არჩილ ტატუნაშვილის საქმე

PACE: მოვუწოდებთ სეპარატისტულ მთავრობას და რუსეთს, გაათავისუფლონ საქართველოს მოქალაქეები

assembly.coe.int

საქართველოზე მომუშავე ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის თანამომხსენებლები ქერსთინ ლანდგრენი და ტიტუს კორლატინი ოკუპირებული ცხინვალის ე.წ ციხეში დე ფაქტო სამართალდამცავების მიერ საქართველოს მოქალაქის არჩილ ტატუნაშვილის მკვლელობას გამოეხმაურნენ. 

მათ ოკუპირებული რეგიონის მარიონეტ მთავრობასა და რუსეთს მოუწოდეს, გაათავისუფლონ ის 2 პირი, რომელიც ტატუნაშვილთან ერთად დააკავეს. 

"მოვუწოდებთ სეპარატისტულ მთავრობას, ასევე რუსეთის ფედერაციის მთავრობას, როგორც რეგიონში დე ფაქტო კონტროლის მქონეს, რომ ჩაატარონ სრულყოფილი და გამჭვირვალე გამოძიება არჩილ ტატუნაშვილის გარდაცვალების ფაქტთან დაკავშირებით და დასაჯონ ამ ამბავში პასუხიმსგებელი პირები. დამატებით, ჩვენ მოვუწოდებთ დაუყონებლივ გაათავისუფლონ და გაუშვან თბილისის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე საქართველოს 2 მოქალაქე, რომელიც ტატუნაშვილთან ერთად დააპატიმრეს,"- წერია განცხადებაში. 

ამასთან, ისინი კიდევ ერთხელ დაადასტურეს მხარდაჭერა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტისადმი მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. 

დღეს ერგნეთის შეხვედრა უშედეგოდ დასრულდა. ე.წ სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო მთავრობა არჩილ ტატუნაშვილის ცხედარს კიდევ რამდენიმე დღეს არ გადასცემს ოჯახს. მათი თქმით, "სიღრმისეული ექსპერტიზა" რუსეთმა უნდა ჩაატაროს. 

არჩილ ტატუნაშვილი 2018 წლის 22 თებერვალს ლევან ქუტაშვილთან და იოსებ პავლიაშვილთან ერთად ოკუპირებული რეჟიმის წარმომადგენლებმა დააკავეს. მომდევნო დღეს კი ტატუნაშვილი ოკუპირებულ ქალაქ ცხინვალის საავადმყოფოში გარდაიცვალა. სუს-ის ცნობით, მას ცხინვალის საპატიმროში გადაყვანისას სცემეს. საქართველოს სახალხო დამცველმა კი თქვა, რომ ტატუნაშვილი ციხეში უკვე გარდაცვლილი მიიყვანეს. 

რაც შეეხება ლევან ქუტაშვილს და იოსებ პავლიაშვილს, ისინი ცხინვალის ე.წ ციხიდან გათავისუფლებულები არიან, თუმცა ოკუპირებულ ახალგორში იმყოფებიან და სოფელ წილკანში ვერ ბრუნდებიან.

კომენტარები