მალხაზ მაჩალიკაშვილის საქმე

გოგაშვილი: ენმ მაჩალიკაშვილს ჩემს სახელს აძახებინებდა, შვილმკვდარ მამას იყენებდნენ

რუსთავი 2

სუს-ის უფროსის ყოფილი მოადგილე, სოსო გოგაშვილი რუსთავი 2-თან ინტერვიუში ამბობს, რომ ნაციონალური მოძრაობა მალხაზ მაჩალიკაშვილს და მის ტრაგედიას ქართული ოცნების დისკრედიტაციისთვის იყენებს. 

გოგაშვილი ასევე მიიჩნევს, რომ სწორედ ენმ-ის წევრების გამოა, რომ მაჩალიკაშვილს ის ჰგონია მისი შვილის მკვლელობაში დამნაშავე და მათ გამო დაგეგმა მისი მოკვლაც. 

"ის პოლიტიკურ ძალასთან ასოცირდა. მაჩალიკაშვილს დაუდგა ერთ-ერთი პოლიტიკური ძალა გვერდში, ნაციონალური მოძრაობა და მე უბრალოდ ვთვლიდი, რომ ამ ადამიანს ისინი, სპეციალურად აძახებდნენ. შვილმკვდარ მამას იყენებდნენ ისინი. ის ადამიანი ამას რომ იძახდა, იქამდე სანამ შევიტყობდი, რომ ის მკვლელობას გეგმავდა ჩემსას, ის ადამიანი, როცა ჩემს სახელს იძახდა ანუ მე ვთვლიდი, რომ მას ამას ეუბნებოდნენ და ის ამ შეკვეთას ასრულებდა და იძახდა ამ სახელს იმიტომ, რომ იქამდე ნაციონალურ მოძრაობას და მის წევრებს და მასთან ასოცირებულ ადამიანებს ძალიან ბევრი ცილი დაუწამებია ჩემთვის, თვითონ ნაცმოძრაობის წევრებსაც და მათ ახლობლებს და მეგობრებსაც და მე ვთვლიდი, რომ ის ადამიანიც ამას აკეთებდა იქამდე, სანამ მე არ დავრწმუნდი იმაში, რომ მან დაიჯერა ეს და დაგეგმა ჩემი მოკვლა და ჩემი ოჯახის. იმ ადამიანს მართლა დააჯერეს, რომ მე ვიყავი ბრძანების გამცემი,“ - თქვა გოგაშვილმა რუსთავი 2-ის ეთერში. 

სუს-ის ყოფილი მაღალჩინოსნის თქმით, მალხაზ მაჩალიკაშვილმა დაიჯერა, რომ სპეცოპერაციაში მისი შვილის მკვლელობის ბრძანება მართლა გოგაშვილმა გასცა.

„ეს აწყობდა ოპოზიციურ პარტიას, რომ დისკრედიტაცია მოეხდინა ქართული ოცნების და მმართველობის იმიტომ, რომ მე ვიყავი ძალოვანი სტრუქტურის მაღალჩინოსანი და შემდეგ აღმოვჩნდი გადავედი პარტიაში. აქედან გამომდინარე, როდესაც ის ამას იძახდა, კიდევ ვიმეორებ, მე დავრწმუნდი, იქამდე მე ეჭვი მეპარებოდა, ვამბობდი, რომ ალბათ ამას იყენებენ და აყვირებენ ამ ადამიანს, მაგრამ როდესაც იმან გადაწყვიტა, რომ ამოვეწყვიტეთ მთელი ოჯახი სასაფლაოზე, მთელი ოჯახი შვილებით და შვილიშვილებით და თან ეს წინასწარაც გააკეთა, აფიშირება გააკეთა და განცხადება, რომ ის ამოწყვეტს ჩემს შვილებს და შვილიშვილებს გაანადგურებს, ამის შემდეგ მე ბოლომდე დავრწმუნდი იმაში, რომ ამ ადამიანს სჯერა, რომ ეს ასე. ამიტომ, მე მინდა, რომ ის ადამიანი დავარწმუნო, რომ ეს ასე არ ყოფილა,“ - თქვა გოგაშვილმა.

