პოლიციის ძალადობა

პროკურორმა 24 წლის მურად წურწუმიას მკვლელობის საქმეზე მეორე პირის დაკავებაზე ისაუბრა

პროკურორმა, დავით გუმბარიძემ, 24 წლის მურად წურწუმიას მკვლელობის საქმეზე მეორე პირის, ვახტანგ ბურნაძის დაკავების დეტალები განმარტა.

ვახტანგ ბურნაძე 8 იანვარს დააკავეს და პროკურორის თქმით, მისი დაკავება მას შემდეგ გადაწყდა, რაც მურად წურწუმიას ძმამ გამომძიებლებს ინფორმაცია მიაწოდა.

"დავაკავეთ ბრალდებულის სახით მეორე პირი ვახტანგ ბურძენიძე, რომელიც დაკავებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის მეექვსე ნაწილით, რაც გულისხმობს განზრახ სისცოხლის მოსპობას ან ჯანრმთელობის დაზიანებას, რამაც სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია და ასევე 126-ე პრიმა მუხლის მეორე ნაწილის "ბ" ქვეპუნქტით, რაც გულისხმობს ადამიანის ცემას, ჩადენილი ასევე ჯგუფურად.

ჩვენს მიერ მოხდა დაზარალებული პირის დაკითხვა, ვგულისხმობ ძმას, რომელიც დღეს გამოცხადდა საგამოძებო ორგანოში. ასევე, ჩვენ ვნახეთ არაერთი განმარტება იმასთან დაკავშირებით, რომ საგამოძიებო ორგანო არ ცდილობს ოჯახთან დაკავშირებას, ჩვენ ძალიან კარგად ვითვალისწინებთ ოჯახის წევრების მძიმე მდგომარეობას და ამიტომაც არ ვცდილობთ რომ ამ პერიოდში შევაწუხოთ, ვგულისხმობთ ისევე როგორც დედას, ასევე ძმას. დღევანდელი მოცემულობით ძმამ შეძლო, გამოცხადდა ჩვენთან და მოგვაწოდა ინფორმაცია და ამის შემდეგ გადაწყდა ბრალდებულის დაკავება", - თქვა დავით გუმბარიძემ.

ვახტანგ ბურნაძე მურად წურწუმიას მკვლელობის საქმეზე დაკავებული მეორე პირია, მანამდე, 7 იანვარს, ამავე საქმეზე სპეცრაზმელს ზ.ფ-ს აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდეს.

3 იანვრის დილით ვარკეთილის ე.წ. "დამპალოს სასაფლაოზე" 24 წლის ბიჭი ნაწამები იპოვეს. ოჯახის ინფორმაციით, მურად წურწუმიას თვალი ჰქონდა ამოთხრილი და თავი - გატეხილი. 

ოჯახი მურად წურწუმიას წამებით სიკვდილში სპეცრაზმელებს ადანაშაულებს. მომხდარის ერთადერთი თვითმხილველი გარდაცვლილის ძმა, 21 წლის მუხრან წურწუმიაა. ის მთავარ არხს უყვება, რომ მამის საფლავზე ასულ ძმებს ორ სპეცრაზმელთან მოუვიდათ ჩხუბი. 

ოჯახის ინფორმაციით, მუხრან წურწუმიამ გაქცევა მოახერხა, მურად წურწუმიამ - ვერა. მურად წურწუმიას ძმის, დიმა ჩხირკვიას ინფორმაციით, გაქცეულმა მუხრან წურწუმიამ მისი ძმის ყვირილი გაიგონა და ადგილზე დაბრუნდა, თუმცა მურად წურწუმია ვეღარ იპოვნა, სავარაუდოდ ის ამ დროს მანქანაში იყო. ამის შემდეგ მუხრან წურწუმია სახლში დაბრუნდა.

დიმა ჩხირკვიას თქმით, მუხრან წურწუმიას სახლში დაბრუნების შემდეგ მათ პოლიცია გამოიძახეს. მისივე თქმით, ისინი მთელი ღამით, კრიმინალურ პოლიციასთან ერთად ეძებდნენ ვარკეთილის ტერიტორიაზე მურად წურწუმიას, თუმცა ის ვერ იპოვეს.

მურად წურწუმიას ძმის ინფორმაციით, დილის 10 საათისთვის მათ პოლიცია დაუკავშირდა და უთხრა, რომ ვარკეთილის მე-10 მიკრორაიონში ნაცემი პიროვნება იპოვეს და ოჯახის წევრებს ფოტოს საშუალებით მისი ამოცნობა მოთხოვეს. ფოტოზე ოჯახის წევრებმა მურად წურწუმია ამოიცნეს.

ამის შემდეგ დიმა ჩხირკვიას თქმით, სანამ ოჯახის წევრები მე-10 მიკრორაიონში მივიდნენ, მურად წურწუმია საავადმყოფოში გადაიყვანეს - ის ჯერ კიდევ ცოცხალი იყო. მისივე თქმით, მას ექიმმა უთხრა, რომ "ის გამეტებული იყო სასიკვდილოდ" და "მისი ტვინი აფეთქებული იყო".

პროკურატურის ინფორმაციით, ვარკეთილის "დამპალოს" სასაფლაოზე კონფლიქტი, რა დროსაც, შსს-ს თანამშრომელმა 24 წლის მურად წურწუმია მოკლა, მანქანის გამო დაიწყო. საგამოძიებო უწყების ვერსიით, გარდაცვლილი და მისი ძმა ბრალდებულ ზ. ფ.-ს ავტომანქანას "მართლსაწინააღმდეგოდ დაუფლნენ". ამასთან, პროკურატურა ადასტურებს, რომ სასაფლაოზე ბრალდებულთან ერთად კიდევ ერთი პირი - ვ.ბ იმყოფებოდა, თუმცა, საგამოძიებო უწყება აცხადებს, რომ მურად წურწუმიას სიცოცხლისთვის სახიფათო დაზიანებები მხოლოდ ზ.ფ-მ მიაყენა. ასევე მხოლოდ მას ედება ბრალად გარდაცვლილის ძმის ცემა, თუმცა, "მტკიცებულებათა მოპოვება" გრძელდება.

კომენტარები