ირანი-აშშ

WSJ: ირანმა აშშ-ს წერილი გაუგზავნა, რომელშიც ირწმუნება, რომ ტრამპის მკვლელობას არ ცდილობს

ირანელი დემონსტრანტები 2018 წელს თეირანში აშშ-ს საელჩოსთან გამართულ საპროტესტო აქციაზე დონალდ ტრამპის სურათს წვავენ
ATTA KENARE/AFP/Getty Images

გამოცემა The Wall Street Journal-ის ექსკლუზიური ინფორმაციით, ირანმა აშშ-ს ოქტომბერში წერილი გაუგზავნა, რომელშიც ბაიდენის ადმინისტრაციას არწმუნებს, რომ დონალდ ტრამპის მკვლელობას არ ცდილობს. 

გამოცემის ცნობით, ირანის წერილი, რომელიც აშშ-ში 14 ოქტომბერს ჩავიდა, პასუხი იყო თეირანისთვის ვაშინგტონის მიერ სექტემბერში გაგზავნილი წერილისა, რომელშიც, ანონიმური ამერიკელი მაღალჩინოსნის თქმით, ბაიდენის ადმინისტრაცია თეირანს აფრთხილებდა, რომ ტრამპის წინააღმდეგ გახმოვანებული მუქარები ეროვნული უსაფრთხოების საკითხი იყო და მისი მკვლელობის ნებისმიერი მცდელობა აშშ-ს წინააღმდეგ ომის გამოცხადებად იქნებოდა აღქმული. 

8 ნოემბერს აშშ-ს იუსტიციის დეპარტამენტმა განაცხადა, რომ ირანელი აგენტები აშშ-ს 5 ნოემბრის საპრეზიდენტო არჩევნებამდე ტრამპის მკვლელობას გეგმავნენ. ამერიკელმა ოფიციალურმა პირებმა ირანელი აგენტების სავარაუდო მზაკვრული გეგმები თეირანის მიერ "მომავალი პრეზიდენტის მიზანში ამოღების განგრძობად მცდელობებად" შეაფასეს. 

თეირანმა ბოლო დღეების განმავლობაში რამდენჯერმე უარყო, რომ აშშ-ს ყოფილი პრეზიდენტისა და 2024 წლის 5 ნოემბრის საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებული კანდიდატის მკვლელობას გეგმავდა. ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა, აბას არაღჩიმ ბრალდებებს "იაფფასიანი კომედია" უწოდა. 

ცნობისთვის, რამდენიმე დღის წინ აშშ-ს იუსტიციის დეპარტამენტმა ერთ პირს ბრალი წარუდგინა ირანის დავალებით, აშშ-ს არჩეული პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის წინასაარჩევნოდ მკვლელობის წარუმატებელი სქემაში მონაწილეობის გამო.

ამავე ბრალდებულსა და სხვა ორ პირს აშშ-ს სხვა მოქალაქეზე, ირანული წარმოშობის ჟურნალისტსა და აქტივისტზე, მასიჰ ალინეჟადზე თვალთვალი და მისი მკვლელობის დაგეგმვა ედებათ ბრალად.

სასამართლო დოკუმენტების მიხედვით, ირანელმა მაღალჩინოსნებმა თეირანში მცხოვრებ 51 წლის ავღანეთის მოქალაქეს, ფარჰად შაქერის სექტემბერში დაავალეს, რომ ტრამპისთვის ეთვალთვალა და მოეკლა.

უფრო ადრე, აგვისტოში აშშ-ს იუსტიციის დეპარტამენტმა განაცხადა, რომ პაკისტანის მოქალაქეს, რომელიც აშშ-ს პოლიტიკოსებისა და მაღალჩინოსნების მკვლელობის მცდელობის ბრალდებით დააკავეს, ბრალი წარედგინა. 

დეპარტამენტის ცნობით, პაკისტანელი ბოლო 2 კვირის განმავლობაში ირანში იმყოფებოდა, რათა მკვლელობის დაკვეთის შემსრულებელი პირები დაექირავებინა. 

აშშ-ს ძალოვანი უწყების მაღალჩინოსნის თქმით, პოტენციურ სამიზნეებს შორის, დიდი ალბათობით, აშშ-ს ყოფილი პრეზიდენტი და რესპუბლიკური პარტიის საპრეზიდენტო კანდიდატი, დონალდ ტრამპიც იყო.

FBI-ის აგენტმა მერჩანტის ქმედებები ირანელი აგენტების ჩაშლილ შეთქმულებასაც შეადარა, რომლის მიხედვითაც 2020 წელს ირანელი აგენტები, ირანის ისლამური რევოლუციის გვარდიის კორპუსის (IRGC) მაღალი რანგის წევრის, ყასემ სოლეიმანის მკვლელობისთვის შურისძიების მიზნით, ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში ტრამპის ყოფილი მრჩევლის, ჯონ ბოლტონის მკვლელობას გეგმავდნენ

ცნობისთვის, დონალდ ტრამპის პრეზიდენტობის პერიოდში (2016-2020 წლები) აშშ-ს იერიშის შედეგად ირანის ისლამური რევოლუციის გვარდიის კორპუსის (IRGC) მაღალი რანგის წევრი, ყასემ სოლეიმანი მოკვდა, აშშ-მ ირანს ეკონომიკური სანქციები თავიდან დაუწესა, IRGC უცხოურ ტერორისტულ ორგანიზაციად გამოაცხადა და ირანის ბირთვული შეთანხმებიდან გამოვიდა. 

კომენტარები