მიხეილ სააკაშვილის მოქალაქეობა

სააკაშვილი: 10 სექტემბერს უკრაინაში დავბრუნდები, მე არ მეშინია

მიხეილ სააკაშვილის ცხელი ხაზი

საქართველოს ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, რომელსაც სულ ცოტა ხნის წინ უკრაინის პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ უკრაინის მოქალაქეობა ჩამოართვა, რითიც ფაქტობრივად, პასპორტის გარეშე დატოვა, ამბობს, რომ 10 სექტემბერს უკრაინაში დაბრუნდება და ბრძოლას გააგრძელებს. 

სააკაშვილი ამბობს, რომ მას არ ეშინია და ყველა კანონიერ გზას მიმართავს იმისთვის, რომ მოქალაქეობა დაიბრუნოს. 

"პოროშენკომ დაარღვია კანონიც, კონსტიტუციაც, საერთაშორისო ნორმებიც. მე არაფერს დავარღვევ. იმიტომ, რომ მე არაფერი დამირღვევია, როცა ანკეტა შევავსე. მე ცხოვრებაში განზრახ არ დამირღვევია კანონი და არ ვაპირებ კანონის დარღვევას, მითუმეტეს უკრაინაში. მევაპირებ ჩამოვიდე ყველა კანონის დაცვით. მივიდე უკრაინის სასამართლოში, იმ საშინელ უკრაინულ სასამართლოში, გამჭვირვალედ და ღიად. მე არ მეშინია. არა მხოლოდ არ მეშინია, მე ვისწრაფი ამის გაკეთებისკენ,"- ამბობს სააკაშვილი. 

სააკაშვილმა ასევე აღნიშნა, რომ შექმნა ცხელი ხაზი, რომელზეც მის უკრაინელ მხარდამჭერებს დარეკვა შეუძლიათ. 

ექსპრეზიდენტი და ოდესის ყოფილი გუბერნატორი მიიჩნევს, რომ პოროშენკომ მისთვის მოქალაქეობის ჩამორთმევით, რუსეთი გაახარა და თავისდაუნებურად, რუსებს დაეხმარა.

"პოროშენკო თავისი სამარცხვინო საქციელით უკვე ძალიან დაეხმარა რუსებს. პირველი განცხადება ვინ გააკეთა? მედვედევმა. თითქმის ყოველდღე გადაცემები გადის რუსეთის მთავარ არხებზე, ყველაფერი როგორ კარგადაა და რა მაგარი რა მშვენიერი რამ მოხდა. მოდით, ნუ გადავაქცევთ ჩემს მორიგ ვიზიტს ცირკად. არ დაუშალოთ ადამიანებს საზღვრების გადალახვა, ნუ ამოწმებთ ყველა საბარგულს. მე არ ვაპირებ საბარგულით ჩამოსვლას. მთელი ცხოვრება იმისთვის არ მიმუშავია, რომ საბარგულით ვიმგზავრო. მათ ვიღაცაში ვეშლები,"- აღნიშნავს მიხეილ სააკაშვილი.

კომენტარები