ე.წ ციანიდის საქმე

დეკანოზ მამალაძისთვის სასჯელის არ გადავადების გადაწყვეტილებას EMC სააპელაციოში ასაჩივრებს

თეონა თურმანიძე

ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC) თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ 2020 წლის 17 მარტს მიღებულ განჩინებას, დეკანოზ გიორგი მამალაძის მიმართ, განაჩენის აღსრულების გადავადებაზე უარის თქმის შესახებ, თბილისის სააპელაციო სასამართლოში ასაჩივრებს. ამის შესახებ ორგანიზაცია განცხადებას ავრცელებს. EMC მიიჩნევს, რომ სასამართლომ არასწორად დაადგინა საქმის მნიშვნელოვანი ფაქტობრივი გარემოებები და არასწორი სამართლებრივი შეფასება მისცა მათ.

EMC-მ 2020 წლის 12 თებერვალს, დეკანოზის ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობის გათვალისწინებით შუამდგომლობით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს და ითხოვა განაჩენის აღსრულების გადავადება.

ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში წერია, რომ სასამართლო პროცესებზე მოწმის სახით დაიკითხნენ ექსპერტები, რომელთაც სასამართლოს დაუდასტურეს დეკანოზის ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობა და მისთვის განაჩენის გადავადების საჭიროება.

"სასამართლოს შეფასებით, წარმოდგენილი ექსპერტიზის დასკვნებით ერთმნიშვნელოვნად არ დგინდებოდა მსჯავრდებულის ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობის ფაქტი, რის გამოც უარი თქვა განაჩენის აღსრულების გადავადების მექანიზმის გამოყენებაზე. ამგვარი შეფასების მიუხედავად, სასამართლომ არ უარყო, რომ მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტებმა დაადასტურეს დეკანოზის ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობა და განმარტეს, რომ ზოგადად, ფსიქიატრიაში დამკვიდრებული ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის პროტოკოლის მიხედვით არ ხდება დაავადებების კატეგორიზაცია და ყველა დაავადება, მათ შორის, მამალაძისთვის დასმული დიაგნოზი ითვლება მძიმე დაავადებად,"- წერია განცხადებაში.

EMC-ს შეფასებით, სასამართლოს შეფასება, რომ ექსპერტიზის დასკვნებით ვერ დგინდებოდა მამალაძის ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობა, არ შეესაბამება რეალობას, რამდენადაც დასკვნები დეტალურად მიმოიხილავს დეკანოზის ჯანმრთელობის მდგომარეობას, დიაგნოზს, დაავადების განვითარების დინამიკას, სასჯელაღსრულების დაწესებულებაში შემდგომი მკურნალობის უპერსპექტივობას და მოსალოდნელ არაკეთილსაიმედო პროგნოზს. 

"წარდგენილ საჩივარში EMC უთითებს, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება არღვევს კანონის მოთხოვნებს. მნიშვნელოვანია სააპელაციო სასამართლომ ჯეროვნად შეაფასოს საქმის ყველა ფაქტობრივი გარემოება, მისცეს ადეკვატური სამართლებრივი შეფასება და გადაავადოს გიორგი მამალაძის მიმართ დადგენილი განაჩენის აღსრულება," - წერია განცხადებაში.

პროკურატურამ დეკანოზი გიორგი მამალაძე პატრიარქის მდივან-რეფერანტის შორენა თეთრუაშვილის მკვლელობის მომზადების ბრალდებით 10 თებერვალს, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დააკავა. 

2017 წლის სექტემბერში თბილისის საქალაქო სასამართლომ მამა გიორგი მამალაძე დამნაშავედ ცნო და მას 9-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა. სააპელაციო სასამართლომ განაჩენი ძალაში დატოვა, უზენაესმა კი საქმე წარმოებაში არ მიიღო. 

2019 წლის ნოემბერში დეკანოზ გიორგი მამალაძის შეწყალების შუამდგომლობით წმიდა სინოდმა პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს მიმართა. საქართველოს პრეზიდენტმა დეკანოზი არ შეიწყალა.

კომენტარები