აფგან მუხთარლის საქმე

კახიძე: ვაყენებთ საკითხს, რომ სუს-ის უფროსი და შს მინისტრი პარლამენტში გამოცხადდნენ

მოძრაობა თავისუფლებისთვის - ევროპული საქართველო აფგან მუხთარლის საქმესთან დაკავშირებით, პარლამენტში სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსს, ვახტანგ გომელაურსა, და შინაგან საქმეთა მინისტრს, გიორგი მღებრიშვილს, პარლამენტში იბარებს. 

ამის შესახებ, მოძრაობის წევრმა, ოთარ კახიძემ, დღეს გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა. 

"ევროპული საქართველო აყენებს საკითხს, რომ უმცირესობის ფორმატში, უმცირესობაში შემავალი ფრაქციების წინაშე პარლამენტში გამოცხადდნენ სუს-ის უფრო, ბატონი გომელაური და შს მინისტრი, ბატონი მღებრიშვილი და მათ უნდა გასცენ პასუხები იმ კითხვებზე, რომელიც აქვს ქართულ საზოგადოებას. ჩვენ უნდა მოვახდინოთ რეაგირება აუცილებლად ამ აღმაშფოთებელ ქმედებაზე და ყველა პირი, ვინც ირიბად თუ პირდაპირ იყო ჩართული ამ საქმეში, უნდა დადგეს მართლმსაჯულების წინაშე,"- ამბობს კახიძე. 

კახიძის თქმით, არსებობს ინფორმაცია, რომ 29 მაისს აფგან მუხთარლის გატაცების საქმეში ფიგურირებდნენ ქართველი სამართალდამცავები, კერძოდ, კრიმინალური პოლიციის ფორმაში გამოწყობილი 3 თანამშრომელი. ამასთან, კახიძის მტკიცებით, არსებობს ინფორმაცია, რომ დანაშაულში ჩართულები იყვნენ სუს-ისა და შსს-ის მაღალჩინოსნები. 

"ჩვენ აგრეთვე მოვუწოდებთ საპარლამენტო უმრავლესობას, გააცნობიეროს ამ ქმედების სიმძიმე და ნუ გახდებიან თავგასული ძალოვნების მსხვერპლები. გააცნობიერონ, რომ თუ ამგვარ ქმედებაში ჩართულები არიან საქართველოს სამართალდამცავი უწყებების წარმომადგენლები, დაუშვებელია მათი დატოვება ამ თანამდებობაზე და ჩვენ დეტალურად უნდა მივიღოთ ინფორმაცია აფგან მუხთარლის გატაცების საქმეზე. ამ ინფორმაციას ჩვენ, რა თქმა უნდა, გავაცნობთ ქართველ საზოგადეობას, რადგან ხელისუფლება არის ვალდებული გასცეს პასუხები იმ კითხვებზე, რომლებიც ლეგიტიმურად დგას მათ წინაშე,"- განაცხადა ოთარ კახიძემ. 

აზერბაიჯანელი აქტივისტი და ჟურნალისტი აფგან მუხთარლი 29 მაისს გაიტაცეს. ადვოკატის ინფორმაციით, დამკავებლებს თავი არ წარუდგენიათ, თუმცა, მუხთარლის აზრით, ისინი საქართველოს სპეცსამსახურების თანამშრომლები იყვნენ. როგორც აფგან მუხთარლის ადვოკატი აცხადებს, მისი დაცვის ქვეშ მყოფ პირს ტომარა ჩამოაცვეს. მუხთარლის თქმით, მესამე მანქანაში აზერბაიჯანულად ლაპარაკობდნენ. აზერბაიჯანელი ჟურნალისტი ჰყვება, რომ, როცა მას ტომარა მოხსნეს, ის აზერბაიჯანის სასაზღვრო-გამშვებ პუნქტში იმყოფებოდა. მუხთარლის თქმით, მას 10 ათასი ევრო ჩაუდეს. აზერბაიჯანის ხელისუფლება საზღვრის უკანონოდ გადაკვეთისა და კონტრაბანდის ბრალდებებს უყენებს.

ის სასამართლო დარბაზიდან პირდაპირ გადაიყვანეს 3-თვიანი წინასწარი დაკავების იზოლატორში.

როგორც ცნობილია, საქართველოში ცხოვრების დროს აფგან მუხთარლი და ლეილა მუსტაფაევა აქტიურად წერენ აზერბაიჯანის ხელისუფლებისა და ილჰამ ალიევის ოჯახის ბიზნესინტერესებისა და კორუფციული სქემების, ასევე აზერბაიჯანში პოლიტიკური დევნის პრაქტიკაზე.

კომენტარები