არჩევნები 2017

მერიისგან პასუხის ვერ მიღების გამო, ენმ-მ შენობაში შესვლა გადაწყვიტა

ტაბულა

ტაბულას რეპორტიორის ცნობით, ერთიანი ნაციონალური მოძრაობის საკრებულოსა და პარლამენტის დეპუტატები მერიაში შესვლას შეეცდებიან. პარტიის ლიდერების თქმით, მათ ამის კანონიერი უფლება აქვთ. 

მერიაში შესვლის გადაწყვეტილება პარტიამ მას შემდეგ მიიღო, რაც მერიამ მათ მოთხოვნებსა და შეკითხვებს არ უპასუხა. 

თბილისის მერიასთან ერთიანი ნაციონალური მოძრაობის აქცია, დაახლოებით, დღის 14:00 საათზე დაიწყო. ოპოზიციური პარტია ბიძინა ივანიშვილისთვის მიწის ნაკვეთის გადაცემას აპროტესტებს.

"ჩვენ არ შევეგუებით, რომ ერთ ლარად გადაეცეს ბიძინა ივანიშვილს ნახევარი თბილისი და არ შევარჩენთ, რომ მისი პანორამა თბილისი ამახინჯებდეს თბილისის ისტორიულ ნაწილს" - ამბობს ენმ-ის მერობის კანდიდატი ზაალ უდუმაშვილი.

თბილისის საკრებულომ ოპოზიციისა და სამოქალაქო საზოგადოების პროტესტის მიუხედავად მხარი დაუჭირა პუშკინის სკვერის მიმდებარედ 1 900 კვადრატული მეტრის მიწის ნაკვეთის სტატუსის ცვლილებას. სტატუსის ცვლილებას და ტერიტორიის სიმბოლურ ფასად, 1 ლარად გადაცემას ბიძინა ივანიშვილის მიერ დაფუძნებული კომპანია "ოლდ სიტი დეველოპმენტი" ითხოვს. ტერიტორიაზე "პანორამა თბილისის" ერთ-ერთი ობიექტი განთავსდება. ივანიშვილის კიდევ ერთი კომპანია "თაბორი რეზორტსი" ბოტანიკური ბაღის კუთვნილი 1 ჰექტარის გადაცემასაც ითხოვს.

კომენტარები