ირანი-აშშ

საგარეოს სპიკერის თქმით, "გულდასმით შესწავლის შემდეგ" ირანი ტრამპის წერილს უპასუხებს

Behrouz Mehri/AFP/Getty Images

ირანი აშშ-ს პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის წერილს ბირთვულ იარაღზე მოლაპარაკებების შესახებ, "გულდასმით შესწავლის შემდეგ" უპასუხებს. ინფორმაციას Reuters ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერის, ესმაილ ბაღაეის განცხადებაზე დაყრდნობით ავრცელებს

7 მარტს, დონალდ ტრამპმა Fox Business Network-თან ინტერვიუში თქვა, რომ სურს ირანთან ბირთვული იარაღის პროგრამასთან დაკავშირებული შეთანხმების მოლაპარაკება და 6 მარტს ირანის უზენაეს ლიდერს, აიათოლა ალი ხამენეის წერილი გაუგზავნა, რომელშიც იმედს გამოთქვამს, რომ აშშ და ირანი აღნიშნული საკითხის შესახებ მოლაპარაკებებს დაიწყებენ.

თავდაპირველად, 8 მარტს წერილის მიღება ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა უარყო და განაცხადა, რომ ირანი ბირთვული მოლაპარაკებების პერსპექტივას გამორიცხავს მანამ, სანამ ვაშინგტონის სანქციები თეირანზე ძალაში რჩება. ამავე დღეს, ხამენეიმ თქვა, რომ ირანი აშშ-ს "ჩაგვრის" ქვეშ მოლაპარაკებებს არ გამართავს. 

თუმცა მოგვიანებით, 9 მარტს გაეროში ირანის მისიამ X-ზე გავრცელებულ პოსტში განაცხადა, რომ ირანი განიხილავს აშშ-სთან მოლაპარაკებების გამართვას ქვეყნის ბირთვული პროგრამის პოტენციურ მილიტარიზაციაზე არსებულ შიშებთან დაკავშირებით.

"თუ მოლაპარაკებების მიზანი ირანის ბირთვული პროგრამის პოტენციურ მილიტარიზაციასთან მიმართებით არსებული შიშების განხილვა იქნება, მსგავსი დისკუსიები შესაძლოა, განხილვის საგანი გახდეს". - დაწერა მისიამ პოსტში, თუმცა, დაამატეს, რომ "თუკი მიზანი ირანის მშვიდობიანი ბირთვული პროგრამის დაშლა იქნება... მსგავსი მოლაპარაკებები არასდროს შედგება".

12 მარტს ირანმა კვლავ ურთიერთსაწინააღმდეგო განცხადება გაავრცელა. ამჯერად ირანის პრეზიდენტი, მასუდ ფეზეშქიანი ამბობდა, რომ ირანი არ დათანხმდებოდა აშშ-სთან მოლაპარაკებებს მანამ, სანამ მას ემუქრებიან.

"მიუღებელია ჩვენთვის, რომ ისინი [აშშ] ბრძანებებს იძლევიან და გვემუქრებიან. თქვენთან მოლაპარაკებებს არც კი ვაპირებ. რაც გინდათ, ის გააკეთეთ" – თქვა ირანის პრეზიდენტმა ირანულ მედიასთან.

კომენტარები