ბინადრობის უფლება

კალაძე: სტუმარი ღვთისაა, თუმცა ბინადრობისთვის ადეკვატური კონტრიბუციის გაღება მოუწევთ

ქართული ოცნება

დედაქალაქის მერის თქმით, უცხოელებს, ვისაც საქართველოში ბინადრობის უფლების მოპოვება სურთ, "ადეკვატური კონტრიბუციის გაღება მოუწევთ". კახა კალაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე კიდევ ერთხელ ისაუბრა კანონპროექტზე, რომელიც უცხოელებისთვის ბინადრობის მინიჭების წესებს ამკაცრებს.

"სტუმარი ღვთისაა, ჩვენთვის ყველა სტუმარი ძვირფასია, თუმცა რაც შეეხება ბინადრობასა და ცხოვრების უფლებას, ყველა განვითარებულ ქვეყანაში ბაზრის მოწესრიგებისთვის მთელი რიგი რეგულაციები არსებობს. ამ სფეროს სწორი მიდგომები, ჩვენი სტუმრების პოტენციალის სწორად გამოყენება, იმგვარად დარეგულირება სჭირდება, რომ დაბალანსებული იყოს მობინადრეთა, აქ ცხოვრების მსურველთა და პირველ რიგში, ჩვენი მოქალაქეების უფლებები. ჩვენ დიდ ძალისხმევას მივმართავთ თბილისში და მთლიანად საქართველოში ინფრასტრუქტურის მოწყობაზე, ისტორიული და კულტურული მემკვიდრეობის აღდგენასა და მოვლა-პატრონობაზე, ამის დასტურია, ახალი აღმაშენებლი, ორბელიანის და გუდიაშვილის მოედნები, რომლის რეაბილიტაცია მიმდინარეობს და მომდევნო წლებში ასევე დაგეგმილია სხვა ასეთი უბნების რეაბილიტაცია. დიდ ძალისხმევას მივმართავთ ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად. ყველაფერ ამას ჩვენი ბიუჯეტი, საქართველოს სტუმართმოყვარე მოქალაქეები აფინანსებენ და ამას გაფრთხილება, მოვლა-პატრონობა სჭირდება. უცხოელებს, ვისაც ყველა ამ სიკეთით სარგებლობა უნდათ და გააჩნიათ საქართველოში ბინადრობის სურვილი, მოუწევთ ადეკვატური კონტრიბუცია გაიღონ", - ამბობს კახა კალაძე.

მისი თქმით, ქართული ოცნება ქსენოფობიურ და დისკრიმინაციულ მიდგომებს კატეგორიულად ეწინააღმდეგება, განსხვავებით ოპონენტებისაგან.

"ჩვენი დედაქალაქი და ქვეყანა დინამიკურად ვითარდება და ამის ცალსახა ნიშანია, რომ წლიდან წლამდე იმატებს ქვეყანაში ბინადრობია და ცხოვრების მსურველთა რიცხვი. მკაფიოდ უნდა ითქვას, რომ ჩვენ ოპონენტებივით ქსენოფობიურ, დისკრიმინაციულ მიდგომებს კატეგორიულად ვეწინააღმდეგებით. ეს არ არის ქართველის საქციელი და ჩვენს სტუმართმოყვარეობის ტრადიციას არ შეესაბამება. ჩვენი კარი ყველა ტურისტისთვის ღიაა მიუხედავად მათი ფინანსური შესაძლებლობებისა", - თქვა თბილისის მერმა.

კალაძემ აღნიშნა, რომ პარლამენტი მეორე მოსმენით განიხილავს კანონპროექტს, რომელიც უცხოელებისთვის ბინადრობის უფლების მინიჭებას მკაცრად დაარეგულირებს - "შემოთავაზებული პროექტის თანახმად, 35 000 დოლარის ნაცვლად, ბინადრობის უფლების მოსაპოვებლად 100 000 დოლარის უძრავი ქონება იქნება მოთხოვნილი, ხოლო ერთი და იმავე ქონებით სხვადასხვა პირისთვის ბინადრობის უფლების მინიჭება იქნება შეუძლებელი" - თქვა თბილისის მერმა.

დღეისათვის 300 000 ლარის ინვესტიციის საფუძველზე ბინადრობის უფლების განუსაზღვრელი ვადით მიღებაა შესაძლებელი. ინიცირებული კანონპროექტის თანახმად კი 300 000 ლარი 300 000 დოლარით, მუდმივი ბინადრობის უფლება კი 5-წლიანი ვადით შეიცვლება.

კალაძის თქმით, ამ პოზიციას სრულად იზიარებს პრეზიდენტობის კანდიდატი სალომე ზურაბიშვილი და ის ამ საკითხს "სწორად გაიტანს უცხოეთში":

"ჩვენი ხელისუფლების ერთ-ერთი მთავარი მიზანია საქართველო რეგიონის კულტურულ-ეკონომიკურ ცენტრად პოზიციონირება, რაც ჩვენი ქვეყნის და მოქალაქეების ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებას შეუწყობს ხელს. თუმცა, ამ პროცესში პირველ რიგში, სწორედ ჩვენი მოქალაქეების ინტერესები უნდა იყოს დაცული, იქნება ეს შრომის ბაზარი, ბინადრობის საკითხები, თუ კანონმდებლობით დარეგულირებული სხვა მიმართულები, რისი გარანტორიც სწორედ ჩვენი ეროვნული ხელისუფლებაა" - ამბობს კალაძე.

ერთწლიანი ბინადრობის ნებართვას უცხოეთის მოქალაქეები საქართველოში $35,000 ღირებულების უძრავ ქონების შეძენის წინაპირობით იღებენ.კალაძე რამდენიმე თვის წინ ამბობდა, რომ ამ ნორმას უცხოელები "კარუსელის" დასატრიალებლად იყენებდნენ.

"კანონის ხარვეზი მდგომარეობს იმაში, რომ თუ უცხო ქვეყნის მოქალაქე შეიძენს საქართველოში 35 000 დოლარის ღირებულების უძრავ ქონებას, ის ერთწლიანი ბინადრობის უფლებას იღებს, მაგრამ თუ ამ საკუთრებას გადასცემს სხვა უცხოელს, ისიც მოიპოვებს ბინადრობის მოწმობას. ერთი ადამიანი ყიდულობს ბინას, ფიქტიურად გადააფორმებს სხვაზე და ახორციელებს ე.წ. კარუსელს,"- ამბობდა კალაძე.

ცნობითვის, უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ კანონის მიხედვით, ერთწლიანი ბინადრობის ნებართვა გაიცემა შემდეგნაირად:

"D5 კატეგორიის - პირზე, რომელსაც საქართველოს ტერიტორიაზე, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით აქვს საკუთრების უფლება უძრავ ნივთზე (გარდა სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწისა), რომლის საბაზრო ღირებულება აღემატება 35000 აშშ დოლარის ეკვივალენტს ლარში, და მისი ოჯახის წევრებზე. D5 კატეგორიის საიმიგრაციო ვიზის გასაცემად უძრავი ნივთის საბაზრო ღირებულებას ადგენს საჯარო სამართლის იურიდიული პირის - აკრედიტაციის ერთიანი ეროვნული ორგანოს − აკრედიტაციის ცენტრის მიერ აკრედიტებული ორგანოს სერტიფიცირებული შემფასებელი."

კომენტარები