აშშ-ჩრდილოეთ კორეა

დაწესებული სანქციების დარღვევის გამო აშშ-მა ჩრდილოეთ კორეული სატვირთო გემი დააკავა

AP

აშშ-მა დააკავა ჩრდილოეთ კორეული სატვირთო გემი, რომელიც აშშ-ს მიერ ქვეყნისათვის დაწესებულ სანქციებს არღვევდა.

გემს Wise Honest ჩრდილოეთ კორეიდან სხვა ქვეყნებში, ძირითადად ჩინეთში ქვანახშირი გადაჰქონდა. აშშ-ს და გაეროს მიაჩნიათ, რომ ჩრდილოეთ კორეა ქვანახშირის გაყიდვიდან შემოსულ თანხას ბირთვული და ბალისტიკური იარაღის განსავითარებლად იყენებს.

აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტის განცხადების მიხედვით ეს მსგავსი გემის კონფისკაციის პირველი შემთხვევაა და ჩრდილოეთ კორეის მთავრობის წინააღმდეგ შემოღებული "მაქსიმალური ზეწოლის" კამპანიის ნაწილია. Wise Honest მეორე ყველაზე დიდი ჩრდილო კორეული სავაჭრო გემია. აშშ-ს მიაჩნია, რომ ის ჩრდილოეთ კორეაში მძიმე ტექნიკის  და სხვადასხვა დანადგარების შესატანადაც გამოიყენებოდა.

გემი თავდაპირველად ინდონეზიის საზღვაო ძალებმა დააკავეს და აშშ-ს გადასცეს.

აშშ-ში უარყოფენ, რომ ამას რაიმე კავშირი აქვს ჩრდილოეთ კორეაში რაკეტების გამოცდის ხელახლა გააქტიურებასთან.

შეგახსენებთ, რომ სამხრეთ კორეის შეიარაღებული ძალების ინფორმაციით გუშინ ჩრდილოეთ კორეამ სულ მცირე ერთი ჯერ-ჯერობით უცნობი ტიპის რაკეტა გამოსცადა.

ეს ბოლო 5 დღის მანძილზე ჩრდილოეთ კორეის მხრიდან იარაღის გამოცდის მეორე შემთხვევაა.

რაკეტის გამოცდამდე რამდენიმე საათით ადრე ჩრდილოეთ კორეის სახელმწიფო მედიაში შაბათს გაშვებულ მცირე რადიუსის ბალისტიკურ რაკეტებზე საუბრობდნენ და ამას თავდაცვითი სამხედრო წვრთნა უწოდეს.

აღნიშნულ შემთხვევას აშშ-ს პრეზიდენტი Twitter-ზე გამოეხმაურა - "ამ ძალიან საინტერესო სამყაროში ყველაფერია შესაძლებელი, თუმცა მჯერა, რომ კიმ ჩენ ინი სრულიად იაზრებს ჩრდილოეთ კორეის უდიდეს ეკონომიკურ პოტენციალს და არაფერს ისეთს გააკეთებს, რაც ამას ხელს შეუშლის ან დაასრულებს. მან ასევე იც, რომ მე მასთან ვარ და არ მინდა ჩემთვის მოცემული დაარღვიოს. შეთანხმება მიიღწევა!“

თეთრი სახლის სპიკერმა სარა სანდერსმა განაცხადა, რომ იციან ჩრდილოეთ კორეის ქმედებების შესახებ და მონიტორინგს აგრძელებენ.

გასულ თვეს კი ჩრდილოეთ კორეამ ე.წ. ტაქტიკურად მართვადი იარაღი გამოსცადეს მას შემდეგ, რაც ვიეტნამში კიმ ჩენ ინისა და ტრამპის სამიტი წარუმატებლად დასრულდა.

ვიეტნამში გამართული სამიტი, სადაც მხარეები ნახევარკუნძულის დენუკლერიზაციისაკენ გადასადგმელ კონკრეტულ ნაბიჯებზე უნდა შეთანხმებულიყვნენ უშედეგოდ დასრულდა. აშშ-ის თქმით მოლაპარაკებების წარუმატებლობის მიზეზი ის იყო, რომ ჩრდილოეთ კორეა სანქციების სრულად მოხსნას ითხოვდა. ტრამპის თქმით, ამისათვის მათ საკმარისი პროგრესი არ უჩვენებიათ.

სატელიტურ სურათებზე დაყრდნობით ვარაუდობენ, რომ ქვეყანაში არსებულ საკვლევ ცენტრებში ბირთვულ იარაღზე მუშაობა კვლავ გრძელდება.

კომენტარები