რუსეთი

რუსეთში დააკავეს პირები, ვინც სტალინის საფლავისთვის პატივის მიგებას აპროტესტებდნენ [Video]

რუსეთში დააკავეს ორი ადამიანი, რომლემბაც წითელ მოედნაზე სტალინის გარდაცვალების წლისთავზე მისთვის პატივის მიგება გააპროტესტეს.

სტალინის სიკვდილიდან 66 წლის შემდეგ მოსკოვში, წითელ მოედანზე, სადაც ის არის დაკრძალული, ასობით ადამიანი მივიდა პატივის მისაგებად. მათ ყვავილებიც მიიტანეს.

ორმა ახალგაზრდა აქტივისტმა კი დიქტატორის გარდაცვალების აღნიშვნა და მისი საფლავისთვის პატივის მიგება გააპროტესტა:

"ჯოჯოხეთში დაიწვები, ჯალათო, ქალებისა და ბავშვების მკვლელო." "სირცხვილი ჯალათს." ამ შეძახილებით მოედანზე ევგენი სუჩოვი და ოლგა სავჩენკო მივიდნენ. ორივე მათგანი პოლიციამ დააკავა.

ისინი ჯარიმის დაკისრების შემდეგ გაათავისუფლეს.

სუჩოვი დეკომუნიზაციის მოძრაობის წევრია, რომელიც რუსეთში კომუნისტური სიმბოლოების აღების და პოლიტიკური ტერორის არქივების გახსნისათვის იბრძვის.

მისი თქმით, არ სურს იყოს ბოროტებისათვის პატივის მიგების უნებური მონაწილე, ხოლო სავჩენკო ყვება, რომ მისი დიდი ბაბუა 1937 წელს დახვრიტეს.

აღსანიშნავია, რომ მას შემდეგ, რაც რუსეთის პრეზიდენტის პოსტი ვლადიმირ პუტინმა დაიკავა, სტალინი პოპულარობა გაიზარდა. გამოკითხვების მიხედვით რუსების 25%-ს მიაჩნია, რომ სტალინური ტერორის კამპანია, რომელსაც 20 მილიონზე მეტი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა, ისტორიულად გამართლებულია. გასულ წელს გამოქვეყნებული გამოკითხვის შედეგად კი გაირკვა, რომ 18-დან 24-წლამდე ასაკის რუსების ნახევარმა არაფერი იცის სტალინური რეპრესიების შესახებ, რადგან ეს საკითხი სკოლებში არ ისწავლება.

გასულ წელს რუსეთის კულტურის მინისტრმა ქვეყანაში ბრიტანული კომედიური ჟანრის ფილმის "სტალინის სიკვდილის" ჩვენება აკრძალა.

ამავე წლის ივნისში რუსეთში Levada Centre-ის მიერ ჩატარებულ გამოკითხვაში იმის შესახებ, თუ ვინ არის "ყველა ერის და დროის ყველაზე დიდი პიროვნება" პირველი ადგილი სტალინმა დაიკავა, მეორე პუტინმა, ხოლო მესამე პუშკინმა.

ცენტრის წარმომადგენლის თქმით სტალინის პოპულარობა განსაკუთრებით ყირიმის ანექსიის შემდეგ გაიზარდა.

"ეს დამთხვევა არ არის. [ყირიმის] მოვლენები ხალხმა ქვეყნის დიდების აღდგენის ნიშნად მიიღო - იმ დიდების, რომელიც ბევრის აზრით სტალინის მმართველობის დროს შეიქმნა და საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ დაიკარგა," - თქვა დენის ვოლკოვმა RBC-სთან ინტერვიუში.

თავად პუტინმა რუსულ სოციალურ მედიაში გავრცელებულ დოკუმენტურ ფილმში სახელწოდებით "პუტინი" ანდრეი კონდრაშოვთან ინტერვიუში აღნიშნა, რომ მისი ბაბუა, სპირიდონ პუტინი ლენინის და სტალინის მზარეული იყო.

პუტინს ასევე ნათქვამი აქვს, რომ კომუნისტური იდეოლოგია ქრისტიანობას ჰგავს. "თავისუფლება, თანასწორობა, ძმობა, სამართლიანობა - ეს ყველაფერი წერია წმინდა წერილში. და კომუნიზმის კოდოქსი? ეს უბრალოდ ბიბლიის პრიმიტიული ფორმაა, არაფერი ახალი არ მოუფიქრებიათ." თქვა მან.

კომენტარები