საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ თბილისის საქალაქო სასამართლოს მიმართა და გაასაჩივრა ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2022 წლის 12 აგვისტოს განკარგულება, რომლითაც საარჩევნო ადმინისტრაციამ სენაკის მუნიციპალიტეტის 64.04 მაჟორიტარულ ოლქში შუალედური არჩევნები დანიშნა. საია ცესკოს განკარგულების ბათილობას ითხოვს.
გასაჩივრებულ განკარგულებაში ცესკომ არჩევნების დანიშვნის საფუძვლად მიუთითა ის ფაქტი, რომ ნაციონალური მოძრაობიდან საკრებულოს მაჟორიტარ წევრს, ვახტანგ წურწუმიას 2022 წლის 31 მაისიდან ვადაზე ადრე შეუწყდა საკრებულოს წევრის უფლებამოსილება.
საია მიიჩნევს, რომ სენაკში საკრებულოს შუალედური არჩევნების დანიშვნა კანონს არ შეესაბამება, რადგან საკრებულო უკვე 6 თვეზე მეტია არ შეკრებილა, რის გამოც მისი უფლებამოსილების შეწყვეტის უპირობო საფუძველი და შესაბამისად, მუნიციპალიტეტში რიგგარეშე არჩევნების დანიშვნის წინაპირობები არსებობს.
"სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულო ბოლოს 2021 წლის 17 დეკემბერს შეიკრიბა. ამ თარიღის შემდეგ იყო სხდომის ჩატარების 10-ზე მეტი მცდელობა, თუმცა ისინი, კვორუმის არარსებობის გამო, ვერ გაიმართა. მიმდინარე წლის 9 თებერვალს სენაკის საკრებულოს 16 დეპუტატი, პარტია გახარია საქართველოსთვის და ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან, შეიკრიბა საკრებულოს სხდომათა დარბაზში. მიუხედავად იმისა, რომ სხდომის გახსნის კვორუმი არ ჰქონდათ (ამისთვის საჭირო იყო 17 დეპუტატის რეგისტრაცია), მათ ჩათვალეს, რომ ისევ მოქმედებდა 2021 წლის 3 დეკემბრის კვორუმი და სხდომა უფლებამოსილი იყო, მიეღო გადაწყვეტილებები; ამ მოტივაციაზე დაყრდნობით, დეპუტატებმა ცნეს დამატებით ერთი წევრის (პროპორციული წესით არჩეული დეპუტატის ადგილმონაცვლე, გახარია საქართველოსთვის პარტიიდან) უფლებამოსილება, აგრეთვე გადაირჩიეს დროებითი ხმის დამთვლელი და სამანდატო კომისიები. ამავე შემადგენლობამ, 23 თებერვალს საკრებულოს თავმჯდომარეც აირჩია. აღნიშნული გადაწყვეტილებები პარტია ქართულმა ოცნებამ სენაკის რაიონულ სასამართლოში გაასაჩივრა. მოსარჩელის შუამდგომლობის საფუძველზე, ამ გადაწყვეტილებების მოქმედება სასამართლომ შეაჩერა. ამჟამად საქმე კვლავ სასამართლო განხილვაშია, ხოლო სენაკის საკრებულოს სხდომის ჩატარება 23 თებერვლის შემდეგ აღარ უცდია". – ნათქვამია საიას განცხადებაში.
სენაკის საკრებულო ერთ-ერთია იმ ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებიდან, სადაც არჩევნების შედეგების მიხედვით, ვერც ერთმა პარტიამ დამოუკიდებლად უმრავლესობა ვერ მოიპოვა, ხოლო იქ წარმოდგენილ პოლიტიკურ ძალებს შორის კონსენსუსის არარსებობის გამო ფუნქციონირება ვერ დაიწყო.
"როგორც აღმოჩნდა, მხოლოდ სენაკის საკრებულოში წარმოდგენილ პარტიებს შორის ვერ მოინახა სივრცე იმ საწყისი კონსენსუსისთვის, რომელიც მხოლოდ სხდომაზე მისვლას მოიაზრებდა. ამ მუნიციპალიტეტში, ბათუმისგან განსხვავებით, ქართული ოცნების პარტიის წევრები უცხადებდნენ ბოიკოტს სხდომებს, რის გამოც სხვა პარტიები სხდომის გახსნის კვორუმს ვერ აგროვებდნენ. ეს მდგომარეობა თავდაპირველად გამოიწვია იმან, რომ პარტია საქართველოსთვის 1-მა წევრმა დეკემბერშივე უარი თქვა მანდატზე. შედეგად, მისი ადგილმონაცვლის დამტკიცებამდე, ოპოზიციის წარმომადგენლობა საკრებულოში შემცირდა იმ ოდენობამდე, რაც საკმარისი არ იყო სხდომის გახსნისთვის. სწორედ ამ ვითარებით ისარგებლა ქართულმა ოცნებამ და ბოიკოტი გამოუცხადა სხდომებს. ბოლო სხდომა, რომელსაც ქართული ოცნების დეპუტატები ესწრებოდნენ, სწორედ 17 დეკემბერს გაიმართა". – ნათქვამია ორგანიზაციის განცხადებაში.
