საქართველოს დამოუკიდებლობის დღე

პრეზიდენტი: ქართული სახელმწიფოს განსაკუთრებულობა ჩვენს მრავალფეროვნებაშია

გილოცავთ საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის 100 წლისთავს. გილოცავთ თქვენ, შეიარაღებული ძალების ჯარისკაცებო. გილოცავთ იმიტომ, რომ ჩვენი წინაპრების მახვილი და დროშა არასდროს დაგიწევიათ და დღესაც ამაყად ემსახურებით სამშობლოს ქვეყნის შიგნით და საერთაშორისო მისიებში. პატივს მივაგებ თქვენს თანამებრძოლებს, რომლებმაც სიცოცხლე ჩვენს სამშობლოს შესწირეს. ვულოცავ ჩვენს აფხაზ და ოს თანამემამულეებს,იმიტომ, რომ საქართველოს გამთლიანება მათთან ერთად მოხდება და იმიტომ, რომ 1991 წელს, როდესაც ჩვენ თავისუფლებას აღვადგენდით, ჩვენ ერთად ვიდექით იმ რეფერენდუმში, რომელმაც მთელ მსოფლიოს და ჩვენს ერს ნათლად უთხრა, რომ საქართველო დამოუკიდებელი ქვეყანაა. თქვენო უწმინდესობავ, ქართულ ეკლესიას ვულოცავ თქვენთად ერთად, იმიტომ, რომ საუკუნეების განმავლობაში სწორედ ეკლესიის სიწმინდე გვაძლევდა ჩვენ და ჩვენს წინაპრებს უნარს, შეგვენარჩუნებინა ჩვენი სახელმწიფობრიობა. ვულოცავ უმცირესობის უკლებლივ ყველა წარმომადგენელს, რადგან ქართული სახელმწიფოს განსაკუთრებულობა სწორედ ჩვენს მრავალფეროვნებაშია და იმის აღიარებაშია, რომ განსხვავებულები ვქმნით ერთ ძლიერ სახელმწიფოს. ვულოცავ დღევანდელ დღეს ჩვენი დიასპორის წარმომადგენლებს. ისინი მთელი მსოფლიოს მასშტაბით ჩვენთან ერთად ზეიმობენ. მათი წინაპრების ღვაწლმა მოიყვანა ჩვენი ქვეყანა დღევანდელ დღემდე და ის პირველი დამოუკიდებლობაც მათმა წინაპრებმა გამოაცხადეს. დღევანდელ დღეს ვულოცავ ჩვენი კულტურის, სპორტის, მეცნიერების წარმომადგენლებს. მათი გამარჯვებები ამ კვირის განმავლობაში კიდევ ერთხელ ვიზეიმეთ. დღევანდელ დღეს ვულოცავ იმ ქართულ ოჯახებს, რომლებიც რთულ ვითარებაში არ შედრკნენ და ამ ქვეყნის ყველა სირთულე თავის თავზე გადაიტანეს და საკუთარი ოჯახის გაძლიერებით აძლიერებენ ჩვენს სამშობლოს“

საქართველოს პრემზიდენტის გიორგი მარგველაშვილის გამოსვლა დამოუკიდებლობის დღეს, ფიცის დადების ცერემონიალზე

კომენტარები