კატალონიის დამოუკიდებლობის რეფერენდუმი

ევროპარლამენტი კატალონიას და მადრიდს დიალოგის დაწყებისკენ მოუწოდებს

express.co.uk

ევროპარლამენტმა ესპანეთის მთავრობას და კატალონიის ხელმძღვანელობას მოუწოდა, დაძაბულობის განსამუხტად და კრიზისის აღმოფხვრისთვის დიალოგი დაიწყონ. 

"საუბრის დროა", - თქვა ფრანს ტიმერმანსმა, ევროკომისიის ვიცე პრეზიდენტმა ევროპარლამენტში, სადაც დეპუტატები ესპანეთის კრიზისის განსახილველად საგანგებოდ შეიკრიბნენ. ტიმერმანსმა მხარი დაუჭირა ესპანეთის პრემიერმინისტრის, მარიანო რახოის პოზიციას იმის შესახებ, რომ კატალონიის დამოუკიდებლობის რეფერენდუმი უკანონოა. 

"თქვენ შეგიძლიათ იმუშაოთ კანონის შეცვლისთვის, მაგრამ არ შეგიძლიათ მისი იგნორირება. კანონის უზენაესობის პატივისცემა არჩევანი არ არის", - განაცხადა მან.

სააგენტო როიტერი წერს, რომ მიუხედავად ევროპარლამენტის შეფასებისა, რომ კვირას კატალონიაში ესპანეთის პოლიციის მხრიდან ძალადობა გულდასაწყვეტია, ამასთან კატალონიის დამოუკიდებლობის რეფერენდუმი უკანონოა, ბრიუსელი არ გეგმავს, დათანხმდეს კატალონიის ხელმძღვანელობის მოწოდებებს მედიაციის და ვითარებაში ჩარევის შესახებ, რადგან მიიჩნევს, რომ ესპანეთის დემოკრატიულ სისტემას კრიზისთან გამკლავება შეუძლია. 

ევროპარლამენტში პოლონეთის წარმომადგენელმა ევროკავშირი ორმაგ სტანდარტებში დაადანაშაულა იმის გამო, რომ კავშირი ზეწოლას ახდენს ვარშავაზე, მაგრამ არა მადრიდზე. მას ევროპარლამენტის მრავალი ევროსკეპტიკოსი და ნაციონალისტი წევრი დაეთანხმა და განაცხადა, რომ ევროკავშირმა ესპანეთის პოლიციის ქმედებები სათანადოდ არ გააკრიტიკა. 

თუმცა ტიმერმანსი ამტკიცებს, რომ ბრიუსელის ჩარევის აუცილებლობა არ არსებობს: "კომისიამ მოუწოდა შესაბამის აქტორებს, იმოქმედონ სწრაფად და კონფრონტაციიდან დიალოგის მაგიდასთან გადაინაცვლონ

ევროპარლამენტში კონსერვატიული „ევროპის სახალხო პარტიის“ ფრაქციის თავმჯდომარე მანფრედ ვებერმა კი აღნიშნა, რომ თუ კატალონია ესპანეთის შემადგენლობას დატოვებს, ის ევროკავშირს და მის შიდა ბაზარსაც დაემშვიდობება. მან კატალონიის ხელმძღვანელობას უპასუხისმგებლო უწოდა, რომელიც ქვეყანას ხლეჩს. 

"ჩვენ ვერ ვცნობთ ასეთ საქციელს, ევროპა კანონის უზენაესობაზე დგას, ესპანეთი კანონის უზენაესობაზე დგას", - განაცხადა ვებერმა

კატალონიის დამოუკიდებლობის რეფერენდუმი კვირას ჩატარდა. მასში მონაწილეთა 95%-მა პროცენტი მხარს კატალონიის დამოუკიდებლობას უჭერს. კატალონიის ოფიციალური პირების თქმით, დამოუკიდებლობას "დიახ" 90%-მა პროცენტმა უთხრა. რეფერენდუმში მონაწილეობა 2,26 მილიონმა ადამიანმა მიიღო, რაც მთელი მოსახლეობის 42%-ია, სულ კატალონიაში 5,34 მილიონი ადამიანი ცხოვრობს. 

რეფერენდუმის მიმდინარეობისას, მთელი დღის განმავლობაში პოლიცია საარჩევნო უბნებს ხურავდა და ყუთების და ბიულეტენების კონფისკაციას ახდენდა. კატალონიის ოფიციალური პირების თქმით, ხმის მიცემის პროცესში ესპანეთის პოლიციის ძალადობის გამო დაახლოებით 900 ადამიანი დაშავდა. კატალონიის სხვადასხვა ნაწილებში საპროტესტო აქციები გაიმართა, პოლიციამ ხელკეტები და რეზინის ტყვიები გამოიყენა.  

კატალონიის პრეზიდენტი კარლეს პუჩდემონი კატალონიის ესპანეთისგან დამოუკიდებლობის გამოცხადებას მიმდინარე კვირის ბოლოს ან მომდევნო კვირის დასაწყისში გეგმავს. 

კომენტარები