აშშ-ჩრდილოეთ კორეა

ჩრდილოეთ კორეამ აშშ-ს დაკავებული სატვირთო გემის დაუყოვნებლივ დაბრუნება მოსთხოვა

AFP

ჩრდილოეთ კორეამ აშშ-ს დაკავებული ჩრდილო კორეული სატვირთო გემის დაუყოვნებლივ დაბრუნება მოსთხოვა. მათ გემის დაკავებას "უკანონო ძარცვა" უწოდეს და თქვეს, რომ ეს ფაქტი არღვევს 2018 წლის სამიტზე დონალდ ტრამპთან მიღწეულ შეთანხმებას.

"ეს აქტი არის აშშ-ის სტილის გათვლის გაგრძელება, რაც გულისხმობს ჩვენი დამორჩილების მცდელობას მაქსიმალური ზეწოლის მეშვეობით. უდიდესი შეცდომაა იმის დაჯერება, რომ აშშ-ს ჩრდილოეთ კორეის ძალის მეშვეობით კონტროლი შეუძლია." ნათქვამია ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

გემი აშშ-მა გასულ კვირას ჩრდილოეთ კორეისათვის დაწესებული სანქციების დარღვევის გამო დააკავა.

გემს Wise Honest ჩრდილოეთ კორეიდან სხვა ქვეყნებში, ძირითადად ჩინეთში ქვანახშირი გადაჰქონდა. აშშ-ს და გაეროს მიაჩნიათ, რომ ჩრდილოეთ კორეა ქვანახშირის გაყიდვიდან შემოსულ თანხას ბირთვული და ბალისტიკური იარაღის განსავითარებლად იყენებს.

ჩრდილოეთ კორეას გემის დაკავების გასასაჩივრებლად 60 დღე აქვს. იმ შემთხვევაში, თუ ხომალდი აშშ-ის მფლობელობაში დარჩება, ვაშინგტონს მისი გაყიდვის უფლებაც ექნება.

აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტის განცხადების მიხედვით ეს მსგავსი გემის კონფისკაციის პირველი შემთხვევაა და ჩრდილოეთ კორეის მთავრობის წინააღმდეგ შემოღებული "მაქსიმალური ზეწოლის" კამპანიის ნაწილია. Wise Honest მეორე ყველაზე დიდი ჩრდილო კორეული სავაჭრო გემია. აშშ-ს მიაჩნია, რომ ის ჩრდილოეთ კორეაში მძიმე ტექნიკის  და სხვადასხვა დანადგარების შესატანადაც გამოიყენებოდა.

გემი თავდაპირველად ინდონეზიის საზღვაო ძალებმა დააკავეს და აშშ-ს გადასცეს.

შეგახსენებთ, რომ უკანასკნელი ორი კვირის განმავლობაში ჩრიდლოეთ კორეამ ორი სარაკეტო გამოცდა ჩაატარა. გასულ თვეს კი ჩრდილოეთ კორეამ ე.წ. ტაქტიკურად მართვადი იარაღი გამოსცადეს მას შემდეგ, რაც ვიეტნამში კიმ ჩენ ინისა და ტრამპის სამიტი წარუმატებლად დასრულდა.

ვიეტნამში გამართული სამიტი, სადაც მხარეები ნახევარკუნძულის დენუკლერიზაციისაკენ გადასადგმელ კონკრეტულ ნაბიჯებზე უნდა შეთანხმებულიყვნენ უშედეგოდ დასრულდა. აშშ-ის თქმით მოლაპარაკებების წარუმატებლობის მიზეზი ის იყო, რომ ჩრდილოეთ კორეა სანქციების სრულად მოხსნას ითხოვდა. ტრამპის თქმით, ამისათვის მათ საკმარისი პროგრესი არ უჩვენებიათ.

სატელიტურ სურათებზე დაყრდნობით ვარაუდობენ, რომ ქვეყანაში არსებულ საკვლევ ცენტრებში ბირთვულ იარაღზე მუშაობა კვლავ გრძელდება.

კომენტარები