ნატო-რუსეთი

სახ. დეპარტამენტი: ნატო რუსეთთან ჯერჯერობით ძველი ურთიერთობის აღდგენას არ აპირებს

მაიკ პომპეო
Getty Images

სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლის, ჰიზერ ნოიერის, განცხადებით, სახელმწიფო მდივანი მაიკ პომპეო კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ნატო-სა და რუსეთს შორის დადებითი ურთიერთობა მანამ არ განახლდება, სანამ კრემლი ნაკისრ ვალდებულებას არ შეასრულებს. 

"სახელმწიფო მდივანი პომპეო და ნატო-ს საგარეო საქმეთა მინისტრები ადასტურებენ, რომ ნატო რუსეთთან ძველი ურთიერთობის აღდგენას არ აპირებს მანამ, სანამ რუსეთი არ შეასრულებს მინსკის შეთანხმებით გათვალისწინებულ ვალდებულებებს, არ გაიყვანს ძალებსა და მხარდამჭერებს დონბასიდან და არ დაუბრუნებს უკრაინას ყირიმზე კონტროლს,"- დაწერა ნოერმა Twitter-ის ოფიციალურ გვერდზე. 

აშშ-ის სენატმა სახელმწიფო მდივნის პოსტზე პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მიერ წამოყენებულ მაიკ პომპეოს კანდიდატურას მხარი 24 აპრილს დაუჭირა.

პომპეო პოსტზე სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტმა 11 ხმით 9-ის წინააღმდეგ დაამტკიცა.

შეგახსენებთ, რომ 13 მარტს აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა Twitter-ზე დაწერა, რომ სახელმწიფო მდივნის პოსტზე რექს ტილერსონს CIA-ს ხელმძღვანეილ, მაიკ პომპეო ჩაანაცვლებდა.

რესპუბლიკური პარტიის წევრი ყოფილი კანზასელი კონგრესმენი ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს დირექტორად დონალდ ტრამპმა გასული წლის იანვარში დანიშნა. სამხედრო კარიერის მანძილზე პომპეო, რომელმაც West Point-ის სამხედრო აკადემია დაამთავრა ცივი ომის დროს დასავლეთ ბერლინში მსახურობდა, ხოლო შემდეგ სპარსეთის ყურის ომშიც მიიღო მონაწილეობა. ამის შემდეგ მან ჰარვარდის უნივერსიტეტში იურისპრუდენცია ისწავლა და კონგრესში არჩევამდე ბიზნესმენი იყო.

მაიკ პომპეოს შესახებ დამატებითი ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ ტაბულას სტატიაში.

კომენტარები