კატალონიის დამოუკიდებლობის რეფერენდუმი

კატალონიაში დამოუკიდებლობის რეფერენდუმიდან 1 წლის შემდეგ საპროტესტო აქციები გაიმართა

Reuters

დამოუკიდებლობის შესახებ რეფერენდუმიდან ერთი წლის შემდეგ კატალონიის ქუჩებში მომიტინგეები გამოვიდნენ. სტუდენტებმა მარში მოაწყვეს, ხოლო მოქალაქეთა ნაწილმა სატრანსპორტო გზების გადაკეტვა სცადა.

ჟირონას მთავრობის ოფისში აქციის მონაწილეები შეცვივდნენ, ესპანეთის დროშა ჩამოხსნეს და კატალონიის დამოუკიდებლობის მომხრეთა დროშა დაკიდეს.

შაბათს რეგიონის დამოუკიდებლობის მომხრეებსა და პოლიციას შორის დაპირისპირების დროს 6 მომიტინგე დააკავეს. დაშავდა 24 ადამიანი.

კატალონიის პრეზიდენტი ჟოაკიმ ტორა ქალაქ სან-ჟულიან დე რამისში მოწყობილ სიმბოლურ საარჩევნო უბანზე მივიდა. გასულ წელს ამ ქალაქში პოლიციამ კატალონიის ყოფილ პრეზიდენტს, კარლეს პუჩდემონს რეფერენდუმში ხმის მიცემის უფლება არ მისცა.

პუჩნდემონმა ვიდეო მიმართვა გაავრცელა, სადაც მოსახლეობას მოუწოდებს არ გადაუხვიონ დემოკრატიის ერთადეთი გზიდან, რაც კატალონიის რესპუბლიკის შექმნას და მის საერთაშორისო აღიარებას ნიშნავს.

პუჩდემონი ბრიუსელში ოქტომბერში გაიქცა, მას შემდეგ, რაც ოფიციალურმა მადრიდრმა კატალონიის რეგიონზე პირდაპირი კონტროლი დაამყარა და რეგიონის ლიდერების გასამართლება დაიწყო.

პირველი ოქტომბრის რეფერენდუმის შემდეგ კატალონიის რვა ყოფილი მინისტრი დააპატიმრეს და განაჩენს ელოდებიან.

კატალონიის მთავრობის დათხოვნის და სენატის მიერ კატალონიის ავტონომიის შეჩერების შემდეგ ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები დაინიშნა და 21 დეკემბერს ჩატარდა. საპარლამენტო უმრავლესობა დამოუკიდებლობის მომხრე პარტიებმა მოიპოვეს.

შეგახსენებთ, რომ გასული წლის 1 ოქტომბერს ჩატარებული რეფერენდუმი ესპანეთმა არაკონსტიტუციურად, მისი შედეგები კი არალეგიტიმურად სცნო. რეფერენდუმში მონაწილეთა 90%-მა მხარი დამოუკიდებლობას დაუჭირა. თუმცა, მთლიანობაში, რეფერენდუმში მონაწილეობა კატალონიის მცხოვრებთა 42%-მა მიიღო.

კომენტარები