საყოველთაო ჯანდაცვა

ჯანდაცვის სამინისტრომ საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის გადასარჩენად 40 მლნ გამოყო

ტაბულა

საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის 660-მილიონიანი ბიუჯეტი ამოიწურა, რის გამოც სახელმწიფომ პროგრამის შეუფერხებელი ოპერირებისთვის დამატებითი ფინანსური რესურსი გამოყო. ფინანსთა სამინისტროს ხაზინის ოპერატიული მონაცემებიდან გაირკვა, რომ ჯანდაცვის სამინისტროს შიდა რესურსების გადაჯგუფების შედეგად საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამისთვის 40 მილიონი ლარი დაუმატებია, რის შედეგადაც პროგრამის ბიუჯეტი 700 მილიონამდე გაიზარდა. დამატებული 40 მილიონიდან 5 მილიონის ხარჯი უკვე გაწეულია. ხარჯვის არსებული ტემპით პროგრამა სავარაუდოდ 31 დეკემბრამდე შეუფერხებლად მიაღწევს. 

უკონტროლო ხარჯები

საყოველთაო ჯანდაცვის ბიუჯეტის დროზე ადრე ამოწურვა გაქცეულმა ხარჯებმა გამოიწვია. პირვანდელი გეგმის მიხედვით, პროგრამის საშუალო ყოველდღიური ხარჯები 1.80 მილიონი უნდა ყოფილიყო, თუმცა სინამდვილეში პროგრამის ხარჯი დღეში 1.89 მილიონს შეადგენდა, ამიტომაც ახალ წლამდე 17 დღით ადრე პროგრამის ბიუჯეტი ამოიწურა.

მთავრობას საყოველთაო ჯანდაცვის ბიუჯეტი არც 2016 და 2015 წლებშიც არ ეყო. 2016 წლის 7 ნოემბერს პროგრამის 570-მილიონიანი ბიუჯეტი ამოიწურა, რის საპასუხოდაც ჯანდაცვის სამინისტრომ მას საკუთარი შიდა რესურსების გადაჯგუფებით 35 მილიონი ლარი დაუმატა. დამატებული 35 მილიონი 12 დეკემბერს ამოიწურა, რის გამოც ჯანდაცვის სამინისტრომ მას კიდევ 18 მილიონი დაუმატა.

ანალოგიური შემთხვევა მოხდა 2015 წელსაც, როდესაც პროგრამის ბიუჯეტი ნოემბერში ამოიწურა, რის გამოც მთავრობამ მის დასაფინანსებლად ბიუჯეტის კორექტირება მოახდინა და პროგრამას 100 მილიონი ლარი დაამატა. 

ჯანდაცვის სამინისტრომ საყოველთაო ჯანდაცვაზე მისამართი თანხა სოციალური დახმარებების გაცემის მუხლს მოაკლო.

ალბათობა, რომ პროგრამის ბიუჯეტი 2018 წელსაც ნაადრევად ამოიწუროს გაზრდილია

საინტერესოა, რომ 2018 წლის ბიუჯეტის მიხედვით, საყოველთაო ჯანდაცვაზე 704 მილიონი ლარია გამოყოფილი, რაც 2017 წლის ფაქტობრივ შესრულებაზე მხოლოდ 4 მილიონი ლარით მეტია. იქიდან გამომდინარე, რომ ყოველწლიურად პროგრამის შენახვა იმაზე ძვირი ჯდება, ვიდრე ეს ბიუჯეტის თავდაპირველი ვერსიით არის გათვალისწინებული, არსებობს ალბათობა რომ ის 2018 წელსაც ნაადრევად ამოიწუროს.

გაზრდილი ხარჯების საპასუხოდ 2017 წლის მაისში საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში ცვლილებები შევიდა, რომლის შედეგადაც პროგრამიდან მაღალშემოსავლიანი პირები (თვეში 3.3 ათას ლარზე მეტი შემოსავლის მქონე პირები, ჯამში 32 000 პირი) პროგრამიდან ამოვარდნენ. ასევე, მათ ვისი შემოსავლებიც თვეში 900-3.300 ლარია შეუმცირდათ სახელმწიფოს თანადაფინანსებების მოცულობები.

უფრო სრულად თუ რა ცვლილებები შევიდა პროგრამაში შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე.

 

კომენტარები