გენოციდი

მიანმარის დე ფაქტო ლიდერს მშვიდობის დარგში მიღებულ ნობელის პრემიას არ ჩამოართმევენ

მშვიდობის დარგში ნობელის პრემიის რამდენიმე ლაურეატი, მათ შორის ირანელი უფლებადამცველი შირინ ებადი, მიანმარის დე ფაქტო ლიდერის, აუნ სან სუ ჩისთვის პრემიის ჩამორთმევას ერთი წელია ითხოვს, თუმცა, ნობელის კომიტეტის მდივნის თქმით სუ ჩის პრემიას არ ჩამოართმევენ.

"მნიშვნელოვანია გვახსოვდეს, რომ ნობელის პრემია, იქნება ეს ფიზიკის, ლიტერატურისა თუ მშვიდობის დარგში, წარსულში ჯილდოს ღირსი მიღწევისა თუ მონდომებისათვის გადაეცემათ.

აუნ სან სუ ჩიმ მშვიდობის დარგში პრემია 1991 წლამდე დემოკრატიისა და მშვიდობისათვის ბრძოლის გამო მიიღო." თქვა მან და აღნიშნა, რომ პრემიის გადაცემის მარეგულირებელი წესების მიხედვით მისი ჩამორთმევა ვერ მოხდება.

კომიტეტის ხელმძღვანელმა გასულ წელსაც აღნიშნა, რომ პრემიის გადაცემის შემდეგ ლაურეატების ქმედებების გაკონტროლება და შეფასება მათი პრეროგატივა არ არის და საკუთარ რეპუტაციაზე მათ თავად უნდა იზრუნონ.

მიანმარში განვითარებული მოვლენების გამო, რამდენიმე პრემია, რომელიც წარსულში დისიდენტად წოდებულ სან სუ ჩის ჰქონდა მიღებული, უკვე ჩამოართვეს.

შეგახსენებთ, რომ გაეროს გამომძიებლების ანგარიშის მიხედვით მიანმარის სამხედრო ძალებმა რაკჰაინის პროვინციაში როჰინჯას ეთნიკური უმცირესობის მიმართ დანაშაული "გენოციდის განზრახვით" ჩაიდინეს და მათ მიერ გამოყენებული ძალა არაპროპორციული იყო იმ საფრთხისა, რაც მთავრობის თქმით რეგიონში არსებობდა.

ამავე ანგარიშში ნათქვამია, რომ მიანმარის მთავრობამ, რომელსაც ნობელის პრემიის ლაურეატი აუნ სან სუ ჩი ხელმძღვანელობს, საშუალება მისცა სიძულვილის ენის გავრცელებას, გაანადგურა დოკუმენტები და ვერ დაიცვა როჰინჯა მუსლიმები არმიის მიერ ჩადენილი ომის დანაშაულებისაგან და შესაბამისად მათაც მიუძღვით წვლილი მომხდარში. გაეროს ადამიანის უფლებათა კომიტეტის ხელმძღვანელმა თქვა, რომ სუ ჩის რაკჰაინის რეგიონში გავითარებული მოვლენების გამო უნდა დაეტოვებინა.

ჩადენილ დანაშაულებს შორის სახელდება მკვლელობა, დაპატიმრება, წამება, გაუპატიურება, მონობა, სიკვდილით დასჯა, საცხოვრებელი სახლების და ზოგიერთ შემთხვევაში მთელი სოფლის გადაწვა და არასრულწლოვნებზე ძალადობა.

ანგარიშის მიხედვით მიანმარში განვითარებული მოვლენების საკითხი სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს უნდა გადაეცეს.

აუნ სან სუ ჩის და მიანმარში განვითარებული მოვლენების შესახებ ვრცლად შეგიძლიათ წაიკითხოთ ტაბულას სტატიაში.

კომენტარები