თავდაცვა

თავდაცვის უწყება: სამხედროებს არ ვათავისუფლებთ, დასავლეთ საქართველოში გადაგვყავს

თავდაცვის სამინისტრო

თავდაცვის სამინისტრო აცხადებს, რომ არც ერთი ჯარისკაცი არ გაუთავისუფლებია და უწყებაში ტრანსფორმაციის პროცესი მიმდინარეობს. 

საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაურმა, გენერალ-მაიორი, ვლადიმერ ჩაჩიბაია რეორგანიზაციის არსი განმარტა. 

მისი თქმით, დასავლეთ და აღმოსავლეთ მიმართულებებზე ორი ერთნაირი სტანდარტისა და შესაძლებლობის მქონე სპეციალური ოპერაციების ბატალიონი ჩამოყალიბდება.

"ეს უპრეცნდენტო მოვლენაა, რადგან ამ დრომდე, სპეციალური ოპერაციების ელემენტები ძირითადად აღმოსავლეთ საქართველოში იყო თავმოყრილი. აღნიშნული ცვლილებები მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს მართვისა და კონტროლის შესაძლებლობებს საბრძოლო ამოცანების დეცენტრალიზებული აღსრულების პირობებში. სპეციალური ოპერაციების ძალების განვითარების სტრატეგიის შესაბამისად, განხორციელდება მათი აღჭურვა და მომზდება, რათა დაკმაყოფილდეს თავდაცვის ძალების ოპერატიული მოთხოვნები და გაიზარდოს ნატოსთან თავსებადობა.

ტრანსფორმაციის პროცესი არ ითვალისწინებს სამოქალაქო და სამხედრო პერსონალის შემცირებას. ტრანსფორმაციის პროცესში გათვალისწინებული იქნა პარტნიორი ქვეყნებისა და სამხედრო მრჩევლების რეკომენდაციები", - ამბობს ჩაჩიბაია. 

უწყებამ განცხადება 8 იანვარს გაავრცელა. 

დღეს კი რუსთავი 2-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ ტრანსფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება და რეალურად, მუხროვანის სამხედრო ბაზიდან 800 სამხედრო გაათავისუფლეს. ჯარისკაცებმა, რომლებიც ტელეკომპანიის კამერამ გადაიღო, ამბობენ, რომ "სხვაგან გადადიან" ან "ხვალ დილამდე დათხოვნაში მიდიან". 

კომენტარები