უკრაინა-რუსეთი

კანდელაკი: გვაქვს რეზოლუციის პროექტი, რომელიც უკრაინაზე რუსეთის აგრესიას შეაფასებს

ევროპულმა საქართველომ რეზოლუციის პროექტი შეიმუშავა, რომელიც უკრაინაზე რუსეთის ფედერაციის სამხედრო აგრესიის აქტს შეაფასებს. 

პარტიის წევრის, გიორგი კანდელაკის თქმით, ევროპული საქართველო გამოდის ინიციატივით, პირველ რიგში, საგარეო საქმეთა კომიტეტმა, შემდეგ კი პარლამენტმა მიიღოს რეზოლუცია რუსეთის ქმედებების შესაფასებლად. მისივე თქმით, დასავლეთი რუსეთს ამ ქმედების გამო, დიდი ალბათობით სანქციებს დაუწესებს და მნიშვნელოვანია, სანქციებში საქართველოც ფიგურირებდეს. 

"ევროპულმა საქართველომ უკვე შეიმუშავა რეზოლუციის პროექტი, რომელსაც დღესვე შევიტანთ პარლამენტის შესაბამისს დეპარტამენტში და ვფიქრობთ, რომ ძალიან მნიშვნელოვანია პარლამენტმა სწრაფი რეაგირება გააკეთოს და სწრაფად შეაფასოს აგრესიის ეს აქტი.

ასევე, ძალიან დიდი ალბათობით მოსალოდნელია, რომ საერთაშორისო თანამეგობრობა, ევროკავშირი და შეერთებული შტატები დაუწესებენ სანქციების ახალ პაკეტს რუსეთის ფედერაციას ამ აგრესიის აქტის გამო და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ამ მომავალი სანქციების მიზეზებში და მოთხოვნებში ფიგურირებდეს საქართველოს ტერიტორიების დეოკუპაცია და ევროკავშირის შუამდგომლობით მიღწეული 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების შესრულება. საზოგადოებას ახსოვს, რომ შარშან პრეზიდენტმა პოროშენკომ შესთავაზა საქართველოს მთავრობას, რათა ჩვენს მთავრობებს ერთობლივად ემუშავათ, რომ სანქციების მომავალ პაკეტებში საქართველოს ტერიტორიიდან რუსეთის ჯარების გაყვანის საკითხი და ჩვენი დევნილების დაბრუნების საკითხიც მოხვედრილიყო.

კარგად გვახსოვს, რომ ეს წინადადება საქართველოს მხარემ ფაქტიურად უარყო, არაფრად არ ჩააგდო და ამ სანქციების პაკეტებში საქართველოს თემატიკის მოსახვედრად არაფერი არ გააკეთა. იმედი გვაქვს და ეს რეზოლუცია სწორედ ამის შესაძლებლობას იძლევა, რომ ამჯერად მაინც საქართველო (სანამ ჯერ კიდევ ხელისუფლებაშია ქართული ოცნება) განზე არ გადგება და ჩვენი ქვეყნის ინტერესების უგულებელყოფას არ მოახდენს", - თქვა გიორგი კანდელაკმა. 

ქერჩის სრუტეში რუსმა სამხედროებმა უკრაინის სამ სამხედრო კატერს ცეცხლი გაუხსნეს და ხომალდები დაატყვევეს. კიევის ცნობით, დაჭრილია ექვსი უკრაინელი სამხედრო. 

უკრაინის პარლამენტი დღეს, კიევის დროით 16:00 საათზე ქვეყანაში სამხედრო მდგომარეობის გამოცხადების შესახებ პრეზიდენტის წინადადებას განიხილავს.

პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ სამხედრო მდგომარეობის გამოცხადებას მხარი ეროვნული უშიშროების საბჭოს საგანგებო სხდომისას დაუჭირა. სხდომა გვიან ღამით გაიმართა, პოროშენკომ თავისი გადაწყვეტილების შესახებ 26 ნოემბერს, გამთენიისას განაცხადა.

კომენტარები