არჩევნები 2017

თალაკვაძე: ოპოზიცია წარმომადგენლებს, რაც შეიძლება მეტი საჩივრის დაწერას ავალებს

კახა კალაძის შტაბის ხელმღვანელის არჩილ თალაკვაძის თქმით ოპოზიციური პარტიები საკუთარ წარმოამდგენლებს საარჩევნო უბნებზე ავალებენ, რომ რაც შეიძლება მეტი საჩივარი დაწერონ. ამის შესახებ თალაკვაძემ პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა.

„ოპოზიციური პარტიები საკუთარ წარმომადგენლებს საარჩევნო უბნებზე აძლევენ დავალებას, რომ რაც შეიძლება მეტი საჩივარი დაიწეროს თითოეულ უბანზე და ამ გზით ცდილობენ ამომრჩევლის განწყობაზე მოახდინონ რაიმე ტიპის ზეგავლენა. მე მინდა მოვუწოდო თითოეულ ჩვენს მხარდამჭერს და ყველა ამომრჩეველს, რომ მიიღონ მონაწილეობა საარჩევნო პროცესში და მობრძანდნენ და ყოველგვარი დაბრკოლების გარეშე დააფიქსირონ საკუთარი არჩევანი.“ - ამბობს თალაკვაძე.

თალაკვაძემ ამომრჩეველთა აქტივობის აღრიცხვასთან დაკავშირებითაც ისაუბრა და თქვა, რომ ეს კეთდება საარჩევნო პროცესის მონიტორინგის მიზნით და კანონთან შესაბამისობაშია.

„საჯაროდ იყოს გაკეთებული განცხადებები ამომრჩეველთა აქტივობის აღრიცხვასთან დაკავშირებით. ამაზე მინდა ცალსახად განვაცხადო, რომ ეს არის ნებისმიერი პოლიტიკური პარტიის საორგანიზაციო საქმიანობა, სიები არის ღია და ნებისმიერ მსურველს შეუძლია აწარმოოს აღრიცხვა გარეთ თუ შიგნით საკუთარი სურვილის მიხედვით. ეს კეთდება საარჩევნო პროცესების მონიტორინგის მიზნით და შესაბამისობაშია კანონმდებლობასთან.“ - ამბობს თალაკვაძე.

დღეს, 21 ოქტომბერს საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები იმართება. საქართველოს მოქალაქეები 64 საკრებულოს 2058 წევრს აირჩევენ. გარდა ამისა, თბილისსა და რეგიონებში, ქვეყანას 64 არჩეული მერი ეყოლება.

კომენტარები