პოლიციის ძალადობა

ვოლსკი 24 წლის ბიჭის მკვლელობაზე: არ შეიძლება ეს დანაშაული სისტემურ ხარვეზად განვიხილოთ

ტაბულა

"არ შეიძლება ეს კონრეტული დანაშაული სისტემურ ხარვეზად განვიხილოთ", - ასე ეხმაურება პარლამენტის ვიცე-სპიკერი გია ვოლსკი 24 წლის ბიჭის მკვლელობაში ბრალდებული სპეცრაზმელის საქმეს.

მისი თქმით, ყველა ვინც ამ საქმეში ფიგურირებს იქნება დაკავებული.

"სამწუხაროდ დანაშაულებებს ჩადიან ადამიანები, მათ შორის განვითარებულ დემოკრატიებშიც და საქართველოშიც", - ამბობს ჟურნალისტებთან საუბრისას ვოლსკი.

ვარკეთილში, "დამპალოს სასაფლაოზე" 24 წლის მურად წურწუმიას მკვლელობის საქმეზე დაკავებულ სპეცრაზმელს, ზ.ფ-ს, აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. იგი ბრალს აღიარებს.

3 იანვრის დილით ვარკეთილის სასაფლაოზე 24 წლის ბიჭი ნაწამები იპოვეს. ოჯახის ინფორმაციით, მურად წურწუმიას თვალი ჰქონდა ამოთხრილი და თავი - გატეხილი. ის თავდამსხმელებმა ტანსაცმლის გარეშე, უგონო მდგომარეობაში მიატოვეს.

ოჯახი ბიჭს მთელი ღამის განმავლობაში ეძებდა. კლინიკაში გადაყვანის შემდეგ, ექიმებმა ახალგაზრდა კაცის გადარჩენა ვეღარ შეძლეს.

მომხდარის ერთადერთი თვითმხილველი გარდაცვლილის ძმაა. ის მთავარ არხს უყვება, რომ მამის საფლავზე ასულ ძმებს ორ სპეცრაზმელთან მოუვიდათ ჩხუბი.

ოჯახის ინფორმაციით, მუხრან წურწუმიამ გაქცევა მოახერხა, მურად წურწუმიამ - ვერა.

მთავარი არხის ცნობით, მუხრან წურწუმიას ეგონა, რომ მისი ძმაც გაექცა თავდამსხმელებს. როცა სახლში მისულ მუხრანს მურადი შინ არ დახვდა, ის სასაფლაოზე დაბრუნდა, თუმცა, საფლავზე მხოლოდ სისხლიანი ტანსაცმელი იპოვნა. ამის შემდეგ დაიწყეს მურად წურწუმიას ძებნა. 

შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელი ზ.ფ. პოლიციამ 5 იანვარს დააკავა და საქმე თბილისის პროკურატურის საგამოძიებო ნაწილს გადაუგზავნა.

2020 წლის 6 იანვარს, დაკავებულს ბრალი წარედგენა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117 -ე მუხლის მეორე ნაწილით და სსკ-ის 126 -ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც გულისხმობს ცემას ან სხვაგვარ ძალადობას, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია. ასევე ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას, რამაც სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია. 2020 წლის 6 იანვარს თბილისის პროკურატურამ სასამართლოს მიმართა ბრალდებულის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით. 

პროკურატურის ინფორმაციით, ვარკეთილის "დამპალოს" სასაფლაოზე კონფლიქტი, რა დროსაც, შსს-ს თანამშრომელმა 24 წლის მურად წურწუმია მოკლა, მანქანის გამო დაიწყო. საგამოძიებო უწყების ვერსიით, გარდაცვლილი და მისი ძმა ბრალდებულ ზ. ფ.-ს ავტომანქანას "მართლსაწინააღმდეგოდ დაუფლნენ". ამასთან, პროკურატურა ადასტურებს, რომ სასაფლაოზე ბრალდებულთან ერთად კიდევ ერთი პირი - ვ.ბ იმყოფებოდა, თუმცა, საგამოძიებო უწყება აცხადებს, რომ მურად წურწუმიას სიცოცხლისთვის სახიფათო დაზიანებები მხოლოდ ზ.ფ-მ მიაყენა. ასევე მხოლოდ მას ედება ბრალად გარდაცვლილის ძმის ცემა, თუმცა, "მტკიცებულებათა მოპოვება" გრძელდება.

კომენტარები