ვიეტნამი

ვიეტნამის კომუნისტურმა პარტიამ აკადემიკოსი Facebook-ის პოსტების გამო პარტიიდან გააძევა

Reuters

ვიეტნამის მმართველმა კომუნისტურმა პარტიამ აკადემიკოსი Facebook-ში დაწერილი პარტიისადმი კრიტიკული კომენტარების გამო გააძევა.

დანანგის ინსტიტუტის სოციო-ეკონომიკური განვითარების დეპარტამენტის უფროსის მოადგილის, თრან დუქ ან სონის პარტიიდან გაძევებას მთავრობა შემდეგნაირად ხსნის - "Facebook პოსტები არ შეესაბამებოდა სიმართლეს და ეწინააღმდეგებოდა პარტიის ხედვას, სახელმწიფო პოლიტიკას და კანონებს."

ვიეტნამი სხვა სახელმწიფოებთან ერთად დიდი ხანია, რაც ჩინეთთან საზღვაო დავაში არის ჩართული. სონი სამხრეთ ჩინეთის ზღვის კრიზისზე რბილი მიდგომისთვის აკრიტიკებდა მთვარობას.

"თრან დუქ ან სონის ქმედება სერიოზულია, რადგან უარყოფით საზოგადოებრივ აზრს აყალიბებს და პარტიის პრესტიჟს აზიანებს" - ვკითხულობთ მთავრობის განცხადებაში.

4 თვის წინ პარტიამ საჯაროდ გააკრიტიკა მეცნიერების ყოფილი ვიცე-მინისტრი და გამომცემლობის სახლის ხელმძღვანელი ჩუ ხაო. მან სოციალიზმისა და ერთპარტიული მმართველობადმი კრიტიკული წიგნები გადათარგმნა.

ვიეტნამელები ფართოდ იყენებენ Facebook-ს. სოციალური ქსელი დისიდენტების მთავარი პლატფორმაა. ბაზარზე ორიენტირებული ეკონომიკის მიუხედვად, ვიეტნამის კომუნისტური პარტია კრიტიკას ვერ იღებს.

ვიეტნამმა 1-ლ იანვარს მიიღო სადავო კანონი კიბერუსაფრთხოებაზე, რაც ტექნოლოგიების კომპანიებს ვიეტნამში ოფისების დაარსებასა და მონაცემების განთავსებას ავალდებულებს. Facebook მიიჩნევს, რომ ახალი კანონით მთავრობას მომხმარებლების ინფორმაციის მითვისება შეეძლება. ვიეტნამმა Facebook ახალი კანონის დარღვევაში დაადანაშაულა, რადგან სოციალურ ქსელში მომხმარებლებს მთავრობის საწინააღმდეგო კომენტარების დაწერა შეუძლიათ.

მარკ ზაკერბერგი 6 მარტს გამოქვეყნებულ Facebook ბლოგში სოციალური ქსელის მეტად კონფიდენციალურ გარდაქმნის აუცილებლობაზე საუბრობს. ამავე განცხადებაში ნათქვამია, რომ კომპანია არ დააფუძნებს ინფორმაციის ცენტრებს ისეთ ქვეყნებში, რომლებსაც ადამიანის უფლებების დარღვევის გამოცდილება აქვთ. ამრიგად, მთავრობებს გაუჭირდებათ ადამიანების პირადი ინფორმაციის მოპოვება.

კომენტარები