ტექდათვალიერება

ტექდათვალიერების გარეშე მოძრაობა 50-ლარიანი ჯარიმით დაისჯება

georgiastartshere.com

პარლამენტში შევიდა საავტომობილო ტრანსპორტის შესახებ კანონში შესატანი ცვლილებათა პაკეტი, რომელიც სავალდებულო ტექდათვალიერების გარეშე მოძრაობისთვის ჯარიმებს ადგენს. ეკონომიკის სამინისტროს მერ მომზადებული კანონპროექტის მიხედვით, ავტომფლობელები ტექდათვალიერების გავლის გარეშე მოძრაობისთვის 50 ლარით დაჯარიმდებიან, იურიდიული პირებისთვის კი ჯარიმა 200 ლარი იქნება.

თუ პირები ჯარიმას გადაიხდიან მათ ტექდათვალიერების გავლა მაინც მოუწევთ, ჯარიმის არგადახდის შემთხვევაში კი მათ მაქსიმუმ 500-ლარიანი საურავი დაეკისრებათ. თუ პირები საურავს არ გადაიხდიან აღნიშნულ ავტომობილს მოძრაობის უფლება 6 თვის ვადით შეუჩერდება. 

ეკონომიკის სამინისტრო ტექდათვალიერების ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილს, ავტომობილებისთვის დაწესებულ ტექნიკური რეგლამენტს ჯერ არ ასაჯაროებს. სწორედ ტექნიკურ რეგლამენტზე არის დამოკიდებული ის თუ რა მოთხოვნების დაკმაყოფილება მოუწევთ ავტომფლობელებს.

ქვეყანაში ტექდათვალიერების ამოქმედება 2018 წლის 1 იანვრიდან იგეგმება. პროექტის მიხედვით შემოწმება ქვეყანაში არსებულმა მთელმა ავტოპარკმა (1.19 მილიონი ავტომობილი) 2020 წლამდე პერიოდში უნდა გაიაროს. (რა რიგითობის მიხედვით გაივლიან ავტომობილები დათვალიერებას ამ დროისთვის უცნობია).

მას შემდეგ, რაც ყველა ავტომობილი შემოწმდება დაინერგება წესი, რომლის მიხედვითაც 4 წლამდე ავტომანქანებისთვის ინსპექტირება არ იქნება საჭირო, 4-დან 6 წლამდე - ორ წელიწადში ერთხელ, ხოლო 6 წლის ზემოთ ასაკის ავტომანქანებისთვის -ყოველწლიურად. ინსპექტირების საფასური დაახლოებით 60 ლარი იქნება.

ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, ყველა ავტომფლობელს, რომლის სატრანსპორტო საშუალებასაც ინსპექტირების გავლის დროს აღმოაჩნდება ისეთი ხარვეზი, რაც ეწინააღმდეგება დადგენილ მოთხოვნებს, მიეცემა გონივრული ვადა (სავარაუდოდ, ერთთვიანი) პრობლემის მოსაგვარებლად.

რა შეიძლება დაუჯდეს საქართველოს მოსახლეობას ტექდათვალიერების აღდგენა:

შინაგან საქმეთა სამინისტროს ანგარიშის მიხედვით, ქვეყანაში რეგისტრირებულია 1.19 მილიონი ავტომობილი. მათი უმეტესი ნაწილი მოძველებულია. სტატისტიკის მიხედვით, ავტომობილების 90% (1.08 მილიონი ავტომობილი) 10 წელზე დიდი ხნის წინაა გამოშვებული, მათი 46.1% (550 ათასი ავტომობილი) კი 20 წელზე ძველია. 

გამოშვების წლების მიხედვით ავტომობილების ზუსტი სტატისტიკა:

  • 1-დან 3 წლამდე - 15 ათასი ავტომობილი, მთლიანი რაოდენობის 1.2%
  • 4-დან 6 წლამდე - 27 ათასი ავტომობილი, მთლიანი რაოდენობის 2.2%
  • 7-დან 10 წლამდე - 63.8 ათასი ავტომობილი, მთლიანი რაოდენობის 5.3%
  • 11-დან 20 წლამდე - 450 ათასი ავტომობილი, მთლიანი რაოდენობის 45%
  • 20+ წლის - 550 ათასი ავტომობილი, მთლიანი რაოდენობის 46.1%

რეფორმის ამოქმედების შემდეგ 1.19 მილიონი ავტომობილის ტესტირებაზე გაყვანა (60 ლარის მოსაკრებლის შემთხვევაში) 71.6 მილიონი ლარი დაჯდება. ეს ნიშნავს რომ ავტომობილის მხოლოდ ტესტირებაზე მიყვანა საქართველოს მოქალაქეებს თითქმის 72 მილიონი ლარი დაუდჯებათ.

რეფორმა მოსახლეობას საკუთარი ავტომობილის მინიმალურ ტექნიკურ მოთხოვნებამდე გამართვას ავალდებულებს, ეს კი ნიშნავს რომ მათ სხვადასხვა სახის ტექნიკურ შეკეთებებზე მილიონობით ლარის დახარჯვა მოუწევთ.

