პოლიციის ძალადობა

შსს: დაკავებულმა სხეულის დაზიანებები ჩხუბის დროს, ყაჩაღობის მცდელობისას მიიღო

შინაგან საქმეთა სამინისტრო
georgiaabout.com

შინაგან საქმეთა სამინისტროს მტკიცებით, ბრალდებულმა, რომელიც პოლიციელებს არასათანადო მოპყრობასა და სექსუალური ძალადობის მუქარაში ადანაშაულებს, სხეულის დაზიანებები ჩხუბის დროს, ყოფილი პოლიციელის დაყაჩაღების მცდელობისას მიიღო.

შსს-ს განცხადებით, 2017 წლის 5 ივნისს, შუაღამისას, დაახლოებით, 03:40 საათზე პოლიციის ყოფილი თანამშრომელი ი.ქ., კუთვნილი ავტომანქანით, თანმხლებ პირთან ერთად, სოფელი გლდანის სასაფლაოების მიმდებარე ტერიტორიაზე იყოფებოდა. გამოძიების ინფორმაციით, "ამ დროს, მათთან მივიდა წარსულში მრავალჯერ ნასამართლევი, 1980 წელს დაბადებული დ.გ., რომელმაც პისტოლეტის დემონსტრირებითა და მუქარით სცადა ი.ქ.-სთვის თანხისა და ოქროს სამკაულების წართმევა". სამინისტრო აღნიშნავს, რომ ი.ქ 2015 წლამდე, 18 წლის განმავლობაში, შსს-ს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის სპეციალურ და ოპერატიულ ცენტრში მუშაობდა და შესაბამისი ფიზიკური მომზადება აქვს გავლილი.

შსს-ს ვერსია

"ი.ქ.-მ თავდამსხმელს ფიზიკური წინააღმდეგობა გაუწია და მის განიარაღებას შეეცადა, რა დროსაც დ.გ.-ს სხეულზე დაზიანებები მიაყენა, თუმცა მისგან თავადაც მიიღო სხეულზე არაერთი დაზიანება. საბოლოოდ, ი.ქ.-მ შეძლო დ.გ.-ს განიარაღება, რის შემდეგაც მომხდარის შესახებ პოლიციას შეატყობინა და დახმარება სთხოვა.

პოლიცია დაუყოვნებლივ მივიდა შემთხვევის ადგილზე. დაზარალებულმა და მისმა თანმხლებმა პირმა განმარტეს, რომ დ.გ. იარაღის გამოყენებითა და სიცოცხლის მოსპობის მუქარით მათ დაყაჩაღებას ცდილობდა. სამართალდამცველებმა დ.გ.-ს პირადი ჩხრეკა ჩაატარეს და ადგილზევე დააკავეს.

დ.გ.-მ გამოძიებისათვის ჩვენების მიცემაზე უარი განაცხადა, რის შემდეგაც იგი მოათავსეს შსს-ს დროებითი მოთავსების იზოლატორში. შესახლებამდე დ. გ.-ს ჩაუტარდა სამედიცინო შემოწმება და ექიმის რეკომენდაციით, შემდგომი გამოკვლევებისთვის, გადაიყვანეს საავადმყოფოში.

საავადმყოფოში დ.გ.-ს ჩაუტარდა შესაბამისი გამოკვლევები. დაკავებულის სტაციონარში დატოვება, მისივე ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე, საჭირო არ გახდა, რის შემდეგაც იგი, ე.წ. „ფორმა 100“-ის საფუძველზე, სტაციონარიდან კვლავ შსს-ს დროებითი მოთავსების იზოლატორში გადაიყვანეს.

იზოლატორში შესახლების დროს დ.გ.-ს ჩაუტარდა პირველადი სამედიცინო შემოწმება. ექიმთან გასაუბრებისას დ.გ.-მ განაცხადა, რომ დაზიანებები მიიღო დაკავებამდე, ჩხუბის დროს და პოლიციის მიმართ პრეტენზია არ გააჩნდა. აღნიშნულ დოკუმენტს დაკავებულმა თავად მოაწერა ხელი.

შსს-ს დროებითი მოთავსების იზოლატორში ბრალდებულის მიღების დროს ადგილზე იმყოფებოდა საქართველოს სახალხო დამცველის წარმომადგენელი.

2017 წლის 6 ივნისს დ.გ.-ს ბრალი წარედგინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის. 2017 წლის 7 ივნისს მას თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის კოლეგიის მოსამართლის მიერ აღკვეთის ღონისძიების სახით შეეფარდა პატიმრობა და გადაყვანილ იქნა მერვე პენიტენციურ დაწესებულებაში.

დ.გ. წარსულში სხვადასხვა დანაშაულისთვის მრავალჯერ არის ნასამართლევი, კერძოდ: სსკ-ს 236-ე, 179-ე, 181-ე, 184 -ე, 224-ე, 353-ე, 343-ე, 19-144-ე, 144-ე და 19-109-ე მუხლებით. ამჟამად მის წინააღმდეგ სასამართლოში, ასევე, მიმდინარეობს საქმის არსებითი განხილვა, სსკ-ს 260-ე მუხლით.

ბრალდებულ დ.გ.-ს პოლიციის თანამშრომლების მიმართ პრეტენზია არ დაუფიქსირებია, რაც დაადასტურა შსს-ს დროებითი მოთავსების იზოლატორში შესახლებისას.

გამოძიება სსკ-ს 179-ე მუხლით მიმდინარეობს. დანიშნულია ბალისტიკური და სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზები" - აცხადებს შინაგან საქმეთა სამინისტრო.

სახალხო დამცველის პოზიცია

ომბუდსმენის ინფორმაციით, ბრალდებულს პოლიციელები სექსუალური ძალადობით ემუქრებოდნენ. სახალხო დამცველმა მთავარ პროკურორს მიმართა, პოლიციელთა სავარაუდო არასათანადო მოპყრობის ფაქტზე გამოძიება დაიწყოს.  

"დაკავებისას და განყოფილებაში გადაყვანის შემდეგაც, რამდენიმე პოლიციელმა მიაყენა ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა. ასევე, ემუქრებოდნენ სექსუალური ძალადობით. დ.გ.–ს თქმით, იგი დილის 9 საათისთვის დროებითი მოთავსების იზოლატორში შეიყვანეს, თუმცა მრავლობითი დაზიანების გამო არ მიიღეს. დ.გ. სამედიცინო დახმარების აღმოჩენის მიზნით სამედიცინო კლინიკაში გადაიყვანეს და იზოლატორში მხოლოდ საღამოს, დაახლოებით 20:20 საათზე შეასახლეს.

თბილისის დროებითი მოთავსების იზოლატორში შედგენილი დაკავებულის სამედიცინო შემოწმების ფორმაში დაფიქსირებული მონაცემების მიხედვით, ასევე სახალხო დამცველის რწმუნებულთან შეხვედრის დროს, დ.გ.–ს აღენიშნებოდა დაზიანებები" - აცხადებს ომბუდსმენი.

სახალხო დამცველის რეკომენდაციის შემდეგ, თბილისის პროკურატურამ ბრალდებულის მიმართ სავარაუდო არასათანადო მოპყრობის ფაქტზე გამოძიება დაიწყო.

კომენტარები