შუალედური არჩევნები

ბობოხიძე: ენმ-მ ევროპულ საქართველოსთან საარჩევნო შეთანხმება დაარღვია

ევროპული საქართველოს წევრი აკაკი ბობოხიძე ერთიან ნაციონალურ მოძრაობას საარჩევნო შეთანხმების დარღვევაში ადანაშაულებს. ბობოხიძე ამბობს, რომ შეთანხმების მიხედვით, შუალედურ არჩევნებზე 7 საარჩევნო ერთეულში ენმ-ს უნდა დაეყენებინა კანდიდატი, 6-ში კი ევროპულ საქართველოს. ბობოხიძის თქმითვე, ეს შეთანხმება ენმ-მ ჯერ მარნეულში, შემდეგ კი ჭიათურაში დაარღვია. 

„ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლების შეცვლა საზოგადოების და დემოკრატიული ოპოზიციის საერთო ამოცანაა. საპრეზიდენტო არჩევნების პირველმა ტურმა აჩვენა, რომ ეს ამოცანა განხორციელებადია. სწორედ ამის გამოა აუცილებელი 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის პროდასავლურ ოპოზიციურ ძალებს შორის კოორდინირებული მუშაობა. ამიტომ მივმართეთ ერთიან ნაციონალურ მოძრაობას 19 მაისის შუალედური არჩევნებზე კოორდინირებული მუშაობის წინადადებით და მივაღწიეთ შეთანხმებას, რომ შუალედურ არჩევნებზე 7 საარჩევნო ერთეულში ენმს და 6 საარჩევნო ერთეულში ევროპული საქართველოს შერჩეულ კანდიდატებს დავუჭერდით მხარს. სამწუხაროდ, ეს შეთანხმება ენმს ხელმძღვანელობამ ჯერ მარნეულში ხოლო შემდგომ ჭიათურაში დაარღვია. ამის მიუხედავად ჩვენ არ ვაპირებთ ამ შეთანხმების დარღვევას და მოვუწოდებთ ევროპული საქართველოს ამომრჩეველს, (ისევე როგორც საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში) სრულად დავუჭიროთ მხარი შეთანხმებულ კანდიდატებს. ასევე იმედი გვაქვს, ნაციონალური მოძრაობის ამომრჩეველთა მხარდაჭერის ბიძინა ივანიშვილის რეჟიმის წინააღმდეგ ჩვენს საერთო ბრძოლაში," - თქვა ბობოხიძემ.

შუალედური არჩევნები საქართველოში 19 მაისს გაიმართება. 

კომენტარები