უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალია

მსოფლიო პატრიარქი რუსეთზე: გავაქრისტიანეთ, რომ არაფერი ვთქვა – ცივილიზებულად ვაქციეთ

მსოფლიო პატრიარქი ბართლომე I

მსოფლიო პატრიარქმა, ბართლომე I-მა კვიპროსის მედიისთვის მიცემულ ინტერვიუში ისაუბრა უკრიანის მართლმადიდებელი ეკლესიის ავტოკეფალიაზე და გააკრიტიკა რუსეთის საპატრიარქოს საერო და გეოპოლიტიკური სურვილები.

მსოფლიო პატრიარქის თქმით, კონსტანტინოპოლის საპატრიარქოს დაკანონებულ მართლმადიდებელ ეკლესიათა ცხოვრებაში გეოპოლიტიკურმა ცვლილებებმა შეაღწია. მისი თქმით, ის ზეწოლის ქვეშაა.

"მე ვარ ზეწოლისა და დამცირების ქვეშ, რათა დავნებდე მათ საერო მოთხოვნებს, ვინც ეკონომიკური და საერო ძალაუფლების დემონსტრაციას ახდენენ ჩვენი კანონიკური და ისტორიული არგუმენტებისა და მათ "კეთილ სიტყვაზე" პოლიტიკურად დამოკიდებული ეკლესიების წინაშეც კი", – ამბობს პატრიარქი ბართლომე.

კონსტანტინოპოლის პატრიარქის თქმით, ის ამ ზეწოლას არ ნებდება. 

პატრიარქმა ბართლომემ ინტერვიუში ახსენა რუსეთის ეკლესიის ცილისმწამებლური კამპანია მის და კონსტანტინოპოლის საპატრიარქოს წინააღმდეგ, რის გამოც სხვა მართლმადიდებელ ეკლესიათა ნაწილი მსოფლიო საპატრიარქოს ქმედებებზე მხარდაჭერისგან თავს იკავებს.

"ცილისმწამებლური ომი ჩემთან და უფრო მეტად ისტორიული პასუხისმგებლობების წინააღმდეგ, რომლებიც აკისრია იმ ტახტს, რომელმაც ისინი [რუსები] გააქრისტიანა, რომ არაფერი ვთქვა, ცივილიზებულად აქცია, მათი ენის, წესებისა და ტრადიციების შეცვლის გარეშე, არის მიზეზი, რის გამოც სხვა ეკლესიებს შიშის გრძნობა უჩნდებათ და მსოფლიო საპატრიარქოსთან იდენტიფიცირებასა და მისი ქმედების მხარდაჭერისგან თავს იკავებენ", – ამბობს მსოფლიო პატრიარქი.

"საერო დონეზე, რა სარგებელი მიიღო მსოფლიო საპატრიარქომ უკრაინის ავტოკეფალიისგან? რა მოვიგეთ? შეურაცხყოფები, ცილისწამება, შერცხვენა და დამცირება. საპირისპიროდ, ვინც ამ ქმედების [უკრიანის ავტოკეფალიის აღიარების] წინააღმდეგი იყო, აქვთ ოცნება, რომლის მიხედვითაც მსოფლიოში პოლიტიკურ გეგმებს ეკლესია ემსახურება", – დაამატა პატრიარქმა ბართლომემ. 


უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიისთვის ავტოკეფალიის მინიჭების შესახებ ტომოსს კონსტანტინეპოლის პატრიარქმა ხელი 2019 წლის 5 იანვარს მოაწერა. 6 იანვარს სტამბოლში, წმინდა გიორგის ტაძარში მსოფლიო პატრიარქმა ბართლომეოსმა უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღოლს, მიტროპოლიტ ეპიფანეს ტომოსი გადასცა. ამით უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის შექმნა ფორმალურად დასრულდა.

უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის ავტოკეფალიას არ აღიარებს საქართველოს საპატრიარქო.

კომენტარები