ზაზა სარალიძე

პროკურატურა: სარალიძე უწყების ტერიტორიაზე თვითნებურად შემოიჭრა და შეურაცხმყოფელად მოიქცა

საქართველოს გენერალური პროკურატურა ხორავას ქუჩაზე მოკლული მოზარდის მამას ზაზა სარალიძეს პროკურორებთან შეხვედრას სამშაბათს, 12 თებერვალს სთავაზობს. ამასთან, პროკურატურა სარალიძის უწყების ეზოში მისვლას და თადუმაძესთან შეხვედრის მოთხოვნას "აგრესიულ, კანონსაწინააღმდეგო და შეურაცხმყოფელ საქციელს" უწოდებს.

"დროისა და ადგილის შესახებ ინფორმაცია გახდება ცნობილი როგორც თავად ზაზა სარალიძისთვის, ასევე ეცნობება საზოგადოებას. საქართველოს გენერალური პროკურატურა მუდმივად მზად არის კომუნიკაციისა და პრობლემურ საკითხებზე მსჯელობისთვის ნებისმიერ პირთან, იქნება ეს დაზარალებული, ბრალდებული თუ დაინტერესებული პირი ამა თუ იმ საქმეზე. 

თუმცა აქვე აღვნიშნავთ, რომ  ზაზა სარალიძის მხრიდან აგრესიული, კანონსაწინააღმდეგო და შეურაცხმყოფელი საქციელის გამო, რაც ამ წუთებშიც გამოავლინა პროკურატურის ტერიტორიაზე თვითნებურად შემოჭრით, სამწუხაროდ მოკლებული ვართ შესაძლებლობას მასთან კომუნიკაციის, თუმცა საქმიანი და ნორმალური კომუნიკაციის ფორმატში მზად ვართ სამშაბათს საქმესთან დაკავშირებული ყველა პროკურორი შეხვდეს" - აცხადებს პროკურატურა.

ზაზა სარალიძე ამ დრომდე მთავარი პროკურატურის ეზოშია. ის მთავარ პროკურორ შალვა თადუმაძესთან შეხვედრას ითხოვს. სარალიძემ თქვა, რომ ის თადუმაძის სამუშაო საათების დასრულებას დაელოდება. მისი თქმით, ის პროკურატურის ტერიტორიას თადუმაძესთან შეხვედრამდე არ დატოვებს. 

სარალიძისთვის მიუღებელია პროკურორებთან შეხვედრის მომდევნო სამშაბათს ჩანიშვნა. მან თადუმაძესთან შეხვედრა რამდენიმე დღის წინ მოითხოვა. პროკურატურას ამასთან დაკავშირებით ადამიანის უფლებათა ცენტრმა მიმართა. 

ხორავას ქუჩაზე მოკლული მოზარდის მამამ თქვა, რომ შალვა თადუმაძე საქმის 2-3 კვირაში შესწავლას დაჰპირდა, თუმცა, მოატყუა. წერილობით მიმართვაზე კი არც დასტური და არც უარყოფა არ მიუღია. ადვოკატის თქმით, შეხვედრის გაჭიანურება ხელოვნურად ხდება. 

"დღის ბოლომდე მათ შეუძლიათ თუნდაც ნახევარი საათით შეგვხვდნენ და საქმის ძირითადი საკითხები გავიაროთ, ძირითადი შეხვედრა კი დაინიშნოს მომდევნო კვირას", - თქვა ნესტან ლონდარიძემ. 

ზაზა სარალიძე შვილის, დავით სარალიძის მკვლელობის საქმის გამოძიებას ითხოვს.

16 წლის მოზარდი 2017 წლისს 1 დეკემბერს დაიღუპა, როდესაც სკოლის მოსწავლეებმა ხორავას ქუჩაზე იჩხუბეს. დაიღუპა კიდევ ერთი არასრულწლოვანი, ლევან დადუნაშვილიც. 2018 წლის 31 მაისს სასამართლოს მიერ გამოტანილი გადაწყვეტილების მიხედვით, საქმეზე დაკავებული 2 არასრულწლოვანი დამნაშავედ იქნა ცნობილი მხოლოდ ლევან დადუნაშვილის მკვლელობის საქმეში. ერთ-ერთი მათგანი დავით სარალიძის მკვლელობის ნაწილში გამართლდა, მეორეს კი მკვლელობის ბრალი გადაუკვალიფიცირდა და სარალიძის მკვლელობის მცდელობაში იქნა დამნაშავედ ცნობილი. 

ამის შემდეგ პარლამენტში საქმის შემსწავლელი საგამოძიებო კომისია შეიქმნა, რომელმაც შს მინისტრი, იუსტიციის მინისტრი, ყოფილი მთავარი პროკურორი, ასევე საქმის პროკურორები, შსს-ის წარმომადგენლები, ექსპერტები, მასწავლებლები, სრულწლოვანი და არასრულწლოვანი მოწმეები დაკითხა. 

კომისიამ დაასკვნა, რომ პროკურატურამ გამოძიება მიკერძოებულად ჩაატარა, რათა დაფარულიყო საქმეში მონაწილე კიდევ ერთი პირის, მ.კ-ს ბრალეულობა. 

კომისიის დასკვნის შესახებ წაიკითხეთ აქ.

კომენტარები