უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალია

მამა მიქაელი: კონსტანტინოპოლის მიზანი უკრაინის მხარდაჭერის საკითხის ხვალვე გადაწყვეტა არაა

ვექტორი,

საქართველოში კონსტანტინოპოლის საპატრიარქოს დელეგაცია იმყოფება. დელეგაციის წევრები 30 იანვარს საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, ილია მეორეს შეხვდებიან.

განსახილველი საკითხი უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის დამოუკიდებლობის მხარდაჭერაა. 

"ხვალ იქნება პატრიარქთან შეხვედრა. უკრაინაში მიმდინარე მოვლენების შეფასება იქნება. ეს არ არის ისეთი გადამწყვეტი, რომ სინოდის გადაწყვეტილებაზე იმოქმედოს. ზოგადად, რაც უფრო ზუსტდება დეტალები და ინფორმაცია, უფრო მეტი ეკლესია გამოთქვამს თავის აზრს უფრო მკაფიოდ. თუ ეკლესია, რომელიც იკავებდა თავს, შესაძლოა, რომ თავისი პოზიცია შეცვალოს ან გამოხატოს, ეს დამოკიდებული იქნება იმ საკითხების გაცხადებაზე, რომელიც ახლა შესწავლის პროცესშია" – უთხრა "პირველ არხს' საპატრიარქოს პრესცენტრის ხელმძღვანელმა, დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ.

პატრიარქის მდივანმა, დეკანოზმა მიქაელ ბოტკოველმა კი თქვა, რომ "კონსტანტინოპოლის დელეგაციასთან შეხვედრის მიზანი არ არის, ხვალვე დადგინდეს, დაუჭერს თუ არა მხარს საქართველო უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიას". 

„ამ შეხვედრის მიზანი არ არის, ხვალვე დასრულდეს შედეგით და ითქვას, დავუჭერთ თუ არა მხარს ამ გადაწყვეტილებას. შეხვედრის მიზანია პოზიციების გაცნობა მოძმე ეკლესიებისათვის. მიტროპოლიტი მხოლოდ ჩვენთან არ ჩამოსულა, ისინი სხვადასხვა ადგილობრივ მართლმადიდებლურ ეკლესიებში დადიან და ეკლესიების ლიდერებს თავიანთი გადაწყვეტილებების მართებულობას აცნობენ, ისევე, როგორც მოსკოვის ეკლესიების წარმომადგენლები. მინდა მოვუწოდო „რუსთავი 2“-ს, რომ ცრუ მოლოდინებით ნუ ცდილობენ საზოგადოების ერთი ნაწილის გამოკვებას. საქართველოს ეკლესია უკრაინასთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას წმინდა სინოდის სხდომაზე მიიღებს, როგორც დავპირდით ქართულ საზოგადოებას“, - უთხრა ინტერპრესნიუსს ბოტკოველმა. 

დღესვე საქართველოს საპატრიარქომ განცხადება გაავრცელა, რომლის მიხედვითაც, უკრაინის ეკლესიისთვის ავტოკეფალიის მინიჭების თაობაზე საქართველოში ორი მხარე გამოიკვეთა, რომლებიც საკუთარი პოზიციის მართებულობის დაცვას შეურაცხმყოფელი განცხადებებით ცდილობენ. 

საპატრიარქო ყველას მოუწოდებს, ერთმანეთის მიმართ კორექტულნი იყვნენ. 

უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიისთვის ავტოკეფალიის მინიჭების შესახებ ტომოსს (ბრძანებას) კონსტანტინეპოლის პატრიარქმა ხელი 5 იანვარს მოაწერა. 

საქართველოს საპატრიარქოს უკრაინისთვის მხარდაჭერა ამ დრომდე არ გამოუხატავს. 

ზოგიერთი მღვდელმთავარი გამოხატავს თავის პირად პოზიციას და უკრაინის ეკლესიის დამოუკიდებლობას მხარს უჭერს. თუმცა, წმიდა სინოდის წევრთა ნაწილი ამბობს, რომ გადაწყვეტილებას ავტოკეფალიის ტომოსის (ბრძანების) წაკითხვის შემდეგ მიიღებენ.

კომენტარები