მიხეილ სააკაშვილის მოქალაქეობა

უკრაინის გენ. პროკურორი: მიხეილ სააკაშვილის ექსტრადიცია შესაძლებელია

unian.net

უკრაინის გენერალური პროკურორის იური ლუცენკოს ცნობით, სახელმწიფო საიმიგრაციო უწყებამ მიხეილ სააკაშვილისთვის ლტოლვილის სტატუსის მინიჭებაზე უარი განაცხადა. 

"ჩვენ სიახლე გვაქვს. თუკი აქამდე ვაცხადებდი, რომ სააკაშვილს აქვს სტატუსი, რომელიც მის დეპორტაციასა თუ ექსტრადიციას, ნებისმიერი ფორმით, შეუძლებელს ხდის, ახლა გეუბნებით, რომ სახელმწიფო საიმიგრაციო უწყებამ უარი განაცხადა მისთვის ლტოლვილის სტატუსის გადაცემაზე, რომლის მოთხოვნაზეც მას განცხადება ჰქონდა დაწერილი. და ბატონ სააკაშვილს, როგორც ყოველთვის, არც ამჯერად მიუმართავს სასამართლოსთვის საჩივრით,"- განაცხადა ლუცენკომ ჟურნალისტებთან საუბრისას. 

აქედან გამომდინარე, როგორც თავად ლუცენკო აღნიშნავს, არ არსებობს არანაირი მდგომარეობა, რაც ექსპრეზიდენტის დეპორტაციასა თუ ექსტრადიციას შეუძლებელს გახდის. 

"და, მე მგონი, სახელმწიფო საიმიგრაციო უწყებას ამის შესახებ ინფორმაცია აქვს,"- ხაზს უსვამს ლუცენკო. 

საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს უკრაინის მოქალაქეობა 26 ივლისს ჩამოართვეს.

პეტრო პოროშენკომ მიხეილ სააკაშვილს უკრაინის მოქალაქეობა 2015 წლის მაისში მიანიჭა, რა დროსაც, საქართველოს მოქალაქეობა დაკარგა. ის მალევე ოდესის გუბერნატორად დაინიშნა. 2016 წლის ნოემბერში სააკაშვილმა თანამდებობა დატოვა და პეტრო პოროშენკოს ოპოზიციაში გადავიდა. 

10 სექტემბერს, მოქალაქეობის დაბრუნების მოთხოვნით, მიხეილ სააკაშვილმა უკრაინის საზღვარი მხარდამჭერებთან და უკრაინის ყველაზე რეიტინგულ ოპოზიციურ პოლიტიკოსთან იულია ტიმოშენკოსთან ერთად გაარღვია. ამჟამად ის ლვოვში იმყოფება.

მიხეილ სააკაშვილის და მისი მხარდაჭერების მხრიდან უკრაინის საზღვრის უკანონო გადაკვეთის ფაქტზე ლვოვის პოლიციამ გამოძიება 11 სექტემბერს დაიწყო. საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 332-ე მუხლის პირველი ნაწილით აღიძრა, რაც ხუთწლიან პატიმრობას ითვალისწინებს. 

უკრაინის პოლიციის მტკიცებით, "შეგინის" საკონტროლო გამშვებ პუნქტზე, საზოგადოებრივი უსაფრთხოების და წესრიგის დაცვისას, 11 პოლიციელი დაშავდა.

ქართულმა მხარემ უკრაინას მიხეილ სააკაშვილის ექსტრადიციის მოთხოვნით 1 სექტემბერს მიმართა. უკრაინულმა მხარემ ერთხელ უკვე უარი განაცხადა სააკაშვილის საქართველოსთვის გადმოცემაზე. 

კომენტარები