აშშ-ჩრდილოეთ კორეა

დონალდ ტრამპის და კიმ ჩენ ინის მეორე სამიტი 27-28 თებერვალს ვიეტნამში გაიმართება

დონალდ ტრამპი და კიმ ჩენ ინი

დონალდ ტრამპისა და კიმ ჩენ ინის მეორე სამიტი ვიეტნამში მიმდინარე თვის ბოლოს, 27-28 თებერვალს გაიმართება. ამის შესახებ ტრამპმა კონგრესში ყოველწლიური გამოსვლისას ისაუბრა.

"მე რომ არ ავერჩიე აშშ-ის პრეზიდენტად ახლა, ჩემი აზრით, ჩრდილოეთ კორეასთან ომში ვიქნებოდით ჩაბმული. კიდევ ბევრია გასაკეთებელი, მაგრამ კიმ ჩენ ინთან კარგი ურთიერთობა მაქვს." თქვა მან

შეგახსენებთ, რომ ტრამპისა და კიმის პირველი სამიტი სინგაპურში გასული წლის ივნისში გაიმართა. მათ ხელი მოაწერეს შეთანხმებას, რომელიც კორეის ნახევარკუნძულის სრული დენუკლეარიზაციისათვის მუშაობას მოიცავდა.

მიუხედავად ამისა გასულ კვირას აშშ-ის სადაზვერვო სამსახურის ხელმძღვანელმა, დენ კოუტსმა სენატში მოხსენებას თქვა, რომ ჩრდილოეთ კორეა იარაღის შენარჩუნებას ცდილობს და ბირთვული იარაღის ბოლომდე დათმობას არ აპირებს. კოუტსის თქმით ამაზე ის ფაქტი მიანისნებს, რომ ქვეყანაში დაფიქსირებული აქტივობა დენუკლეარიზაციის შეთანხმებას არ თანხვდება.

ტრამპი მას ტვიტერზე გამოეხმაურა:

"ჩრდილოეთ კორეასთან ურთიერთობა საუკეთესოა, რაც კი ოდესმე ყოფილა. არანაირი გამოცდები, ნეშტები დააბრუნეს, დააბრუნეს მძევლებიც. დენუკლეარიზაციის კარგი შანსია. დრო გვაჩვენებს რა მოხდება ჩრდილოეთ კორეასთან ურთიერთობაში, მაგრამ წინა ადმინისტრაციის მუშაობის ბოლოს ურთიერთობა საშინელი იყო და ძალიან ცუდი რამ შეიძლება მოჰყოლოდა. ახლა სრულიად განსხვავებული ამბავია. ველი კიმ ჩენ ინთან შეხვედრას. პროგრესი გვაქვს - დიდი ცვლილებაა!"

კომენტარები