ირანის პრეზიდენტი, ჰასან როუჰანი ირანის ახალი რეაქტიული საბრძოლო თვითმფრინავის, Kowsar-ის გამოცდას დაესწრო, შემდეგ კი სატელევიზიო გამოსვლაში თქვა, რომ ქვეყანამ სამხედრო შესაძლებლობები უნდა გაზარდოს. მისი თქმით სწორედ ირანის სამხედრო შესაძლებლობები აკავებს აშშ-ს თავდასხმას.
"ჩვენ უნდა მოვემზადოთ იმ სამხედრო ძალებთან საბრძოლველად, ვისაც ჩვენი ტერიტორიების და რესურსების დაპატრონება სურს." "რატომ არ გვესხმის აშშ თავს? ჩვენი ძალის გამო. იმიტომ, რომ მან იცის რა შედეგი მოჰყვება ამას." თქვა მან სატელევიზიო გამოსვლაში.
მსგავსი კომენტარი გასულ კვირას აიათოლა ალი ხამენეიმაც გააკეთა და ტრამპის მხრიდან ახალ ბირთვულ შეთანხმებაზე მოლაპარაკებების შემოთავაზება უარყო.
როუჰანიმ აშშ-ის სანქციები ჩინეთთან აშშ-ის სავაჭრო ომს და თურქეთისა და ევროპის ქვეყნებისათვის ტარიფების დაწესებას შეადარა.
"მხოლოდ ჩვენ არ ვართ, ვინც აშშ-ს არ ენდობა. დღეს ევროპა და ჩინეთიც კი არ ენდობიან მათ. აშშ-ის მოკავშირეებმაც კი დაკარგეს მათი ნდობა." თქვა მან.
შეგახსენებთ, რომ მიმდინარე თვის დასაწყისში ირანმა სპარსეთის ყურეში საზღვაო სამხედრო წვრთნები ჩაატარა, რომელშიც 100-ზე მეტი ხომალდი იყო ჩართული.
ირანსა და აშშ-ს შორის ურთიერთობა განსაკუთრებით მას შემდეგ დაიძაბა, რაც აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ირანის ბირთვული შეთანხმების დატოვების შესახებ გააკეთა განცხადება.
აშშ-მა ირანს 2015 წელს ბირთვული შეთანხმების ფარგლებში მოხსნილი სანქციები ხელახლა დაუწესა.
სანქციები მოიცავს შეზღუდვებს ამერიკული ვალუტის შეძენაზე, ირანული ვალუტით ტრანზაქციებზე, ოქროთი და სხვა ძვირფასი მეტალებით ვაჭრობაზე, ალუმინზე, მეტალზე, ქვანახშირზე, ინდუსტრიული პროცესებისათვის გამოყენებად პროგრამებსა და საავტომობილო სექტორზე.
4 ნოემბრამდე, შესაძლოა, ირანს ახალი სანქციებიც დაუწესდეს, რომელიც ირანული ნავთობსა და საბანკო სექტორზე სანქციებს მოიცავს.
ეკონომიკური სანქციების ხელახლა დაწესებას ირანის რამდენიმე ქალაქში მასშტაბური საპროტესტო აქციები და დემონსტრანტებსა და რეჟიმის ძალებს შორის დაპირისპირება მოჰყვა.