ამასთან, აღსანიშნავია, რომ მიმდინარე წლის მაისში პარლამენტმა ცვლილებები შეიტანა ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსში, რომლის გარდამავალი რეგულირებით, ბათუმისა და სენაკის საკრებულოებში სხდომის გახსნასთან დაკავშირებული კვორუმის პრობლემა იხსნებოდა იმით, რომ საკრებულოს წევრებად ავტომატურად ჩაითვლებოდნენ საარჩევნო კომისიის სამართლებრივი აქტით ასეთად ცნობილი პირები. ამის მიუხედავად, სენაკის საკრებულომ მაინც ვერ შეძლო შეკრება, ვინაიდან საკანონმდებლო ცვლილებებიდან რამდენიმე დღეში საკრებულოს ერთ-ერთმა მაჟორიტარმა წევრმა, ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“, მანდატი დატოვა. ამ ფაქტმა სწორედ ის გადამწყვეტი 1 დეპუტატი წაართვა სენაკის საკრებულოს ოპოზიციურ ფლანგს, რომლის დასწრების შემთხვევაში ეს ორგანო შეკრებას, შემდეგ კი ფუნქციონირების დაწყებას მოახერხებდა.
საია მიიჩნევს, რომ 9 და 23 თებერვლის სხდომები სათანადო კვორუმის არარსებობის გამო ლეგიტიმური არ იყო, რის გამოც დეპუტატთა შეკრება საკრებულოს სხდომად ვერ ჩაითვლებოდა. შესაბამისად, სენაკის საკრებულოს 2022 წლის 17 ივნისიდან უფლებამოსილება უნდა შეწყვეტოდა (6 თვე ბოლო, 17 დეკემბრის შეკრებიდან).
"ამდენად, ამ თარიღიდან ავტომატურად გაჩნდა საკრებულოს უფლებამოსილების შეწყვეტის საფუძველი, რის შემდეგაც მთავრობა ვალდებული იყო გამოეცა სამართლებრივი აქტი ამ მუნიციპალიტეტში პირდაპირი სახელმწიფო მმართველობის შემოღების შესახებ. ეს გარემოება კი, თავის მხრივ, არის ამ მუნიციპალიტეტში რიგგარეშე არჩევნების ჩატარების წინაპირობა, რომელიც, კანონის მიხედვით, 2023 წლის აპრილში უნდა გაიმართოს". – ნათქვამია საიას განცხადებაში.
ორგანიზაციის აზრით, 6 თვის განმავლობაში სენაკის საკრებულოს არ შეკრება უკვე არის ავტომატური საფუძველი ამ საკრებულოს უფლებამოსილების შეწყვეტისათვის, ხოლო ცესკოს მიერ არალეგიტიმური ორგანოს შემადგენლობის შესავსებად შუალედური არჩევნების დანიშვნა კანონს არ შეესაბამება.
პირველ ოქტომბერს სენაკში მუნიციპალიტეტის საკრებულოს შუალედური არჩევნები გაიმართება. არჩევნები საკრებულოში ერთიანი ნაციონალური მოძრაობის დეპუტატის, ვახტანგ წურწუმიას ადგილზე ახალი წევრის ასარჩევად ტარდება. წურწუმიას საკრებულოს წევრის უფლებამოსილება საკუთარი მოთხოვნით 31 მაისს შეუწყდა.
წურწუმიას მიერ საკრებულოსთვის უფლებამოსილების შეწყვეტის მოთხოვნით მიმართვის შემდეგ ენმ-ში ამბობდნენ, რომ ვახტანგ წურწუმიაზე საკრებულოს დატოვების მიზნით ქართული ოცნების მხრიდან ზეწოლა, დაშინება და მოსყიდვა მიმდინარეობდა.
სენაკში შუალედური არჩევნები მაჟორიტარული საარჩევნო სისტემით №64.04 ადგილობრივ მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში, მხოლოდ სამ საარჩევნო უბანზე ჩატარდება.
ოპოზიცია მიიჩნევს, რომ მხოლოდ ერთ მაჟორიტარულ ოლქში არჩევნების დანიშვნა უკანონოა. პარტია საქართველოსთვის წევრის, ბერდია სიჭინავას თქმით, სენაკის საკრებულო არ შეკრებილა და ცნობად არ მიუღია საკრებულოს წევრის, ვახტანგ წურწუმიას უფლებამოსილების შეწყვეტის შესახებ შესაბამისი განაცხადი. ამასთან, საკითხი არ გაფორმებულა საკრებულოს სხდომის საოქმო ჩანაწერით მაშინ, როდესაც ამას პირდაპირ ავალდებულებს თვითმმართველობის კოდექსი (მუხლი 43; პუნქტი 3).
სენაკში შუალედური არჩევნების დანიშვნის ამგვარ შეფასებას გამოეხმაურა ცენტრალური საარჩევნო კომისიაც. ცესკო აცხადებს, რომ სენაკში არჩევნების დანიშვნა საარჩევნო ადმინისტრაციის მიმართ ზეწოლის, უსაფუძვლო ბრალდებების და მუქარის საბაბი ხდება, ხოლო პარტიას საქართველოსთვის დისკრედიტაციულ კამპანიასთან შეერთებაში ადანაშაულებს.