თურქეთის შემთხვევაში ტექნიკური დათვალიერების შემოღებამ მთლიანი ავტოპარკის 5%-ის სრული შეჩერება გამოიწვია. ეს კი მიანიშნებს, რომ საქართველოს მოძველებული ავტოპარკის გარკვეული ნაწილი ვერც შეკეთებისა და ხელახალი ტესტირების გავლის შემდეგ შეძლებს მოთხოვნების დაკმაყოფილებას, რაც ათასობით ავტომობილის სრულ შეჩერებას და მათ ჯართად/სათადარიგო ნაწილებად გადაქცევას გამოიწვევს.

წარმოგიდგენთ ტექდათვალიერების მთლიანი საზოგადოებრივი დანახარჯის პირობით კალკულაციას. მოდელირება ეფუძნება დაშვებას რომ პირველად ტესტირებაზე:

  • 1-დან 3 წლამდე ავტომობილების 100% წარმატებით გაივლის ტესტირებას
  • 4-დან 6 წლამდე ავტომობილების 95% წარმატებით გაივლის ტესტირებას
  • 7-დან 10 წლამდე ავტომობილების 85% წარმატებით გაივლის ტესტირებას
  • 11-დან 20 წლამდე ავტომობილების 75% წარმატებით გაივლის ტესტირებას
  • 20+ წლის ავტომობილების 70% წარმატებით გაივლის ტესტირებას
  • ტესტირების წარმატებით გავლის საშუალო მაჩვენებელი 74% (პირველად ტესტირებაზე მსგავსი მაჩვენებელი იყო თურქეთის შემთხვევაშიც)

ავტომობილებს, რომლებიც პირველად ტესტირებაზე მოთხოვნებს ვერ დააკმაყოფილებენ მიეცემათ სავარაუდოდ ერთთვიანი ვადა, რათა ტექნიკური ხარვეზები გამოასწორონ და ხელახალ ტესტირებაზე გავიდნენ.

ხელახალი ტესტირებისთვის მომზადება ავტომფლობელთათვის დამატებით ხარჯს წარმოადგენს (სერვისცენტრში მიყვანის ხარჯები და დრო რომელიც ავტომობილის შეკეთებასთანაა დაკავშირებული, რადგანაც ამ პერიოდში ავტომფლობელები ავტომობილს ვერ იყენებენ). 

იმ შემთხვევაში თუ ერთი ავტომობილის შეკეთების გასაშუალოებული ღირებულება 500 ლარი იქნება, მოსახლეობისთვის "ჩაჭრილი" ავტომობილების შეკეთების ხარჯები ასე გამოიყურება:

პირობითი ხარჯები მოცემულია ავტომობილის გამოშვების წლების ჯგუფების მიხედვით:

  • 1-დან 3 წლამდე ავტომობილები - 0 ლარი
  • 4-დან 6 წლამდე ავტომობილები - 676 ათასი ლარი
  • 7-დან 10 წლამდე ავტომობილები - 4.8 მილიონი ლარი
  • 11-დან 20 წლამდე ავტომობილები - 67.2 მილიონი ლარი
  • 20+ წლის ავტომობილები - 82.6 მილიონი ლარი
  • საერთო ღირებულება - 155.2 მილიონი ლარი

ეს კი ნიშნავს, რომ მხოლოდ ამ დაშვებით მოსახლეობას ჯერ 72 მილიონი ლარის დახარჯვა მოუწევს ტესტირების გავლაზე, ხოლო მათ შემდგომ შეკეთებაზე 155 მილიონი ლარის ხარჯის გაწევა. ეს კი ჯამში 226 მილიონ ლარს შეადგენს.

ეს კალკულაცია არ შეიცავს იმ დანახარჯებს რომლებიც დაკავშირებულია ხელახალი ტესტირების წარუმატებლობით გავლასთან, რაც იმას ნიშნავს, რომ ამ ავტომობილებს მოძრაობის უფლება შეეზღუდებათ. მოძრაობის უფლების გარეშე კი ასეთი ავტომობილების ღირებულება მკვეთრად შემცირდება. მეტიც, მათი სრულად ჩამოწერაც კი შეიძლება მოხდეს. ამ სახის ხარჯებმა შესაძლოა, ათობით მილიონ ლარს გადააჭარბოს. 

რეფორმა მოსახლეობას საკუთარი ავტომობილების შეკეთებისკენ უბიძგებს, რაც ავტოსერვისზე მოთხოვნის ზრდას გამოიწვევს, რის შედეგადაც შესაძლოა, სერვისის ღირებულება გაიზარდოს. 

ავტოტრანსპორტის პერიოდული ტექნიკური ტესტირების შემოღების ვალდებულება საქართველომ ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებით აიღო. ტექდათვალიერების აღდგენაზე ქართული ოცნების ხელისუფლება მესამე წელია საუბრობს და ის უკვე რამდენჯერმე გადაიდო. თავდაპირველად მისი აღდგენა 2015 წლის მარტში იგეგმებოდა.

კომენტარები