თავდაცვა

თავდაცვის კოდექსში შესატანი ცვლილებები პარლამენტმა მესამე მოსმენით მიიღო

საქართველოს პარლამენტი / Facebook

თავდაცვის კოდექსში შესატანი ცვლილებები პარლამენტმა მესამე მოსმენით მიიღო. კანონპროექტს მხარი 80-მა დეპუტატმა დაუჭირა, ხოლო მის წინააღმდეგ ხმა არცერთმა პარლამენტარმა არ მისცა.

მიღებული პროექტის განმარტებითი ბარათის მიხედვით, ცვლილება მიზნად ისახავს თავდაცვის ძალების მართვის ეფექტიანობის ამაღლებას, სამხედრო სამსახურის გავლასთან დაკავშირებულ ნორმებში გამოვლენილი ხარვეზების გამოსწორებასა და თავდაცვის სფეროში ერთიანი კოდიფიცირებული სამართლებრივი აქტის შექმნას.

მთავრობაში ამბობენ, რომ კანონპროექტი ფინურ-ესტონურ მოდელს ეფუძნება, რაც ერთი შეხედვით მართალიც არის, თუმცა რამდენად ანალოგიურად მოხდება დასახული მიზნების რეალიზაცია და რა დამატებითი კრიტერიუმებია საჭირო იმისთვის, რომ ქვეყნის თავდაცვისუნარიანობა ფინურ მოდელს გაუტოლდეს, ეს ცალკე საკითხად რჩება.

ახალი თავდაცვის კოდექსი ცდილობს წვევამდელებსა და სამხედრო მოსამსახურეებს უკეთესი პირობები და სარგებლები შესთავაზოს, პარალელურად კი ერთ-ერთ მიზნად სამართლებრივი ხვრელების გაქრობას ისახავს.

განმარტებით ბარათში პირდაპირ წერია: "აღმოიფხვრება საკანონმდებლო ხარვეზი და გამოირიცხება არაკეთილსინდისიერი ფიქტიური "რელიგიური ორგანიზაციების" შესაძლებლობა დაეხმარონ ცალკეულ პირებს თავი აარიდონ გაწვევას". საუბარია პარტია გირჩის მიერ შექმნილ ბიბლიურ თავისუფლებაზე, რომლის სასულიერო პირის სერტიფიკატის დახმარებითაც ზოგიერთი ახალგაზრდა სავალდებულო სამხედრო სამსახურს თავს არიდებდა.

თავდაცვის ახალი კოდექსში შესული ცვლილების თანახმად, წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში გაწვევის გადავადების საფუძველი მოსაკრებლის გადახდა აღარ იქნება. კომიტეტმა პირველი მოსმენით მიღებული კანონპროექტიდან ამოიღო ნორმა, რომლის თანახმად, პირს სამხედრო სამსახურისთვის თავის არიდება მოსაკრებელელის (10 000 ლარის ოდენობით) გადახდის შემთხვევაში, 1 წლის ვადით შეეძლო.

კანონპროექტით შეიცვლება სავალდებულო სამხედრო სამსახურის, რომელსაც ახალი კოდექსით წვევამდელთა ეროვნული სამხედრო სამსახური ერქმევა, ხანგრძლივობა. თუ სავალდებულო ჯარი აქამდე 12 თვის განმავლობაში გრძელდებოდა, ახლა მას დიფერენცირებული ვადები ექნება: 6 თვე - საბრძოლო ქვედანაყოფში სამსახურისთვის, 8 თვე - დაცვის და უზრუნველყოფის ქვედანაყოფში სამსახურისთვის, 11 თვე - უმცროს სამეთაურო თანამდებობებზე და წინასწარ განსაზღვრულ სპეციალობებზე სამსახურისთვის.

მნიშვნელოვანი ცვლილებაა ისიც, რომ წვევამდელთა ეროვნული სამხედრო სამსახურის გავლა შესაძლებელი იქნება მხოლოდ თავდაცვის სამინისტროს სისტემაში. შესაბამისად, გაწვეულებს აღარ მოუწევთ ვალდებულების მოხდა სპეციალური პენიტენციური სამსახურის, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურისა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ბაზებზე. კანონპროექტის მიღების შემდეგ, ეს ცვლილება 2025 წელს ამოქმედდება.

კომენტარები