მიხეილ სააკაშვილი

სააკაშვილი უკრაინაში დაბრუნებაზე: ცოტას კიდევ მოვითმენ

მიხეილ სააკაშვილი გადაცემაში Чернівецький промінь

საქართველოს ექსპრეზიდენტი და ოდესის ოლქის ექსგუბერნატორი მიხეილ სააკაშვილი ამბობს, რომ ის მზად არის კიდევ ცოტაც მოითმინოს უკრაინაში დასაბრუნებლად. 

ამის შესახებ მან Facebook-ზე უკრაინის სასაზღვრო პოლიციის განცხადების პასუხად დაწერა, რომელშიც ეწერა, რომ სააკაშვილს უკრაინაში შესვლის უფლება არ აქვსს. 

"სანამ პოროშენკოა პრეზიდენტი, მე სასაზღვრო სამსახურისგან სხვა პასუხს არც ველოდი. არაუშავს, კიდევ ცოტასაც მოვითმენ ამდენთვიანი ლოდინის შემდეგ,"- წერს სააკაშვილი.

მას შემდეგ, რაც უკრაინის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში ვოლოდიმირ ზელენსკიმ გაიმარჯვა, სააკაშვილმა უკრაინაში დაბრუნება გადაწყვიტა, რადგან ზელენსკის გაცხადებული აქვს, რომ ისეთი გამოცდილების მქონე ადამიანის უკრაინაში ყოფნა, როგორიც სააკაშვილია, მისთვის მისაღებია. 

სააკაშვილმა უკრაინის უსაფრთხოებისა და სასაზღვრო სამსახურების უფროსებს განცხადებით მიმართა და მოუწოდა, უკან წაეღოთ აკრძალვა, რომლის მიხედვითაც მას უკრაინაში შესვლის უფლება არ აქვს. 

რაზეც უკრაინის სასაზღვრო სამსახურმა ასევე ოფიციალური განცხადებით უპასუხა და ქვეყანაში მის შეშვებაზე უარი თქვა: 

"აღნიშნულმა პირმა 2017 წლის სექტემბერში უკანონოდ გადმოკვეთა საზღვარი პოლონეთიდან უკრაინაში, რაც ადგილობრივი და სააპელაციო სასამართლოების გადაწყვეტილებით დასტურდება,"- ნათქვამია განცხადებაში. 

პეტრო პოროშენკომ მიხეილ სააკაშვილს უკრაინის მოქალაქეობა 2015 წლის მაისში მიანიჭა, რა დროსაც, საქართველოს მოქალაქეობა დაკარგა. ის მალევე ოდესის გუბერნატორად დაინიშნა. 2016 წლის ნოემბერში სააკაშვილმა თანამდებობა დატოვა და პეტრო პოროშენკოს ოპოზიციაში გადავიდა. 

10 სექტემბერს, მოქალაქეობის დაბრუნების მოთხოვნით, მიხეილ სააკაშვილმა უკრაინის საზღვარი მხარდამჭერებთან და უკრაინის ყველაზე რეიტინგულ ოპოზიციურ პოლიტიკოსთან იულია ტიმოშენკოსთან ერთად გაარღვია.

მიხეილ სააკაშვილი უკრაინაში 2018 წლის თებერვალში დააკავეს. უკრაინული მედიის ცნობით, სააკაშვილი საემიგრაციო სამსახურის მოთხოვნით დააკავეს და კიევიდან პოლონეთის მიმართულებით გაამგზავრეს. 

კომენტარები