ტექდათვალიერება

ტექდათვალიერებაზე გასული ავტომობილების 25% პირველად ტესტირებაზე ჩაიჭრა

Bayram Isgandarov / newscafe.ge

ავტოსატრანსპორტო საშუალებების სავალდებულო ტექნიკური ინსპექტირება 2018 წლის 1 იანვრიდან დაიწყო. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინფორმაციით, 2018 წლის 20 ივნისის მდგომარეობით, ტექდათვალიერებაზე 36,394 ავტოსატრანსპორტო საშუალება იყო მისული, საიდანაც 9,251-მა, ანუ 25%-მა გაუმართავობის გამო, პირველადი ტესტირება ვერ გადალახა. ამ ავტომობილებს მდგომარეობის გამოსასწორებლად ერთთვიანი ვადა მიეცათ.

დღეის მდგომარეობით, პირველად ტესტირებაზე ჩაჭრილი 9,251 ავტომობილიდან განმეორებით ტესტირებაზე მისული იყო 5,953 ავტომობილი, საიდანაც 243-მა ვერც განმეორებითი ტესტირება ვერ გადალახა.

ამასთანავე შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, 2018 წლის იანვარ-მაისში პოლიციამ სავალდებულო ტექდათვალიერების გარეშე მოძრაობისთვის დააჯარიმა 2,555 ავტომობილი. ჯარიმა 50 ლარს შეადგენს.

ავტომობილების კონკრეტული ტიპების მიხედვით ტექდათვალიერების შედეგები ასეთია:

  • ავტობუსი - სულ: 15 000 ერთეული
  • გამართულბის კოეფიციენტი: 74.5%
  • გაუმართავობის კოეფიციენტი: 25.5%
  • მიკროავტობუსი - სულ: 513 ერთეული
  • გამართულობის კოეფიციენტი: 62%
  • გაუმართავობის კოეფიციენტი: 38%
  • სატვირთო - სულ: 3999 ერთეული
  • გამართული: 67.3%
  • დახარვეზებული: 32.7%
  • ფურგონი - სულ: 4291
  • გამართული: 68%
  • დახარვეზებული: 32%

2018 წლის პირველი ივლისიდან სახელმწიფო უწყებებისა და იურიდიული პირების კუთვნილი ავტოსატრანსპორტო საშუალებების სავალდებულო პერიოდული ტექნიკური ინსპექტირება დაიწყება.

ტესტირება ავტომობილის გამართულობის თითქმის ყველა ასპექტს ეხება დაწყებული მუხრუჭებით, დამთავრებული გამონაბოლქვში მავნე აირების შემცველობით. ტესტირების საფასური მსუბუქი ავტომობილებისთვის 60 ლარი იქნება, თუ ავტომობილი პირველ ჯერზე ვერ გაივლის ტესტირებას მას ხარვეზების გამოსასწორებლად 1 თვე მიეცემა, რის შემდეგაც ის ხელმეორე ტესტირებაზე გავა, თუ მეორე ტესტირებაც წარუმატებლად გაიარა, მაშინ ავტომობილს მოძრაობის უფლება ჩამოერთმევა.

თბილისის მერი კახა კალაძე ამბობს, რომ ტექდათვალიერების პროცესი მოსახლეობისთვის სავარაუდოდ მტკიცნეული იქნება, რადგანაც მაღალი ალბათობით ბევრი ავტომობილი მას ვერ გაივლის. 

"ვიცით, რომ 1 ივლისიდან სახელმწიფო დაწესებულებების ავტომობილების, ხოლო 1 იანვრიდან უკვე კერძო ავტომანქანების ტექდათვალიერება იწყება, რაც ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯია და ჩემი თხოვნა იქნება, რომ ეს ყველაფერი პოლიტიკური მიზნებისთვის არ იყოს გამოყენებული. პროცესი მტკივნეული იქნება, ბევრი ავტომანქანა, სავარაუდოდ, ვერ გაივლის ტექდათვალიერებას", - ამბობს კალაძე.

საქართველოში 1.19 მილიონი ავტომობილია, მათი 46% 20 წელზე მეტი ხნის წინაა გამოშვებული.

კომენტარები