დავით ოქიტაშვილი

ოქიტაშვილი: ნინო ანანიაშვილი ან გაემიჯნოს თავისი ქმრის განცხადებებს, ან გადადგეს

კვირა

"ოპერა ხელში აქვთ ჩაგდებული ვაშაძეებს და ანანიაშვილებს", - საქართველოს კულტურის პალატის პრეზიდენტი დავით ოქიტაშვილი ნინო ანანიაშვილის გადადგომას ითხოვს.

ოქიტაშვილი ამბობს, რომ არ შეიძლება საბალეტო დასს ხელმძღვანელობდეს ადამიანი, რომლის ქმარიც ხალხს ხელისუფლების დამხობისკენ მოუწოდებს. ოქიტაშვილი მოითხოვს, რომ ანანიაშვილი საკუთარი ქმრის, გრიგოლ ვაშაძის, განცხადებებს გაემიჯნოს, ან გადადგეს ოპერისა და ბალეტის თეატრის ხელმძღვანელის პოსტიდან.

"როდესაც საბალეტო დასს ხელმძღვანელობს ადამიანის მეუღლე, რომელიც საქართველოს ემუქრება და მოსახლეობას მოუწოდებს, დაამხოს ეს ხელისუფლება, საქართველოს მთავრობას ეძახის კრიმინალებს, ბიძინა ივანიშვილს ეძახის ნარკო-ბარიგას, მე მივმართავ კითხვით ქალბატონ ნინო ანანიაშვილს - ან გამოვიდეს და გემიჯნოს თავის მეუღლეს და თქვას, რომ არ ეთანხმება, ან გადადგეს. არ შეიძლება. ყველა სახელმწიფოში, ყველა ქვეყანაში ოპერა არის ქვეყნის სავიზიტო ბარათი. ოპერა ხელში აქვთ ჩაგდებული ვაშაძეებს და ანანიაშვილებს, იქ შესვლის უფლება არ აქვს ოპერაში მოღვაწე ისეთ ცნობილ ადამიანს, როგორიც არის ირმა ნიორაძე, ცისკარიძე და ა.შ." - ამბობს ოქიტაშვილი.

ოქიტაშვილი ანანიაშვილის გადადგომის მოთხოვნით აქციების დაწყებას აანონსებს. ის ამბობს, რომ ოპერისა და ბალეტის თეატრში ძალიან კრიზისული მდგომარეობაა და იქ ვაშაძეებისა და ანანიაშვილების კლანია გაბატონებული.

"პერმანენტულ აქციებს დავიწყებთ, ოპერა უნდა გათავისუფლდეს ვაშაძეების და ანანიაშვილების კლანისგან. ნინო ანანიაშვილს მე ვაფასებ, როგორც დიდ ბალერინას, მაგრამ უნდა დამთავრდეს ამ ცხოვრებაში ორმაგი სტანდარტით ცხოვრება. თუ მისი მეუღლე და ოჯახის წევრი მოუწოდებს საზოგადოებას, რომ უნდა დავამხოთ ეს ხელისუფლება, ამ ხელისუფლებას რატომ ემსახურება, წავიდეს, დაჯდეს სახლში, 2020 წელს იქნება არჩევნები თუ მოიგებს მისი ქმრის პარტია, ისევ დააბრუნონ. ყველამ დატოვა საბალეტო დასი. ქართველი ჩენი ნიჭიერი ბალერონები თუ ბალერინები მოღვაწეობენ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში და ჩვენთან ცეკვავს ჩინელი, იაპონელი, ეს არის სირცხვილი", - ამბობს ოქიტაშვილი.

კომენტარები