ლატარია

ლატარიის საბოლოო გათამაშებაზე დიდი თანხის მოგების უფრო მაღალი შანსი იქნება

JOEL SAGET / AFP

2017 წლის 1 სექტემბერს ეროვნული ლატარიის კომპანია ლოტოს უკანასკნელ გათამაშებას ჩაატარებს, რომლის მოგებული თანხის გაცემის შემდეგ კომპანია საქმიანობას შეწყვეტს.

უკანასკნელ გათამაშებაზე მოსახლეობას დიდი თანხების მოგების უფრო მაღალი შანსი ექნება, რადგანაც ლატარიის კომპანია მის სარეზერვო თანხას სრულად გაათამაშებს. ჩვეულებრივ გათამაშებებზე ლატარიის კომპანია გაყიდული ბილეთებისგან მიღებულ შემოსავალს სარეზერვო ფონდში რიცხავს, რის შედეგადაც ყოველ კვირას ჯეკპოტის მოცულობა იზრდება. დღევანდელ გათამაშებაზე ჯეკპოტი 1 მილიონი ლარი იყო. ლოტოს საბოლოო გათამაშებაზე კი სარეზერვო ფონდში არსებული თანხა, რომელიც 1 მილიონს აღემატება გადანაწილდება ყველა კატეგორიის გამარკვებულზე. მაგალითად, დღეს გამოვლინდა მეექვსე კატეგორიის (3+1 ციფრი) 252 გამარჯვებული, თითოეულმა 26 ლარი მოიგო. იმ შემთხვევაში თუ ეს საბოლოო გათამაშება იქნებოდა თითოეულის მოგება ათას ლარზე მეტი იქნებოდა.

რატომ იხურება არსებული ლატარიის კომპანია

"საქართველოს ლატარიის კომპანიამ" ლატარიის ჩატარების 10-წლიანი ლიცენზია სახელმწიფოსგან 2009 წელს მიიღო. თუმცა აღნიშნულმა კომპანიამ სახელმწიფოს წინაშე აღებული ვალდებულებების შესრულება ვერ შეძლო და მას ბიუჯეტის წინაშე 200-მილიონიანი დავალიანება დაუგროვდა.

სახელმწიფოს ლატარიის კომპანიის 70%-იანი წილი ეკუთვნის, რის გაყიდვასაც 2016 წელს ცდილობდა, თუმცა ვალებით დამძიმებული კომპანიის ყიდვაზე ინვესტორებმა უარი თქვეს. საბოლოოდ 2016 წლის სექტემბერში ფინანსთა სამინისტრომ გადაწყვეტილება მიიღო, რომ კომპანიისთვის ლატარიის ჩატარების ექსკლუზიური ლიცენზია შეეწყვიტა. ამ გადაწყვეტილებიდან მალევე გამოცხადდა ტენდერი, რომელშიც "ჯი ენ ელმა" გაიმარჯვა.

ვინ ჩაატარებს ლატარიას მომავალში

საქართველოს ერთ-ერთმა ყველაზე მსხვილმა ბიზნეს ჰოლდინგმა "სი ბი ეს ჯგუფმა" ლატარიის ჩატარების ნებართვა მიიღო. 

კომპანია სახელად "ჯი ენ ელ" ლატარიის გათამაშებას სექტემბრიდან დაიწყებს და ის წამგებიან სახელმწიფო კომპანია "საქართველოს ლატარიის კომპანიას" ჩაანაცვლებს. ფინანსთა სამინისტრომ ახალ კომპანიას ლატარიის ლიცენზია 2027 წლამდე გადასცა.

საჯარო რეესტრში "ჯი ენ ელის" ამონაწერიდან ირკვევა, რომ მისი 75%-ის მფლობელია კობა ღურწკაია, ის "სი ბი ეს ჯგუფის" გენერალური დირექტორია და ჰოლდინგში შემავალი კომპანიების მართვაშიც მონაწილეობს. "სი ბი ეს ჯგუფი" 2013 წელს ბიზნესმენებმა ხვიჩა მაქაცარიამ და თეიმურაზ არონიამ დააფუძნებს. კომპანიის მართვაში ქვეყნის უმსხვილესი ბიზნესები შედიან.

სი ბი ეს ჰოლდინგის წევრები არიან:

  • კავკასუს ონლაინი
  • შპს მობიტელი (ბილაინი)
  • თბილისის მიკროავტობუსი
  • სასტუმრო ინტურისტი
  • რკინიგზის ტელეკომი
  • სარეკლამო კომპანია ელეფანთი და სხვები

რაც შეეხება "ჯი ენ ელის" 25%-იან წილს, მისი მფლობელია კომპანია "ნიუ გეიმსი" რომელიც 2012 წლიდან დღემდე ბულგარეთში ეროვნული ლატარიის გათამაშებას ატარებს. კომპანიის მფლობელი ვასილ ბოჟკოვია.

კომენტარები