ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის ახალი კვლევის თანახმად, ხვალ რომ საპარლამენტო არჩევნები იყოს, გამოკითხულთა 57% სავარაუდოდ მიიღებდა არჩევნებში მონაწილეობას. მათგან 31% ქართულ ოცნებას დაუჭერდა მხარს, 9% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას, ხოლო 5% - ევროპულ საქართველოს. არჩევნებზე მიმსვლელთა 8% არც ერთ პარტიას არ მისცემდა ხმას, 29%-მა არ იცის, ხოლო 10% პასუხზე უარს ამბობს.
რაც შეეხება გამოკითხულთა საერთო რაოდენობას (ვინც წავა არჩევნებზე და ვინც არ წავა), მათი 26% ქართულ ოცნებას მისცემდა ხმას, 8% - ერთიან ნაციონალურ მოძრაობას, ხოლო 4% - ევროპულ საქართველოს. 13% ამბობს, რომ არც ერთ პარტიას არ მისცემდა ხმას, ხოლო 10% პასუხზე უარს ამბობს.
კვლევის საველე სამუშაოები ჩატარდა 20 მარტი-4 აპრილის პერიოდში, საქართველოს მასშტაბით (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით), 2 194 პირისპირ ინტერვიუს წარმომადგენლობითი შერჩევის საფუძველზე. ცდომილების ზღვარი +-2.2%-ია.
NDI-ის კვლევები ხორციელდება დიდი ბრიტანეთის მთავრობის UK aid-ის ფინანსური ხელშეწყობით. გამოკითხვას ატარებს CRRC-საქართველო.





