო შედეგი და იმ ადამიანმა დაიჯერა, რომ ეს ჩემი გაცემული ბრძანება იყო, რომ იქ ვიყავი მე და რომ მისი შვილის ლიკვიდაციის ბრძანება მე გავეცი და ვიმყოფებოდი უშუალოდ მის ოჯახში, ეს დაიჯერა. მე მხოლოდ ვიცოდი, გამაფრთხილეს, უსაფრთხოების ზომები გაძლიერდა მე და ჩემი ოჯახის მიმართ და სასაფლაოზეც, რა თქმა უნდა, შეინიშნებოდა,“ - ამბობს გოგაშვილი.

მისივე თქმით, საქმის მასალებში, რომლებიც ჯერ არ გასაჯაროვებულა, შესაძლოა იყოს ფარული კადრებიც.

„თვითონ ამას ამბობს ვახაც, რომ ისინი იყვნენ ჩასულები ჩემს სოფელშიც და ადგენდნენ სასაფლაოს. გარდა მაგისა, უკვე რომ საჯარო გახდა, ეს ტელევიზიით და გასაჯაროვდა და რომ გაიგეს ჩემმა ახლობლებმა და ნახეს, მე ვთქვი, რომ ეს სოფელი არის შეკრული სოფელი, ყველა ყველას იცნობს და შემდეგ გაიხსენეს და აღიდგინეს ჩემმა სოფლელებმაც და მე რამდენიმე დღის წინ, როდესაც იქ ვიყავი, შემხვდნენ და მითხრეს, რომ იყო პიროვნება მოსული, რომელიც სასაფლაოს კითხულობდა, რომელიც უცხო იყო. ეს ყველაფერი დავაკავშირე ერთმანეთთან. აქედან გამომდინარე, ისინი იყვნენ ჩასულები, აქედან გამომდინარე, რადგან იყვნენ ჩასულები, აუცილებლად მტკიცებულებები იქნება ამის, დავუშვათ, გადაადგილება ანძებით.

იყო მითქმა-მოთქმა, რომ არ არის ეს ტერორისტული აქტი და შურისძიება უნდოდაო და რა მნიშვნელობა აქვს, ტერორისტული აქტი უფრო მძიმეა და ჩვეულებრივი მკვლელობა არ არის მძიმე? ადამიანის სიცოცხლეს ეხება ხომ ეს ყველაფერი. მე ძალიან ფრთხილი მინდა, ვიყო სიტყვებში. მე ვთქვი, რომ ის არის პოტენციური ტერორისტი იმიტომ, რომ მან დაგეგმა დანაშაული", - ამბობს გოგაშვილი.

თემირლან და მალხაზ მაჩალიკაშვილის საქმეები

2017 წლის 26 დეკემბერს, გამთენიისას პანკისის ხეობაში ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად სულ 5 ადამიანი დააკავეს, ერთ-ერთი ბრალდებული, თემირლან მაჩალიკაშვილი კი თავში მძიმედ დაიჭრა, რის შედეგადაც რამდენიმე დღეში საავადმყოფოში გარდაიცვალა. სპეცოპერაციის დღეს სუს-ში განაცხადეს, რომ მაჩალიკაშვილმა წინააღმდეგობის გაწევა და ხელყუმბარის მოქმედებაში მოყვანა სცადა. გარდაცვლილის ოჯახის წევრები კი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას სიცრუეს უწოდებენ. მათი თქმით, სახლში იარაღი არ აღმოუჩენიათ და დაკავებულს არც ხელყუმბარა ჰქონია. გარდა ამისა, მათი მტკიცებით, მაჩალიკაშვილს საძინებელში ესროლეს. მოგვიანებით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში თქვეს, რომ აქვთ ვიდეოკადრები, სადაც ჩანს, რომ ახმედ ჩატაევის დაჯგუფების წევრები თემირლან მაჩალიკაშვილთან ერთად გადაადგილდებიან.

პროკურატურამ 6 მაისს გაავრცელა განცხადება, სადაც თქვა, რომ თემირლან მაჩალიკაშვილის საქმის გამოძიება 2 თვეში დასრულდება.

მთელი ამ პერიოდის განმავლობაში მაჩალიკაშვილის მამა მალხაზ მაჩალიკაშვილი პარლამენტის შენობის წინ კარავში უწყვეტ აქციებს მართავდა მოთხოვნით, გამოეძიებინათ მისი შვილის საქმე. სწორედ ერთერთ აქციაზე, 2018 წლის მაისში მაჩალიკაშვილმა თქვა, რომ მასა და კიდევ 100 ადამიანს ფიცი ჰქონდა დადებული, რომლის თანახმადაც, მათ სუს-ის შენობაში თავები უნდა აეფეთქებინათ.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ცნობით, სწორედ ამ განცხადებაზე დაყრდნობით მათ 1 ივნისს გამოძიება დაიწყეს. გამოძიების დაწყებიდან თითქმის ერთი წლის თავზე, 7 მაისს სუს-ში ბრიფინგი გაიმართა, სადაც მაჩალიკაშვილი უწყებამ ტერორისტული აქტის გზით რამდენიმე პირის მკვლელობის ორგანიზებაში დაადანაშაულა.

უწყებამ მალხაზ მაჩალიკაშვილისა და მისი ძმისშვილის ფარული ჩანაწერი გამოაქვეყნა, სადაც დიალოგი ქისტურ ენაზე მიმდინარეობს. უწყების ცნობით, მაჩალიკაშვილი ტერორისტული აქტის ჩადენას დედოფლისწყაროს რაიონის სოფელ მაჩხაანში, სუს-ის უფროსის ყოფილი პირველი მოადგილის, იოსებ გოგაშვილის, მამის საფლავზე, იოსებ გოგაშვილისა და მისი თანმხლები პირების მისვლის დროს აპირებდა.

მალხაზ მაჩალიკაშვილი, რომელიც ბრალდებებს უარყოფს, 10 მაისს სუს-ში გამოკითხვაზე მივიდა, სადაც მას მოწმის სტატუსით 7 საათზე მეტხანს კითხავდნენ. გამოკითხვიდან გამოსულმა მაჩალიკაშვილმა თქვა, რომ სუს-ის მიერ გამოქვეყნებულ ჩანაწერს, სადაც საუბარი ქისტურ ენაზე მიმდინარეობს და ქართული თარგმანის ტიტრები ადევს, თარგმანის ხარვეზები აქვს.

კომენტარები