თემირლან და მალხაზ მაჩალიკაშვილის საქმეები

2017 წლის 26 დეკემბერს, გამთენიისას პანკისის ხეობაში ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად სულ 5 ადამიანი დააკავეს, ერთ-ერთი ბრალდებული, თემირლან მაჩალიკაშვილი კი თავში მძიმედ დაიჭრა, რის შედეგადაც რამდენიმე დღეში საავადმყოფოში გარდაიცვალა. სპეცოპერაციის დღეს სუს-ში განაცხადეს, რომ მაჩალიკაშვილმა წინააღმდეგობის გაწევა და ხელყუმბარის მოქმედებაში მოყვანა სცადა. გარდაცვლილის ოჯახის წევრები კი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას სიცრუეს უწოდებენ. მათი თქმით, სახლში იარაღი არ აღმოუჩენიათ და დაკავებულს არც ხელყუმბარა ჰქონია. გარდა ამისა, მათი მტკიცებით, მაჩალიკაშვილს საძინებელში ესროლეს. მოგვიანებით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში თქვეს, რომ აქვთ ვიდეოკადრები, სადაც ჩანს, რომ ახმედ ჩატაევის დაჯგუფების წევრები თემირლან მაჩალიკაშვილთან ერთად გადაადგილდებიან.

პროკურატურამ 6 მაისს გაავრცელა განცხადება, სადაც თქვა, რომ თემირლან მაჩალიკაშვილის საქმის გამოძიება 2 თვეში დასრულდება. 

მთელი ამ პერიოდის განმავლობაში მაჩალიკაშვილის მამა მალხაზ მაჩალიკაშვილი პარლამენტის შენობის წინ კარავში უწყვეტ აქციებს მართავდა მოთხოვნით, გამოეძიებინათ მისი შვილის საქმე. სწორედ ერთერთ აქციაზე, 2018 წლის მაისში მაჩალიკაშვილმა თქვა, რომ მასა და კიდევ 100 ადამიანს ფიცი ჰქონდა დადებული, რომლის თანახმადაც, მათ სუს-ის შენობაში თავები უნდა აეფეთქებინათ. 

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ცნობით, სწორედ ამ განცხადებაზე დაყრდნობით მათ 1 ივნისს გამოძიება დაიწყეს. გამოძიების დაწყებიდან თითქმის ერთი წლის თავზე, 7 მაისს სუს-ში ბრიფინგი გაიმართა, სადაც მაჩალიკაშვილი უწყებამ ტერორისტული აქტის გზით რამდენიმე პირის მკვლელობის ორგანიზებაში დაადანაშაულა. 

უწყებამ მალხაზ მაჩალიკაშვილისა და მისი ძმისშვილის ფარული ჩანაწერი გამოაქვეყნა, სადაც დიალოგი ქისტურ ენაზე მიმდინარეობს. უწყების ცნობით, მაჩალიკაშვილი ტერორისტული აქტის ჩადენას დედოფლისწყაროს რაიონის სოფელ მაჩხაანში, სუს-ის უფროსის ყოფილი პირველი მოადგილის, იოსებ გოგაშვილის, მამის საფლავზე, იოსებ გოგაშვილისა და მისი თანმხლები პირების მისვლის დროს აპირებდა.

მალხაზ მაჩალიკაშვილი, რომელიც ბრალდებებს უარყოფს, 10 მაისს სუს-ში გამოკითხვაზე მივიდა, სადაც მას მოწმის სტატუსით 7 საათზე მეტხანს კითხავდნენ. გამოკითხვიდან გამოსულმა მაჩალიკაშვილმა თქვა, რომ სუს-ის მიერ გამოქვეყნებულ ჩანაწერს, სადაც საუბარი ქისტურ ენაზე მიმდინარეობს და ქართული თარგმანის ტიტრები ადევს, თარგმანის ხარვეზები აქვს. 

კომენტარები