ე.წ ციანიდის საქმე

ციანიდის საქმის პროკურორი: ოხანაშვილი სასამართლოსთვის ჩვენების მიცემას არ აპირებს

სოსო ოხანაშვილი

თბილისის საქალაქო სასამართლოში ე.წ. ციანიდის საქმის სასამართლო პროცესი მიმდინარებს. დღევანდელ სხდომაზე ბრალდების მხარის მოწმეები დაიკითხებიან. პროცესზე უკვე მივიდა ჭყონდიდელი მიტროპოლიტი პეტრე ცაავა. მეუფე პეტრე მის მიერ სატელევიზიო ეთერში გაკეთებულ განცხადებებთან დაკავშირებით დაიკითხება. მეუფე პეტრემ სხდომაზე შესვლამდე თქვა, რომ აპირებს ამხილოს ის სამარცხვინო გადაწყვეტილება რის გამოც ე.წ "ციანიდის საქმის" პროცესები დახურულია. საქმის პროკურორის, ზვიად გუბელაძის თქმით, დღეს  ბრალდებული მამა გიორგი მამალაძის მეზობლების დაიკითხებიან. 

„დღევანდელ სასამართლო პროცესზე გრძელდება ბრალდების მხარის მტკიცებულებების გამოკვლევა, კერძოდ ვაპირებთ მოწმეების დაკითხვას, მათ შორის ბრალდებული გიორგი მამალაძის საცხოვრებელი სახლის მიმდებარედ მეზობლების დაკითხვას ვგეგმავთ, რომლებიც  იარაღთან დაკავშირებით მისცემენ ჩვენებას, რომ მხოლოდ სასულიერო პირი გიორგი მამალაძე ცხოვრობდა იმ ბინაში და სხვა არავინ, მათ შორის არც სახლის მეპატრონე და გიორგი მამალაძესთან თანმხლები პირი არ ცხოვრობდა. გარდა ამისა, დაიკითხება მეუფე პეტრე მის მიერ საჯაროდ გაკეთებულ განცხადებებთან დაკავშირებით.” - ამბობს გუბელაძე.

დღევანდელ სხდომაზე პატრიაქრქის დაცვის ყოფილი უფროსი სოსო ოხანაშვილიც უნდა დაკითხულიყო, თუმცა, როგორც პროკურორმა განმარტა, ოხანაშვილის ოჯახის წევრების ინფორმაციით, ის გერმანიიდან ჩამოსვლას და სასამართლოსთვის ჩვენების მიცემას არ აპირებს.

„დაცვის მხარემ განმარტა, რომ ისინი მოახერხებენ სოსო ოხანაშვილის ჩამოყვანას საქართველოში და სასამართლოს წინაშე წარდგენას. ოჯახის წევრებმა განგვიმარტეს, რომ ნამდვილად იმყოფება გერმანიაში, არ აპირებს საქართველოში ჩამოსვლას, მათ შორის სასამართლოსთვის ჩვენების მიცემას,“ - განაცხადა პროკურორმა ზვიად გუბელაძემ.

მეუფე პეტრე ცაავას კითხვებს დღეს დაცვის მხარის წარმომადგენებიც დაუსვამენ.  

„მე არ ვიცი, რა კითხვები ექნება პროკურატურას, რა კითხვებზე რა პასუხს გასცემს და შესაბამისად, აქედან გამომდინარე, ჩვენ გვექნება გარკვეული კითხვები, დამოკიდებულება და მიმართება იმასთან დაკავშირებით თუ მართლა რა ხდება საპატრიარქოში და მართლა არსებობს თუ არა ამდაგვარი მოტივაცია, რომ ადამიანი ასეთ რაღაცაზე ბრალდებული იყოს ე.წ. მკვლელობის მომზადებისთვის.“ -  ამბობს მიხეილ რამიშვილი.

ე.წ ციანიდის საქმეში ბრალდებულ დეკანოზ გიორგი მამალაძეს წინასწარი პატიმრობა აქვს შეფარდებული. პროკურატურამ დეკანოზი მამალაძე მკვლელობის მომზადების ბრალდებით 10 თებერვალს დააკავა. ციანიდის საქმის პროცესები სრულად არის დახურული. 

 

კომენტარები