უკრაინა-რუსეთი

პოროშენკო: უკრაინა რუსეთთან სრულმასშტაბიანი ომის საფრთხის წინაშეა

პეტრო პოროშენკო
Unian

უკრაინის პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ თქვა, რომ რუსეთმა რუსეთ-უკრაინის საზღვართან სამხედრო ძალების მობილიზება გაზარდა და მის ხელთ არსებული ინფორმაციით იქ რუსული ტანკების რაოდენობა გასამმაგდა.

"არ მინდა ვინმემ იფიქროს, რო ეს თამაშია. უკრაინა რუსეთთან სრულმასშტაბიანი ომის საფრთხის წინაშეა." თქვა პოროშენკომ.

სააგენტო ინტერფაქსის ინფორმაციით რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ანექსირებული ყირიმის ნახევარკუნძულზე S-400 ტიპის ახალი სარაკეტო სისტემის განთავსებას აპირებს. RIA news-ის ინფორმაციით სისტემები ოპერაციული წლის ბოლომდე გახდება.

რუსეთმა ამ ტიპის სარაკეტო სისტემები ოკუპირებულ ყირიმში 2017 წელს და მიმდინარე წლის იანვარშიც განათავსა.

შეგახსენებთ, რომ ქერჩის სრუტეში რუსმა სამხედროებმა უკრაინის სამ სამხედრო კატერს ცეცხლი გაუხსნეს და ხომალდები დაატყვევეს. კიევის ცნობით დაჭრილია ექვსი უკრაინელი სამხედრო.

კიევი აცხადებს, რომ ორი ბრონირებული კატერი და ბუქსირი ოდესიდან მარიუპოლში მიცურავენ, რის შესახებაც რუსები ინფორმირებული იყვნენ. მოსკოვი ამტკიცებს, რომ უკრაინელებმა საზღვარი დაარღვიეს.

მოგვიანებით, უკრაინის ფლოტის პრეს-ცენტრმა განცხადება გაავრცელა, სადაც ნათქვამია, რომ ბრონირებული საარტილერიო კატერი "ბერდიანსკსა" და "ნიკოპოლს", ასევე სარეიდო ბუქსირ "იანი-კაპუს" რუსეთმა ცეცხლი გაუხსნა და დაატყვევა. ხომალდები ქერჩის პორტში გადაიყვანეს.

რადას გადაწყვეტილებით საგანგებო მდგომარეობა რუსეთის მოსაზღვრე რეგიონებში გამოცხადდება. ესენია ვინიცის, ლუგანსკის, ნიკოლაევის, ოდესის, სუმის, ხარკოვის, ჩერნიგოვის, ხერსონის და აზოვი-ქერჩის აკვატორიის ოლქები.

სამხედრო-საომარი მდგომარეობა ამ რეგიონებში მომდევნო 30 დღის მანძილზე იქნება გამოცხადებული.

ანექსირებული ყირიმის სასამართლომ 12 დაკავებულ მეზღვაურს ორთვიანი პატიმრობა მიუსაჯა. რუსეთის ფედერალური უსაფრთხოების სამსახურმა კი გაავრცელა უკრაინელი მეზღვაურების ვიდეოები, სადაც ერთ-ერთი მათგანი ამბობს, რომ იცოდა უკრაინის ქმედებების "პროვოკაციული ბუნების" შესახებ და მათ მართლაც მიიღეს რუსული ძალების მხრიდან გაფრთხილება, თუმცა ყურადღება არ მიაქციეს მას. უკრაინულ მხარეს მიაჩნია, რომ მეზღვაურებს ეს ვიდეოები ზეწოლის შედეგად ჩააწერინეს და მათი ნათქვამი სიმართლეს არ შეესაბამება.

ევროკავშირის ქვეყნები და აშშ რუსეთს მოუწოდებენ გაათავისუფლონ დაკავებული მეზღვაურები.

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერმა, ჰეზერ ნაუერმა თქვა, რომ ვაშინგტონს სურს რუსეთისათვის დაწესებული სანქციები უფრო მკაცრად სრულდებოდეს.

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა თქვა, რომ ქერჩის სრუტეში განვითარებული მოვლენების გამო დიდი ოცეულის ქვეყნების სამიტის ფარგლებში ვლადიმირ პუტინთან დაგეგმილი შეხვედრა შესაძლოა გაუქმდეს.

კომენტარები