ავტოსაგზაო შემთხვევა

ავტობუსის მძღოლი ამბობს, რომ მუხრუჭი ჩავარდა - კომპანიის თქმით, ტრანსპორტი შემოწმებული იყო

ტაბულა

ავტობუსის, რომელიც წყნეთის გზაზე გზის სავალი ნაწილიდან დაგორდა და ხეებში შევარდა, მძღოლის ინფორმაციით, ავარიის მიზეზი მუხრუჭის ჩავარდნა იყო.

"გაჩერებაზე მგზავრები რომ ჩამოვიდნენ, მუხრუჭი ჩავიდა დაბლა. "დავაკაჩავე" და არ დაიჭირა, დაქანდა ქვევით. სიჩქარეში ვერ ჩავაგდე. ვიმარჯვე და იქითა მხარე ავიღე, ხეებმა დაიჭირა", - ამბობს მძღოლი რუსთავი 2-თან.

თბილისის სატრანსპორტო კომპანიაში კი აცხადებენ, რომ ავტობუსი დღეს დილითაც შეამოწმეს. ამასთან, კომპანიაში იმასაც ამბობენ, რომ ტრანსპორტს ტექდათვალიერებაც გავლილი აქვს - 2018 წლის ნოემბერში.

"ისევე როგორც ეს ავტობუსი, ყველა ავტობუსს, რომელიც გადის ხაზზე, მოწმდება დილით, კომპანიის თანამშრომლების მიერ. მოწმდება მისი ტექნიკური უსაფრთხოება - რამდენად გამართული გადის ხაზზე, იქნება ეს მუხრუჭების სისტემა, მაშუქები, სანათები და ა.შ. ამ ავტობუსსაც დღეს დილით, ხაზზე გამოსვლისას შემოწმების ეს სტანდარტული პროცედურები გავლილი ჰქონდა. კონკრეტულად ეს შემთხვევა რამ გამოიწვია, ამაზე კომპანიის წარმომადგენლები ვერ ვაკეთებთ კომენტარს, ველოდებით გამოძიების დასრულებას. გამოძიება დაადგენს რამ გამოიწვია ეს შემთხვევა", - უთხრეს ტაბულას კომპანიის პრესსამსახურში.

მათივე ინფორმაციით, ავტობუსი უკვე გადაყვანილია საჯარიმოზე და ავარიის მიზეზს სპეციალისტები დაადგენენ.

თბილისის სატრანსპორტო კომპანიაში იმასაც ამბობენ, რომ ავტოპარკი მოძველებულია და სრულად ჩანაცვლებაზე აქტიურად მიმდინარეობს მუშაობს. მათი თქმით, არის შემთხვევები, როცა დილით შემოწმებულ ავტობუსს დღის განმავლობაში ექმნება ტექნიკური პრობლემა, რის შემდეგაც მძღოლი კომპანიას უკავშირდება და ხაზზე სათადარიგო ავტობუსი გადის.

წყნეთის გზაზე ავტობუსი დღეს, დაახლოებით 10:00 საათზე დაგორდა. შემთხვევის შედეგად 7 ადამიანი დაშავდა. შინაგან საქმეთა სამინისტრო ფაქტს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით იძიებს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს. 

კომენტარები