აფგან მუხთარლის საქმე

კვირიკაშვილი მუხთარლიზე: მგონია, რომ ვიღაც დაინტერესებულია ამ ადამიანმა ეს ილაპარაკოს

გიორგი კვირიკაშვილი
ქართული ოცნება

"მგონია, რომ საერთოდ ვიღაც არის დაინტერესებული, ამ ადამიანმა ეს ილაპარაკოს. ალბათ, ამას დრო გამოაჩენს". – ასე ეხმაურება ყოფილი პრემიერმინისტრი გიორგი კვირიკაშვილი აზერბაიჯანელი ჟურნალისტის, აფგან მუხთარლის სიტყვებს, რომ მისი გატაცების შესახებ გიორგი კვირიკაშვილმა და ბიძინა ივანიშვილმა იცოდნენ და ეს აზერბაიჯანის დაკვეთა იყო.

"მუხთარლის მხრიდან ისმის ბრალდება. პირველი, ეს არის სრული აბსურდი, აბსოლუტურად უსაფუძვლო. მეორე, რაც მინდა ვთქვა, თუ ეს ბრალდება არის აბსურდი და მე ზუსტად ვიცი, რომ აბსურდია, არ ვიცი, როგორ უნდა დავიჯერო ნებისმიერი სხვა სიტყვა, რომელსაც ეს ადამიანი ამბობს. 

მგონია, რომ საერთოდ ვიღაც არის დაინტერესებული, ამ ადამიანმა ეს ილაპარაკოს. ალბათ, ამას დრო გამოაჩენს. ნიკა სამხარაძემ რა თქვა, ამაზე კომენტარს ვერ გავაკეთებ". – თქვა კვირიკაშვილმა. 

8 აპრილს აფგან მუხთარლიმ გატაცებაზე და გატაცების დაკვეთაში აზერბაიჯანის ჩართულობაზე ისაუბრა. მუხრთალი აღნიშნავს, რომ მისი გატაცება აზერბაიჯანული მხარის დაკვეთა იყო და საქართველოს ხელისუფლება ამის შესახებ ინფორმირებული იყო.

"გეთანხმებით, რომ მუხთარლის საქმემ საქართველოს იმიჯი დააზიანა" – თქვა პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, ნიკოლოზ სამხარაძემ. მისივე თქმით, საზოგადოებამ იცის, "ვინ იყო გადაწყვეტილების მიმღები პირი".


აზერბაიჯანელი ჟურნალისტი, აფგან მუხთარლი გატაცების შემდეგ ქვეყანაში პირველად შემოუშვეს. როგორც მუხთარლის ადვოკატი ამბობს, მუხთარლის საქართველოში ჩამოსვლა მიმდინარე გამოძიებას უკავშირდება.  

თბილისიდან 2017 წლის მაისში გატაცებული აზერბაიჯანელი ჟურნალისტი, აფგან მუხთარლი პროკურატურისთვის ჩვენების მისაცემად გასული წლის 9 ოქტომბერს უნდა ჩამოსულიყო. თუმცა, 9 ოქტომბერს ჟურნალისტმა Facebook-ზე დაწერა, რომ ბერლინის აეროპორტიდან საქართველოს მიმართულებით გამოფრენის საშუალებას არ აძლევდნენ და რომ მას საქართველოს ავიახაზები და საკონსულო უქმნიდნენ დაბრკოლებას. 

აფგან მუხთარლიმ, რომელსაც აზერბაიჯანში ხელისუფლების კრიტიკის გამო დევნიდნენ, საქართველოს თავი 2015 წელს ცოლთან ერთად შეაფარა. მუხთარლი და ლეილა მუსტაფაევა საქართველოში 2 წლის განმავლობაში ცხოვრობდნენ და მუშაობდნენ მანამდე, სანამ 2017 წლის 29 მაისს სახლიდან გასულ აფგან მუხთარლის თბილისის ცენტრიდან მოიტაცებდნენ. გატაცებიდან მეორე დღეს ის ბაქოში დაკავებული აღმოჩნდა, ისე, რომ მას პასპორტი სახლში ჰქონდა დატოვებული. 

მუხთარლი აზერბაიჯანის ციხიდან მარტში გაათავისუფლეს, რის შემდეგაც ის ცოლთან ერთად საცხოვრებლად გერმანიაში გადავიდა. იმავე პერიოდში ჟურნალისტმა გაიხსენა, რომ ბაქოში ერთ-ერთმა მაღალჩინოსანმა მას უთხრა, რომ მისი გატაცებისთვის ქართულ მხარეს $3 000 000 გადაუხადეს. 

კომენტარები