არჩილ ტატუნაშვილის საქმე

"რუსეთი ექსპერტიზას ატარებს" - ტატუნაშვილის ცხედრის გადმოცემაზე ამ ეტაპზე უარი თქვეს

ამერიკის ხმა

ერგნეთში, ინციდენტების პრევენციის და მათზე რეაგირების მექანიზმის ჯგუფის არაგეგმური შეხვედრა დასრულდა. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენლის კახა ქემოკლიძის თქმით, დე-ფაქტო ცხინვალის წარმომადგენლებმა არჩილ ტატუნაშვილის ცხედრის გადმოცემაზე ამ ეტაპზე უარი თქვეს.

"ისინი აცხადებენ, რომ დასაწყისში, როდესაც ცხედარი დაათვალიერეს, ვერ შეძლეს სიღრმისეული ექსპერტიზა. მათ სთხოვეს რუსეთის ფედერაციას, ჩაატაროს ცხედრის სიღრმისეული საექსპერტო ანალიზი, რაც გარკვეულ დროს მოითხოვს. ჩვენ მოვთხოვეთ, ეს დრო შემცირდეს მაქსიმალურად, მაგრამ მათი განცხადებით, ამ პერიოდმა შესაძლოა რამდენიმე დღეს მაინც გასტანოს" - თქვა ქემოკლიძემ.

სუს-ის წარმომადგენლის თქმით, სავარაუდოდ, დეფაქტო რეჟიმის წარმომადგენლებთან ცხელი ხაზის მეშვეობითაც შედგება კონტაქტი.

"რათა მივიღოთ ზუსტი პასუხი რუსეთის საექსპერტო სამსახურის წარმომადგენლებისგან - რა დრო დასჭირდებათ ექსპერტიზისთვის" - განაცხადა ქემოკლიძემ.

სუს-ის წარმომადგენლის თქმით, ლეგიტიმური საფუძველი აქვს ეჭვებს, რომ ცხედარს რუსეთი ექსპერტიზას კვალის დაფარვის გამო უტარებს.

რაც შეეხება ტატუნაშვილთან ერთად დაკავებულ საქართველოს ორ მოქალაქეს, სუს-მა ერგნეთში გამართულ არაგეგმურ შეხვედრაზე კონკრეტული პასუხი ვერც მათ გათავისუფლებაზე მიიღო.

"ამ თემაზე მუშაობა გაგრძელდება, ველოდებით კიდევ უფრო გააქტიურებას საერთაშორისო საზოგადოების. მნიშვნელოვანია გაიზარდოს წნეხი დეფაქტო ხელისუფლებაზე და ყველა იმ აქტორზე, რომელსაც გადაწყვეტილების მიღება შეუძლია" - თქვა კახა ქემოკლიძემ.

არჩილ ტატუნაშვილი 2018 წლის 22 თებერვალს ლევან ქუტაშვილთან და იოსებ პავლიაშვილთან ერთად ოკუპირებული რეჟიმის წარმომადგენლებმა დააკავეს. მომდევნო დღეს კი ტატუნაშვილი ოკუპირებულ ქალაქ ცხინვალის საავადმყოფოში გარდაიცვალა. სუს-ის ცნობით, მას ცხინვალის საპატიმროში გადაყვანისას სცემეს. საქართველოს სახალხო დამცველმა კი თქვა, რომ ტატუნაშვილი ციხეში უკვე გარდაცვლილი მიიყვანეს. 

რაც შეეხება ლევან ქუტაშვილს და იოსებ პავლიაშვილს, ისინი ცხინვალის ე.წ ციხიდან გათავისუფლებულები არიან, თუმცა ოკუპირებულ ახალგორში იმყოფებიან და სოფელ წილკანში ვერ ბრუნდებიან. 

კომენტარები