კატალონიის დამოუკიდებლობის საკითხი

კატალონიისათვის მიცემული ვადა ამოიწურა, მადრიდი პირდაპირი კონტროლის გავრცელებით იმუქრება

Reuters

კატალონიის რეგიონული მთავრობისათვის დამოკიდებლობის გამოცხადების შესახებ საბოლოო პასუხისათვის მიცემული ბოლო ვადა ამოიწურა, თუმცა რეგიონის მთავრობას ჯერ კიდევ არ დაუკონკრეტებია გამოაცხადა დამოუკიდებლობა, თუ არა.

ესპანეთის მთავრობა რეგიონის ავტონომიის გაუქმებით იმუქრება.

შეგახსენებთ, რომ პირველი ოქტომბრის დამოუკიდებლობის რეფერენდუმის შემდეგ კატალონიის პრეზიდენტმა, კარლოს პუჩემონტმა დამოუკიდებლობის დეკლარაციას მოაწერა ხელი, თუმცა მისი იმპლემენტაცია შეაჩერა და ოფიციალურ მადრიდს დიალოგისაკენ მოუწოდა. პასუხად ესპანეთის პრემიერმინისტრმა მარიანო რახოიმ პუჩემონტს ოფიციალური განცხადებით მიმართა დაეკონკრეტებინა გამოაცხადა დამოუკიდებლობა თუ არა. პუჩემონტისთვის საბოლოო პასუხის გასაცემად მიცემული ვადა ორშაბათს ამოიწურა. მას პრემიერისათვის გაგზავნილ წერილში ამ შეკითხვაზე კონკრეტული პასუხი არ გაუცია, რის გამოც საბოლოო ვადა ხუთშაბათამდე გადაუწიეს.

"არ არის ძალიან რთული უპასუხო შეკითხვას: გამოაცხადა კატალონიამ დამოუკიდებლობა თუ არა, იმიტომ, რომ თუ გამოაცხადეს, მთავრობა ვალდებულია გარკვეული ქმედებები განახორციელოს და თუ არ გამოუცხადებიათ, შეგვიძლია ვილაპარაკოთ." თქვა მარიანო რახოიმ.

ესპანეთის მთავრობას 1978 წლის კონსტიტუცია აძლევს უფლებას კრიზისის პირობებში ავტონომიურ რეგიონზე პირდაპირი მმართველობა გაავრცელოს, თუმცა ოფიციალურ მადრიდს ეს არასდროს გამოუყენებია.

უცნობის რა სახით განხორციელდება ესპანეთის მიერ პირდაპირი კონტროლის გავრცელება. კატალონიური გაზეთის La Vanguardia-ს მიხედვით ოფიციალური მადრიდი რეგიონული მთავრობის დეპარტამენტების სამართავად საკუთარ დელეგატებს დანიშნავს. პუჩემონტი ნომინალურად დარჩება კატალონიის პრეზიდენტის პოსტზე, თუმცა ყველანაირი ძალა ჩამოერთმევა. შესაძლოა ესპანეთის მთავრობამ ახალი რეგიონული არჩევნებიც დანიშნოს.

კარლოს პუჩემონტმა ესპანეთის მთავრობას სამშაბათს წერილი მისწერა, სადაც აღნიშნული იყო, რომ პირდაპირი კონტროლის გავრცელების შემთხვევაში ის დამოუკიდებლობის დეკლარაციის შეჩერებას გააუქმებს.

კომენტარები