ქართული ოცნების თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ 29 აპრილს ჩატარებული შუალედური და რიგგარეშე არჩევნები შეაჯამა. ამომრჩევლები ირჩევდნენ საქართველოს პარლამენტში ფოთი-სენაკი-ხობის მაჟორიტარ დეპუტატს, გურჯაანის, თიანეთის, ახალციხის, ტყიბულის, ქუთაისის საკრებულოების მაჟორიტარ დეპუტატებს, ასევე ცაგერისა და თერჯოლის მერებს.
კობახიძემ ხაზი გაუსვა, რომ შუალედურ არჩევნებში "რადიკალურმა ოპოზიციამ" ვერცერთ ოლქში ვერ გაბედა კანდიდატურის დაყენება, რაც იმის დასტურია, რომ "ქართული ოცნების მაღალ და საკუთარ დაბალ რეიტინგს კარგად აცნობიერებენ".
"ყველა საარჩევნო ოლქში ქართულმა ოცნებამ გააუმჯობესა 2021 წლის მუნიციპალურ არჩევნებში მიღებული შედეგები, კერძოდ, ფოთი, ხობი, სენაკის საარჩევნო ოლქში ჩვენმა კანდიდატმა მიიღო 27 000-ზე მეტი ხმა, როდესაც 2021 წელს მივიღეთ 23 000 ხმა. თერჯოლის მუნიციპალიტეტში ჩვენმა კანდიდატმა მიიღო 11 500 ხმა, როდესაც 2021 წელს მივიღეთ 9 000 ხმა.
ცაგერის მუნიციპალიტეტში ჩვენმა კანდიდატმა მიიღო 4 500 ხმა, როცა 2021 წლის არჩევნების შედეგი იყო 3 200 ხმა. ქუთაისში ჩვენმა კანდიდატმა მიიღო 5 300-ზე მეტი ხმა, როდესაც 2021 წელს მივიღეთ 3 600 ხმა. ტყიბულში ჩვენა კანდიდატმა მიიღო 1 500 ხმა, როდესაც 2021 წელს მივიღეთ 1 300-ზე ნაკლები ხმა.
გურჯაანში ჩვენმა კანდიდატმა მიიღო 1 350 ხმა, როდესაც 2021 წელს მივიღეთ 1 000 ხმა, ახალციხეში ჩვენმა კანდიდატმა მიიღო 450-ზე მეტი ხმა, როდესაც 2012 წელს მივიღეთ 300 ხმა. თიანეთში ჩვენმა კანდიდატმა მიიღო 350 ხმა, როდესაც 2021 წლის შედეგი იყო 150 ხმა.
ვულოცავ გიორგი ხახუბიას პარლამენტის წევრად არჩევას, მანუჩარ რობაქიძეს თერჯოლის მერად არჩევას. ლევან ზალკალიანს ცაგერის მერად არჩევას, მიხეილ გიორგაძეს ქუთაისის საკრებულოს წევრად, გიორგი კერესელიძეს ტყიბულის საკრებულოს წევრად, ზურაბ მუხულიშვილის გურჯაანის საკრებულოს წევრად, როინ ნებაძეს ახალციხის საკრებულოს წევრად არჩევას, ხოლო იოსებ მათურელს თიანეთის საკრებულოს წევრად არჩევას". – თქვა ირაკლი კობახიძემ.
ცესკოს განცხადებით, ეს პირველი არჩევნებია, რომელზედაც საარჩევნო ადმინისტრაციამ ელექტრონული ტექნოლოგიები ფართო მასშტაბით გამოიყენა. ცენტრალური საარჩევნო კომისია იმავე სისტემით გეგმავს 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების ჩატარებასაც.
IRI: საქართველოში ყოველ მესამეს არ სჯერა, რომ ცესკოს სანდო არჩევნების ჩატარება შეუძლია
შეგახსენებთ, რომ საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI-ის) კვლევის თანახმად, მოსახლეობის მხოლოდ 15%-ს სჯერა დარწმუნებით, რომ ცესკოს სამართლიანი არჩევნების ჩატარება შეუძლია, 33% კი ნაწილობრივ დარწმუნებულია. ამავე კითხვაზე 33% პასუხობს, რომ "საერთოდ არ არის დარწმუნებული", ხოლო 17% "მცირედ დარწმუნებულია".