ე.წ კანონიერი ქურდები

თბილისსა და კახეთში ერთდროულად, კრიმინალური სამყაროს 3 წევრი დააკავეს

შსს

შსს-ს თანამშრომლებმა ევროპოლთან შეთანხმებით, თბილისსა და კახეთში ერთდროულად, კრიმინალური სამყაროს 3 წევრი დააკავეს. შსს-ს ინფორმაციით, მათ აქტიური კავშირი ჰქონდათ ევროპაში მყოფ ქართველ ე.წ. კანონიერ ქურდებთან, მათგან დავალებებს იღებდნენ და „ქურდული სამყაროს“ მიერ დადგენილი წესებით მოქმედებდნენ. შსს-ს ინფორმაციითვე, სამივე დაკავებული წარსულში ნასამართლევია. თბილისში, მახათას აღმართის მიმდებარე ტერიტორიაზე დაკავებულ იქნა 1989 წელს დაბადებული  დიმიტრი ჭრელაშვილი. სიღნაღის რაიონის სოფელ ძველ ანაგაში - 1973 წელს დაბადებული გივი ბეგიაშვილი, თბილისში, მუხიანი მე-3 მიკრორაიონში კი - 1993 წელს დაბადებული კახა ბეჟიტაშვილი.

"ბრალდებულები აღიარებენ ე.წ. „ქურდულ სამყაროს“. ისინი მონაწილეობას იღებდნენ „ქურდულ გარჩევებში“ და აქტიური კავშირი ჰქონდათ ევროპაში მყოფ ქართველ კანონიერ ქურდებთან - მალხაზ ზედელაშვილთან, კახა შავლიაშვილთან, აბესალომ პაპიაშვილთან და გიორგი ხატიაშვილთან. გამოძიებამ დაადგინა, რომ ჯგუფის სამივე წევრმა ერთ-ერთ მოქალაქეს ქურდული გარჩევა მოუწყო, ოჯახის წევრებისა და ქონების განადგურების მუქარით  60 000 ლარის გადახდა მოსთხოვეს." - წერია შსს-ს განცხადებაში. 

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 223 პრიმა მუხლით მიმდინარეობს, რაც  ქურდული სამყაროს წევრობას გულისხმობს. დანაშაული 5-დან 8 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

კომენტარები